Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერცხლი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობის წინააღმდეგ


ახალი კვლევების თანახმად, ანტიბიოტიკური პრეპარატებისთვის ვერცხლის დამატებამ შესაძლოა ეს წამლები ბევრად უფრო ეფექტიანი გახადოს. როგორც იუწყებიან, ამ ძვირფასმა მეტალმა შესაძლოა გააძლიეროს პრეპარატების მოქმედების ხარისხი სულ უფრო მეტად რეზისტენტული ბაქტერიების მიმართ.

ანტიბაქტერიული თვისებების გამო ვერცხლი უკვე საუკუნეებია გამოიყენება, თუმცა ამ დრომდე ცოტა რამ თუ იყო ცნობილი იმის შესახებ, მაინც როგორ ახერხებს ეს ძვირფასი მეტალი ინფექციასთან ბრძოლას.

ახლა კი მეცნიერები წერენ, რომ ანტიბიოტიკებში ძალიან მცირე რაოდენობით ვერცხლის დამატება ამ პრეპარატებს 10-დან 1,000-ჯერ უფრო ეფექტიანს ხდის ინფექციებთან ბრძოლის საქმეში.

ამის შესახებ ახლახან დაწერა ამერიკელი მკვლევრების ჯგუფმა, ჟურნალში “Science Translational Medicine”. მათი თქმით, ცდებმა აჩვენა, რომ ვერცხლის დამატების შემთხვევაში ბაქტერიის მემბრანა უფრო იოლად ემორჩილება ანტიბიოტიკების მოქმედებას. ამასთან, მეტალი იწვევს ჟანგბადის რეაქტიული და ხშირად ტოქსიკური კომპონენტების ჭარბწარმოებას - ეს კი, თავის მხრივ, ბაქტერიების კვდომას განაპირობებს.
ვერცხლს უკვე ათასწლეულებია იყენებენ ცალკე მოქმედ ანტიბაქტერიულ საშუალებად - ეს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებთან და ბერძნებთან გვხვდება. ჩვენი კვლევა კი აჩვენებს, რომ ვერცხლის გამოყენება, სავარაუდოდ, სხვა დატვირთვითაც შეიძლება...
ჯიმ კოლინსი

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ბოსტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერმა ჯიმ კოლინსმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ფაქტორები ანტიბიოტიკების ეფექტს რეზისტენტულ ბაქტერიებთან მიმართებითაც ზრდის:

„ვერცხლს უკვე ათასწლეულებია იყენებენ ცალკე მოქმედ ანტიბაქტერიულ საშუალებად - ეს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებთან და ბერძნებთან გვხვდება. ჩვენი კვლევა კი აჩვენებს, რომ ვერცხლის გამოყენება, სავარაუდოდ, სხვა დატვირთვითაც შეიძლება, თუმცა მიზანი კვლავ რეზისტენტულ ბაქტერიასთან ბრძოლა იქნება. ჩვენი წინადადებით, ვერცხლი ძალიან მცირედი რაოდენობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკვე მოქმედი და ფართოდ მოხმარებული ანტიბიოტიკების ეფექტიანობის გასაძლიერებლად“.

კერძოდ, ვერცხლი გრამუარყოფითი ბაქტერიის წინააღმდეგ მოქმედებს - ორიდან ერთ-ერთი ტიპის ბაქტერიაზე, რომლებიც სულ უფრო მეტად რეზისტენტული ხდებიან თითქმის ყველა არსებული ანტიბიოტიკის მიმართ.

გრამუარყოფითი ბაქტერიები იწვევს ისეთ ინფექციებს, როგორიცაა პნევმონია, სისხლის ინფექციები, ჭრილობის ინფექციები და სხვა.

როგორც ვარაუდობენ, მეცნიერები სამომავლო კვლევებით იმის დადგენას შეეცდებიან, თუ რა ფორმით იქნება შესაძლებელი ვერცხლის დამატება ანტიბიოტიკური ტაბლეტებისთვის.
ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორი იქნება ვერცხლის ტოქსიკურობის დონე - მაგალითად, მიაყენებს თუ არა ის ზიანს ადამიანის თირკმლებს ან ღვიძლს. ამან შესაძლოა თავად ანტიბიოტიკიც უფრო ტოქსიკური გახადოს...
რუთ მაკნერნი

კვლევები მოწმობს, რომ ვერცხლის ამ მიზნით მოხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება უსაფრთხო, თუკი მას მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენებენ.

ლონდონის ჰიგიენისა და მედიცინის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი რუთ მაკნერნი ფიქრობს, რომ ანტიბიოტიკებისთვის დამატებამდე მეცნიერებმა ძალიან ფრთხილად უნდა შეისწავლონ ვერცხლის ტოქსიკურობის სპეციფიკა:

„ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორი იქნება ვერცხლის ტოქსიკურობის დონე - მაგალითად, მიაყენებს თუ არა ის ზიანს ადამიანის თირკმლებს ან ღვიძლს. ამან შესაძლოა თავად ანტიბიოტიკიც უფრო ტოქსიკური გახადოს. ამ კითხვებზე პასუხები უფრო გრძელვადიანი გამოკვლევების შედეგების გამოცხადებამდე არ გვექნება, თუმცა საკუთრივ ეს მიმდინარე კვლევა ძალიან საინტერესოა“.

მაკნერნის თქმით, ამ მეთოდის განხორციელების შემთხვევაში ვერცხლის ფასი, ალბათ, არ შექმნის დიდ პრობლემას, რადგან პრეპარატებში ეს ძვირფასი მეტალი მხოლოდ ძალიან მცირედი რაოდენობით თუ იქნება გამოყენებული.
XS
SM
MD
LG