Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა 3 ივნისამდე უნდა გადაწყვიტოს, ვეტო დაადოს თუ ხელი მოაწეროს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ნეგატიურად შეაფასა ვენეციის კომისიამ. კანონპროექტის ყველაზე სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის ცვლილებასა და მოსამართლეების უფლებამოსილების ვადის შეზღუდვას უკავშირდება.

14 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო კვორუმის გაზრდას. თუ მოქმედი ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომელიც ყველა მოსამართლეს მოიცავს, მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას 9 წევრიდან 6 მაინც ესწრება, შემოთავაზებული ცვლილებებით, დასწრების ვალდებულება 7 წევრამდე გაიზრდება. ამასთან, მოქმედი ნორმით, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მას მხარს უჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, რისთვისაც 4 წევრის მხარდაჭერაც კი საკმარისია. პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით კი, გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმი ფიქსირებულ 6 წევრამდე გაიზრდება. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ ყველაზე მეტად ცვლილებების ეს ნაწილი გააკრიტიკა.

„კვორუმთან დაკავშირებთი ვენეციის კომისია ამბობს, რომ 2/3-იანი კვორუმი არის მაღალი და გადაჭარბებული, რაც ხელს შეუშლის სასამართლოს ეფექტურად ფუნქციონირებას და მისი კონსტიტუციური ფუნქციის სათანადოდ შესრულებას, ანუ, შემოთავაზებული ვერსიის თანახმად, 9-დან 6 მოსამართლე, ანუ სრული შემადგენლობის 2/3-იანი უმრავლესობა, არის საჭირო, რომ გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რის შესახებაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ცალსახად არის ნათქვამი, რომ ეს უნდა შემცირდეს, რათა ეფექტიანად იმუშაოს საკონსტიტუციო სასამართლომ“, უთხრა კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას.

კახა კოჟორიძის თქმით, ვენეციის კომისიამ შენიშვნა გამოთქვა ცვლილების იმ ნაწილზეც, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო მოსამართლის უფლებამოსილების შეზღუდვას მოსამართლეობის ათწლიანი ვადის ამოწურვამდე ბოლო სამი თვის განმავლობაში. ილიას უნივერსიტეტის საკონსტიტუციო კვლევების ცენტრის მკვლევარი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ კანონის ამ ნაწილმა ასევე შეიძლება შეაფერხოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამართული მუშაობა, რადგანაც მოსამართლეები მთელი სამი თვის განმავლობაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას საქმეთა არსებით განხილვაში:

„ესე იგი ბოლო სამი თვე მათ, ვისაც ეწურება ვადა (და ასეთი არის ცხრიდან ოთხი მოსამართლე), აღარ ექნებათ საშუალება არსებითად განიხილონ საქმეები. ეს გამოიწვევს იმას, რომ ბოლო სამი თვე (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) პლენუმი ვერ განიხილავს ვერც ერთ საქმეს, ვინაიდან 9-ს რომ გამოვაკლოთ 4, არის 5, ხოლო პლენუმი უფლებამოსილია მაშინ, როცა მას 7 ადამიანი ესწრება. შესაბამისად, ბოლო სამი თვის განმავლობაში პლენუმის განსახილველი საკითხები რჩება ჰაერში და არსებითად არც ერთი საკითხის განხილვის საშუალება არ აქვს“.

გიორგი მუმლაძის თქმით, ვენეციის კომისიის კიდევ ერთი შენიშვნა შეეხება სადავო ნორმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების მექანიზმის გართულებას.

„მაგალითად, გავასაჩივრე სისხლის სამართლის კოდექსიდან რომელიმე ნორმა. თუ დავასაბუთებ, რომ ეს ნორმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მომაყენებს გამოუსწორებელ ზიანს, სასამართლოს კოლეგიას ჩვეულებრივ შეეძლო ეს ნორმა შეეჩერებინა დასაბუთებული მტკიცებულებების საფუძველზე, რაც ჩემი, როგორც მოქალაქის, დაცვის ეფექტიანობას ზრდიდა. ახლანდელი მოცემულობით, ამ ნორმის შეჩერების უფლება ერთმევა კოლეგიას და ესეც პლენუმს გადაეცემა, ანუ ექვსი მოსამართლის მხარდაჭერა მჭირდება იმისთვის, რომ ნორმა შეჩერდეს გარკვეული ვადით“, უთხრა გიორგი მუმლაძემ რადიო თავისუფლებას.

გარდა ამისა, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის ოთხი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის უფლებამოსილებების ჯეროვან განხორციელებას - კოლეგიის თითოეული მოსამართლე, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს საქმის პლენუმისათვის გადაცემა, რაც საფრთხეს უქმნის კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად მიღებას. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის, თქმით, კანონპროექტის მიღებით ხელისუფლება ცდილობს შეამციროს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობა:

„ეს ცვლილება მიმართულია იქითკენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია გახდეს უმოქმედო არჩევნების წინ და „რუსთავი ორის“ პროცესთან მიმართებაში. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს ცვლილებები და ეს კანონი არ იქნეს მიღებული“.

იმისათვის, რომ კანონი არ იქნეს მიღებული, პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს ვეტოს უფლება, ხოლო პარლამენტმა ვერ უნდა დაძლიოს ვეტო, რისთვისაც 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საკმარისი, თუმცა, როგორც ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატის ეკა ბესელია, ამბობს, ვეტოს საფუძველი არ არსებობს:

„წინასწარი მოსაზრება, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოგვიგზავნა, გვიჩვენებს, რომ ჩვენ მიერ მიღებული ცვლილებების უმრავლესობა არის მოწონებული და მხარდაჭერილი. პირდაპირ წერია, რომ ეს აძლიერებს საკონსტიტუციო სასამართლოს. ასეთი არის 8-9 პუნქტი, რაც არის მნიშვნელოვანი. არის, ალბათ, სამი საკითხი, რომლებზეც არის განსხვავებული მოსაზრება. ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ“.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში არ მალავენ, რომ 14 მაისს მიღებული იქნა პრინციპული გადაწყვეტილება. შესაბამისად, ვეტოს შემთხვევაში პარლამენტი შეეცდება მის დაძლევას. აპირებს თუ არა პრეზიდენტი ვენეციის დასკვნის საფუძველზე ვეტოს უფლების გამოყენებას? ამ კითხვაზე პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ რადიო თავისუფლებას უპასუხა:

„რამდენად გახდება ეს შენიშვნები ვეტოს საფუძველი, ამას პრეზიდენტი გადაწყვეტს. პრეზიდენტს მანამდეც ჰქონდა კრიტიკული შენიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა ის შენიშვნა, რაც ჰქონდა პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას, გაიზიარა ვენეციის კომისიამ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG