Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია


კენჭისყრის შედეგად, 91 ხმით დაძლია 1 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესისა და საბჭოს მოქმედი შემადგენლობის შეცვლას ისახავს მიზნად. პარლამენტის მიერ 5 აპრილს დამტკიცებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო 23 აპრილს დაადო. საპარლამენტო უმცირესობა თვლის, რომ, პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინების გარეშე, კანონპროექტი სასამართლო სისტემის პოლიტიზებას გამოიწვევს. სხვაგვარად ფიქრობს საპარლამენტო უმრავლესობა.

1 მაისის სხდომაზე დეპუტატებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ საკანონმდებლო პაკეტის ორ ვარიანტს შორის: პირველია ის, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა, ხელმოწერის ნაცვლად, ვეტო დაადო, და მეორე - პრეზიდენტის შენიშვნების შემცველი ვარიანტი. პაკეტი მოიცავს ძირითად კანონს ”საერთო სასამართლოების შესახებ” და მისგან გამომდინარე 3 კანონს.

საკითხის განხილვა 1 მაისის სხდომაზე პრეზიდენტის ”მოტივირებული შენიშვნების” წარდგენით დაიწყო. დეპუტატებს ის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ გააცნო:

”ჩვენ მიერ წარმოდგენილი შენიშვნებით, კანონპროექტით, უფლებამოსილება შეუწყდებათ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და, აგრეთვე, იუსტიციის საჭოს იმ მოსამართლე წევრებს, რომლებიც არ არიან არჩეული მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარეებს, მათ მიეცემათ ვადა არჩევანი გააკეთონ იუსტიციის საბჭოს წევრობასა და სასამართლოს თავმჯდომარეობას შორის.”

სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომლის გარშემოც ვერ შეთანხმდნენ უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები. პარლამენტის მიერ 5 აპრილს დამტკიცებული კანონპროექტით, უფლებამოსილება ვადამდე უწყდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13-ს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინებოდა 23 აპრილს, ”ქართულმა ოცნებამ” იგნორირება გაუკეთა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც გამართლებული არ იქნება მოსამართლეთა მაკონტროლებელი სტრუქტურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის სრული განახლება, რადგანაც ეს შეიძლება მავნე პრაქტიკად იქცეს და ასევე მოიქცეს ყოველი ახალი ხელისუფლება, რაც პროცესის პოლიტიკურ მარწუხებში მოქცევის საფრთხეს ქმნის.

სხვა სადავო საკითხებს შორის თავი იჩინა საკითხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 6 წევრთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოებრივი წრეების წარდგინებით პარლამენტმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს. დამტკიცებული პროექტის მიხედვით, ეს ექვსი წევრი პარლამენტმა ხმების 2/3-ით უნდა დაამტკიცოს, რაც ქმნის უმცირესობის დეპუტატთა ხმების
მოხდება დეტალური განხილვა საკითხების და ის დასკვნა დაიდება რამდენიმე კვირაში და დამერწმუნეთ, რომ ამ დასკვნაში ძალიან ცალსახად იქნება, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ”ქართულმა ოცნებამ”, უმრავლესობამ პარლამენტში, ეს პრინციპები დაარღვია...
აკაკი მინაშვილი
საჭიროებასაც. მაგრამ ჩიხური სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, თუკი პირველ ტურში კანდიდატები 2/3-ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, გაიმართება მეორე ტური, რომლის დროსაც საბჭოს წევრის დასამტკიცებლად 76 ხმა იქნება საკმარისი. ეს პროცედურა შეეხება ექვსიდან ოთხ ადგილს, ხოლო დანარჩენი 2 კანდიდატის შემთხვევაში აუცილებლად ხმათა 2/3 იქნება საჭირო. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, მის მიხედვით, ექვსის ნაცვლად, ოთხი არამოსამართლე წევრი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა. ყველა კანდიდატი ხმების 2/3-ით უნდა დამტკიცდეს, მაგრამ თუ ეს ორი ტურით ვერ მოხერხდა, მაშინ მათი კანდიდატურები დასამტკიცებლად მოსამართლეთა კონფერენციას წარედგინება.

შიდაპოლიტიკურ სივრცეში ხანგრძლივი და მწვავე კამათის ფონზე, გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ პროცესს მთლიანობაში დადებითად აფასებს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო. მისი თქმით, ვენეციის კომისია მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმირების ”კარგ ინიციატივას”, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და ეფექტიანობა. ”ჩანს, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ 23 აპრილს სტრასბურგში, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ჯანი ბუკიკიოს განცხადებას კმაყოფილების საფუძვლად არ მიიჩნევს ”ნაციონალური მოძრაობა”. მაგალითად, როგორც 1 მაისის სხდომაზე აღნიშნა
აკაკი მინაშვილი
აკაკი მინაშვილი
უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა, ეს განცხადება ზოგადი იყო, უფრო კონკრეტულ შეფასებებში ვენეციის კომისია, ოდნავ მოგვიანებით, აუცილებლად ასახავს თავის უკმაყოფილებას:

”მოხდება დეტალური განხილვა საკითხების და ის დასკვნა დაიდება რამდენიმე კვირაში და დამერწმუნეთ, რომ ამ დასკვნაში ძალიან ცალსახად იქნება, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ”ქართულმა ოცნებამ”, უმრავლესობამ პარლამენტში, ეს პრინციპები დაარღვია. ეს არის პრინციპები, რომლებიც ჩვენ უნდა დაგვხმარებოდა კიდევ უფრო დაგვეჩქარებინა ჩვენი ინტეგრაცია დასავლურ სამყაროში - პრინციპები, რომლის ირგვლივაც მთელი ამ 9 წლის განმავლობაში საქართველო არსებობდა”.

აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ ახალ ხელისუფლებას სურს სასამართლო გამოიყენოს ”პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის იარაღად” და რომ სწორედ ამაზე მეტყველებს ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი არ ემსახურება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზანს...
შალვა შავგულიძე

აბსოლუტურად საპირისპირო აზრისაა ”ქართული ოცნება”. პრეზიდენტის ინიციატივას ზეწოლის სადავეების შენარჩუნების ”ცუდად შენიღბულ მცდელობას” უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი შალვა შავგულიძე:

”მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი პროექტი არ ემსახურება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზანს. პირიქით, ის ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ადრე ხელისუფლებაში მყოფი და ამჟამად უმცირესობაში მყოფი პოლიტიკური გუნდის - ”ნაციონალური მოძრაობის - ზეგავლენა როგორმე შენარჩუნებულ იქნეს სასამართლო ხელისუფლებაზე”.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მოახერხებდა, რადგანაც ამისთვის 89 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საკმარისი. 1 მაისს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა 91 ხმით იმ კანონპროექტების მხარდაჭერით დაძლია, რომელიც 5 აპრილს იყო მიღებული. ვეტოს დაძლევამდე პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის შენიშვნების შემცველ ვარიანტსაც და პაკეტში შემავალ თითოეულ კანონს 80-ზე მეტი მოწინააღმდეგე დეპუტატი გამოუჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ხელახლა გადაეგზავნება პრეზიდენტს და ხელმოწერისთვის მას 7 სამუშაო დღე ექნება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG