Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატია და უსაფრთხოება ნატოსკენ მიმავალ გზაზე


ალექსანდრ ვერშბოუ
ალექსანდრ ვერშბოუ
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ. მას შემდეგ, რაც ის 28 ივნისს თბილისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში გაემგზავრა. რა საკითხები განიხილეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრისას და რა თემებს მიეძღვნა ბათუმში გამართული უსაფრთხოების კონფერენცია?

უსაფრთხოება ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კიბერუსაფრთხოება, ISAF-ის მისია და სამომავლო გეგმები ნატოს ჩიკაგოს სამიტის შემდეგ - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ. საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ კონფერენციას 29 ივნისს შეუერთდა. კონფერენციამდე ის საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას ე.წ. სამუშაო სადილზე შეხვდა, რომლის შემდეგაც მათ ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარი გააკეთეს:

”მინისტრ ბაჩო ახალაიას და მე სულ ახლახან ძალიან ნაყოფიერი სამუშაო სადილი გვქონდა. განვიხილეთ საქართველო-ნატოს ურთიერთობა, საქართველოს კონტრიბუცია ავღანეთში როგორც ახლა, ასევე მომავალში. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზეც. ეს იყო საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ძალიან კარგი დასასრული”, - ამბობს ალექსანდრ ვერშბოუ.

ასევე ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელმაც ალექსანდრ ვერშბოუს ნათქვამს რამდენიმე სიტყვა დაამატა:

”მეც ორიოდე სიტყვას დავამატებ. ჩვენ საუბარი გვქონდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და მის პერსპექტივაზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ალექსანდრ ვერშბოუ იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე, ჩვენ მათთან ერთად დავიწყეთ ცალკეული რეფორმები, რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენ სწორედ ამ მიმდინარე რეფორმების პროგრესზეც გვქონდა საუბარი”, - ამბობს ბაჩო ახალაია.
მე ვუთხარი, რომ ჩვენი პარტია არ არის საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრე, რადგან ე.წ. პრონატოური და პროამერიკული იმიჯი მიხეილ სააკაშვილისთვის გახდა ერთგვარი ფარი იმისათვის, რომ მას აეშენებინა ავტორიტარიზმი. მე მას მივეცი 103 პოლიტპატიმრისგან შემდგარი სია და, გარდა ამისა, მივაწოდე ინფორმაცია საარჩევნო კოდექსის შესახებ, რომელიც ყველაზე მინიმალურ ევროპულ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს...
კახა კუკავა

თავდაცვის სფეროში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის პროგრესზე და ”ახალ დონეზე” აყვანის შესახებ საუბარი მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ დაიწყო და მას ერთგვარ გაგრძელებად მოჰყვა თებერვლის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლეონ პანეტასთან შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და 20 პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. როგორც მაშინ ბაჩო ახალაიამ განაცხადა, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთერთობის სრულიად ახალი ფაზა დაიწყო:

”თუ ჩვენ აქამდე ფოკუსირებული ვიყავით იმ სამხედრო წვრთნებზე და იმ სამხედრო დახმარებაზე, რომელიც ეთმობოდა ძირითადად ჩვენს იმ ნაწილებს, რომლებიც მონაწილეობენ ISAF-ის ოპერაციაში, ამიერიდან გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიფიქროთ ისეთი სახის დახმარებაზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება მთლიანად შეიარაღებული ძალების განვითარებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.“

დაპირება, რომ საქართველო შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის შეერთებული შტატებისგან მიიღებს დახმარებას და დაპირება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, კვლავაც ძალაშია. თუმცა ამ დანაპირების აღსრულების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა, თუკი ნატოს არაერთი მაღალჩინოსნის სიტყვებს დავეყრდნობით, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

სწორედ წინასაარჩევნო გარემო და დემოკრატიული რეფორმები განიხილეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრისას ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა. პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მანანა კობახიძის თქმით, მან პირადად გააცნო ალექსანდრ ვერშბოუს უკანასკნელ პერიოდში კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები და ჯარიმები კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრებისა და პირადად კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ. პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ მან ალექსანდრ ვერშბოუსთან საუბრისას ყურადღება კოალიციის საგარეო პოლიტიკის კურსზეც გაამახვილა:
მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე

”ჩვენთვის საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუკი რამე გვაშორებს ჩვენ ნატოსგან რეალურად, ეს არის საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე”
, - ამბობს მანანა კობახიძე.

სხვა მიმართულებით მიდის პარტია ”თავისუფალი საქართველოს” საგარეო პოლიტიკური ვექტორი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პარტიის თავმჯდომარემ კახა კუკავამ უთხრა:

”მე ვუთხარი, რომ ჩვენი პარტია არ არის საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრე, რადგან ე.წ. პრონატოური და პროამერიკული იმიჯი მიხეილ სააკაშვილისთვის გახდა ერთგვარი ფარი იმისათვის, რომ მას აეშენებინა ავტორიტარიზმი. მე მას მივეცი 103 პოლიტპატიმრისგან შემდგარი სია და, გარდა ამისა, მივაწოდე ინფორმაცია საარჩევნო კოდექსის შესახებ, რომელიც ყველაზე მინიმალურ ევროპულ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ვუთხარი, რომ თუკი ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება ნატოს შეფასება, ეს საქართველო-ნატოს ურთიერთობაში შეიძლება იყოს გარკვეული შემობრუნების წერტილი. მას ისიც ვუთხარი, რომ უკვე რვა-ცხრა წელია, რაც ყოველ შეხვედრაზე ვიმეორებთ ერთსა და იმავე ტექსტს და არანაირი შედეგი არ არის, რაზეც მან მიპასუხა, რომ არ მეთანხმება და მითხრა, რომ შედეგი არის, რადგან ამ საკითხებს ისინი ხელისუფლებასთან განიხილავენ.”

რაც შეეხება ალექსანდრ ვერშბოუსთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრიდან გამოსული ქართული ოპოზიციის დანარჩენ წევრებს, ისინი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის სიტყვების მოშველიებით, ერთხმად აცხადებენ, რომ ნატოში საქართველოს დროულად ინტეგრაციის საკითხის ერთ-ერთი ტესტი მოახლოებული არჩევნები იქნება.
XS
SM
MD
LG