Accessibility links

logo-print

ევროკავშირი საქართველოს პროგრესისა და გამოწვევების შესახებ


ირაკლი ღარიბაშვილი, ფედერიკა მოგერინი, იოჰანეს ჰანი

ირაკლი ღარიბაშვილი, ფედერიკა მოგერინი, იოჰანეს ჰანი

ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს შედეგიან ძალისხმევას ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების გზაზე, კვლავაც დახმარების პირობას დებს და ოპტიმისტურ მოლოდინს გამოხატავს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პერსპექტივასთან დაკავშირებით. თუმცა, თუკი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების მიერ გავრცელებული ზეპირი თუ წერილობითი განცხადებებით ვიმსჯელებთ, საქართველოს მეტის გაკეთება მოეთხოვება დემოკრატიული განვითარების პროცესის გასაძლიერებლად.

ერთიან სურათს თუ გადავხედავთ, ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს პროგრესს ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნათა შესრულების პროცესში და, როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანასთან, კვლავაც განაგრძობს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად. სწორედ ამ პროგრესზე ილაპარაკა ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა 16 ნოემბერს, საღამოს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე:

იოჰანეს ჰანი

იოჰანეს ჰანი

„ვფიქრობ, შეგვიძლია კმაყოფილებით გადავხედოთ წარსულს და შევხედოთ იმ დიდ პროგრესს, რომელსაც ჩვენ ორივემ – ევროკავშირმა და საქართველომ – მივაღწიეთ. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით და მის ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ ვულოცავთ საქართველოს იმ მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელიც მან გამოავლინა ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად“.

პროგრესზე ლაპარაკია ასოცირების საბჭოს შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშიც და იქვე ხაზგასმულია, რომ 2014-2017 წლებისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარება, რაც ყოველწლიურად 100 მილიონ ევროს შეადგენს, საშუალოდ. ეს დახმარება გამიზნულია პოლიტიკური, მართლმსაჯულების სისტემისა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისთვის. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკაში ევროკავშირის ინვესტიციების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

თუკი ასოცირების საბჭოს სხდომის კიდევ ერთ თანათავმჯდომარესა და ერთობლივი ბრიფინგის კიდევ ერთ მონაწილეს, ფედერიკა მოგერინის, მოვუსმენთ, ისიც თვლის, რომ საქართველოს შემთხვევაში მნიშვნელოვანი პროგრესი ვლინდება. თუმცა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ახლახან იმყოფებოდა თბილისში, ფიქრობს, რომ მაინც რჩება გამოწვევები და ეს აქცენტი დემოკრატიული განვითარების ჭრილში განიხილება:

„საჭიროა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდი და პატივისცემით აღსავსე პოლიტიკური გარემო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ნაბიჯებისა და განცხადებების თავიდან აცილებისთვის, რომლებსაც საწინააღმდეგო ეფექტი ექნება და ამის შესახებ ჩვენ გასულ კვირაში თბილისშიც ვიმსჯელეთ. საჭიროა გარემო, რომელიც ეფუძნება მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს, კანონის უზენაესობის პატივისცემასა და დამოუკიდებელ სასამართლოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დემოკრატიული, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი არჩევნები. ჩვენ კვლავაც დავეხმარებით საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის დაცვაში“.

ასოცირების საბჭო მიესალმება საქართველოს პროგრესს ვიზების ლიბერალიზაციის გზაზე ძირითადი ეტაპობრივი მიზნების მიღწევის კუთხით, რაც აღინიშნა კიდეც პროგრესის შესახებ კომისიის 2015 წლის მაისის ანგარიშში...

ორშაბათს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ისევე როგორც ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სავიზო ლიბერალიზაციისთვის მოსამზადებელი პროცესის წარმატებით განხორციელებას. როგორც, მაგალითად, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, ის ვერ იწინასწარმეტყველებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ პროცესში „ძალიან პოზიტიური ნიშნები“ ვლინდება.

ამ საკითხზე გამახვილებულია ყურადღება საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც ვკითხულობთ: „ასოცირების საბჭო მიესალმება საქართველოს პროგრესს ვიზების ლიბერალიზაციის გზაზე ძირითადი ეტაპობრივი მიზნების მიღწევის კუთხით, რაც აღინიშნა კიდეც პროგრესის შესახებ კომისიის 2015 წლის მაისის ანგარიშში“. აქვე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკომისიის შემდეგი ანგარიშის მნიშვნელობა, რომლის გამოქვეყნებაც დაგეგმილია 2015 წლის დეკემბერში. ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა რეფორმების, როგორც მიმდინარე საქმიანობის, მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის გააგრძელოს ეს ძალისხმევა“.

ორშაბათის ერთობლივ ბრიფინგზე წარდგა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანათავმჯდომარეობდა ასოცირების საბჭოს მეორე სხდომას და საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბრიუსელში. ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არაღიარების პოლიტიკის ერთგულებისთვის, აქტიური ჩართულობისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ეფექტიანი მუშაობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. სხვათა შორის, ამ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილობით განცხადებაშიც.

საქართველოს მთავრობამ ძალ-ღონე არ დაიშურა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების მისაღწევად. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში...

ორშაბათის ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ იმედებსა და ამ საკითხის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება:

„სავიზო ლიბერალიზაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში. საქართველოს მთავრობამ ძალ-ღონე არ დაიშურა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების მისაღწევად. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში, რის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოს მოქალაქეთათვის ეს გადაწყვეტილება იქნება უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს“.

რაც შეეხება დემოკრატიული განვითარების პროცესს საქართველოში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი მიღწევები აჩვენა მთელ რიგ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიის კონსოლიდაცია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თუ ადამიანის უფლებათა დაცვა, თუმცა მთავრობა კვლავაც მზად არის გააკეთოს მეტი და მიაღწიოს მეტს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომაზე მხარეებმა ისაუბრეს ასევე 18 ნოემბერს განსახილველ დოკუმენტზე, „რომელიც მოიცავს ევროკავშირის ახალ მიდგომას სამეზობლო პოლიტიკისადმი და დიფერენციაციის მნიშვნელობას მაღალი ამბიციების მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა“. ამავე წყაროს ცნობით, გამოთქვეს იმედი, რომ „საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული, მათ შორის, აღმოსავლეთის პარტნიორობის კონტექსტში“.

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭო არის ერთობლივი სტრუქტურა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG