Accessibility links

რა განაჩენი ელით „პუსი რაიოტის“ წევრებს?


მართლმადიდებელი მღვდელი ხამოვნიკის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც "პუსი რაიოტის" სასამართლო მიმდინარეობს

მართლმადიდებელი მღვდელი ხამოვნიკის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც "პუსი რაიოტის" სასამართლო მიმდინარეობს

მოსკოვის ხამოვნიკის რაიონულმა სასამართლომ პარასკევს უნდა გამოიტანოს საბოლოო განაჩენი პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ საქმეზე. „პუსი რაიოტის“ სამ წევრს თებერვალში მოწყობილი „პანკური ლოცვისთვის“ ასამართლებენ. მათ ბრალად ედებათ ხულიგნობა რელიგიული სიძულვილის გაღვივების მოტივით.

ჯგუფის წევრთა განცხადებით, მათი მიზანი არ ყოფილა მორწმუნეთა შეურაცხყოფა. მათივე მტკიცებით, 21 თებერვალს მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქცია პროტესტის გამოხატულება იყო სახელმწიფოსა და ეკლესიის მეტისმეტად მჭიდრო კავშირის წინააღმდეგ. კერძოდ, ისინი აპროტესტებდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, კირილეს მხარდაჭერას ვლადიმირ პუტინისადმი რომელიც პატრიარქმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოხატა.

პროკურორი „პუსი რაიოტის“ წევრებისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. სასამართლო პროცესს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. „პუსი რაიოტს“ მხარდაჭერა გამოუთქვეს, მაგალითად, ლეგენდარული „ბიტლზის“ წევრმა პოლ მაკკარტნიმ და მომღერალმა მადონამ.

16 აგვისტოს პროცესის კრიტიკოსთა რიცხვს შეუერთდა მიხაილ ფედოტოვიც, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც სასამართლო პროცესს „სამარცხვინო“ უწოდა.

მოსამართლე დაცვის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ რაც ამ საქმესთან დაკავშირებით განუწყვეტლივ მუქარას იღებს.

ახლახან, ლონდონში ვიზიტისას, თავად ვლადიმირ პუტინმაც განაცხადა, რომ ჯგუფის წევრები, 22 წლის ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, 24 წლის მარია ალიოხინა და ეკატერინა სამუცევიჩი „მკაცრად არ უნდა დაისაჯონ“.

1701 „მაინც მგონია, რომ ისინი მკაცრად არ უნდა დაისაჯონ. ვიმედოვნებ, ისინი თვითონაც გამოიტანენ დასკვნებს. თუმცა, საბოლოო განაჩენი, ცხადია, სასამართლომ უნდა გამოიტანოს.“

მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი მარია ლიპმანი ვარაუდობს, რომ ამ საქმისადმი პუტინის რბილი პოზიციის მიუხედავად, სამივე განსასჯელს მსუბუქი განაჩენი არ ელის.

1702 „გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, სასამართლო დარბაზში არ იღებენ. როგორც რუსეთში გახმაურებული ნებისმიერი სხვა პოლიტიკური საქმის შემთხვევაში, განაჩენი აქაც სხვაგან გამოაქვთ. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ან ჯერ არ მიუღიათ ან ჩვენ არ ვიცით მის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში ამ დროისთვის მე ვერ ვხედავ შერბილების რაიმე ნიშანს.“

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და ბლოგერმა ალექსეი ნავალნიმ, რომლის წინააღმდეგ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ლიპმანის მსგავსად, არცთუ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

1703 „ვიცი, რამდენად პოპულარულია პოლიტოლოგებში თვალსაზრისი, რომ კრემლში სულელები და საკუთარი თავის მტრები არ სხედან. რატომ უნდა დააპატიმრონ კიდევ ერთი კაცი და მიიღონ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი? მაგრამ ყველაფერ იმაზე დაკვირვებით, რაც ხდება, დაბეჯითებით ვიცი, რომ მათ დიახაც შეუძლიათ ნებისმიერი ვინმე დააპატიმრონ.“

მაისის თვეში პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ჯარიმის მომატებაზე საპროტესტო აქციებში მონაწილეებისთვის, ინტერნეტზე კონტროლის გაძლიერებაზე და უფრო მკაცრი კანონების შემოღებაზე უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მრავალი რუსის აზრით, „პუსი რაიოტის“ წევრებმა - რომლებიც ხუთი თვეა, პატიმრობაში იმყოფებიან, ციხეში მეტი დრო არ უნდა გაატარონ.

თუმცა, ვლადიმირ ბურმატოვმა, რომელიც კრემლის მხარდამჭერი „ერთიანი რუსეთის“ პარტიის წევრია, განცხადა, რომ ჯგუფის წევრი ქალები უნდა დაისაჯონ მართლმადიდებელი მორწმუნეების შეურაცხყოფისთვის.

„ეს სრულიად შეგნებული საქციელი იყო. მათ კარგად ესმოდათ, სად მიდიოდნენ და რაზე მიდიოდნენ და ამისთვის ემზადებოდნენ კიდეც. და საერთოდ, ის სიტყვები საკუთარ შეცდომებზე მხოლოდ მაშინ თქვეს, როცა მედიასთან ლაპარაკის დრო დადგა. ეს მათთვის შეცდომა არ იყო, ისინი თავიანთ საქმეს აკეთებდნენ.“
XS
SM
MD
LG