Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ დოლიძე - პარლამენტის დეპუტატი


22 სექტემბერი, კვირა
ჩემთვის კარგა ხანია, დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს, ორშაბათი იქნება თუ კვირა, მაგრამ ვცდილობ, კვირა ოჯახს დავუთმო, განსაკუთრებით - ბავშვებს. ბოლო პერიოდში ძალიან რთულად გამომდის ეს ამბავი, მათთან ურთიერთობა. ვატყობ, დღითიდღე რომ იზრდებიან, უფრო მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. ამიტომ, შაბათ-კვირას მაინც, ვცდილობ, დრო მათ დავუთმო.

დღეს თბილისში ვარ, განსხვავებით წინა დღეებისგან. მივლინებაშიც არ მომიხდა წასვლა. სპეციფიკის მიხედვით, ძირითადად ან ბრიუსელში ვარ, ან ქუთაისში. მიხარია, რომ ის ორი დღე, როცა თბილისში ვარ, შაბათ-კვირას ემთხვევა - ბავშვებთან კომუნიკაცია, გასვლა, გამოსვლა...

ფეხბურთი მიყვარს ძალიან! ბავშვობიდან ვთამაშობდი, ათი წელი, და როცა ვახერხებ, აუცილებლად გავდივარ სათამაშოდ მეგობრებთან ერთად. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ათასში ერთხელ ხდება.

საღამოს სამუშაო მაქვს, რადგან ხვალ სტუმრები ჩამომდიან ევროპარლამენტიდან, სახალხო პარტიის წარმომადგენლები. ვიფიქრებ, თუმცა ამას ბევრი ფიქრი არც სჭირდება: რასაც ვლაპარაკობთ, აბსოლუტურად გულწრფელი ვართ. მაგრამ ყველაფრის მომზადება მაინც საჭიროა და ამიტომ საღამოს ერთ-ორ საათს დავუთმობ ამ საქმეს.

23 სექტემბერი, ორშაბათი
დღეს უნდა წავსულიყავი ქუთაისში, რადგან საგანგებო სხდომების კვირა დაგვეწყო, მაგრამ წასვლას ვერ ვახერხებ. თბილისში მყავს სტუმრები ევროპარლამენტიდან, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები. ეს არის ხალხი, ვინც, ძირითადად, გვაკრიტიკებს ხოლმე... ნაციონალურ მოძრაობას Sister Party-ს ეძახიან. მე, დათო უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე მივდივართ რესტორან „კოპალაში“, სადაც ლანჩი გვაქვს სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან, ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდ კრიტიკოსებთან ევროპაში. ყოველთვის კარგია კრიტიკა, მაგრამ ის უნდა იყოს ჯანსაღი, სწორი და მიუკერძოებელი. ხანდახან ნერვები გეშლება, მაგრამ რას იზამ, ჩვენი საქმე ეს არის, უნდა მოვუაროთ. საინტერესო შეხვედრაა. ყოველთვის საინტერესოა, ოპონენტს რომ უსმენ. თანამოაზრესთან შეიძლება რაღაცის ანალიზი გააკეთო, მაგრამ სიღრმეში ვერ წახვიდე. აქ ეს გვიხდება და კარგია.

ხვალ უნდა წავიდე ქუთაისში - საგანგებო სხდომებია. ამიტომ დღეს მინდა, მაქსიმალურად გამოვიყენო დრო უწყებებში მისასვლელად. ეს უწყებებია საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სადაც ბუკა პეტრიაშვილია მინისტრი, რომელიც აუცილებლად უნდა ვნახო. ჩვენ პირდაპირი შეხება გვაქვს და წლის ბოლომდე ძალიან ბევრი რამეა დასაგეგმი, საფიქრალი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი წელი გვაქვს.

ბუკასთან ვიყავი, ალბათ, ორი-სამი საათი; მერე გადავინაცვლე საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სხვა კოლეგებთან ერთად დავგეგმე 7 ოქტომბრის ღონისძიება. 7 ოქტომბერს ვაპირებთ დიდი კონფერენციის ჩატარებას სახელწოდებით Georgia Before Vilnius, სადაც ვილნიუსის სამიტამდე მოვიწვევთ ვიშეგრადისა და ბალტიის ახალინტეგრირებული ქვეყნების, ასევე ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეებს და, ასე ვთქვათ, ჩემს კოლეგებს - კომიტეტების თავმჯდომარეებს. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს: ბევრს ვფიქრობთ, ვინ ჩამოვა, ვინ ვერ ჩამოვა, როგორ მოხერხდება ყველაფერი და ასე შემდეგ. კარგი შეხვედრა იყო საგარეოშიც, შედეგიანი. ახლა უნდა წავიდე იუსტიციის სახლში, რომელიც პარლამენტარებისთვის შეხვედრისა და მუშაობის ერთადერთი ადგილია თბილისში. ყოველ შემთხვევაში, საამისო პირობები არის, რამდენიმე ოთახია. ხან დათოს სათათბირო ოთახს ვიყენებთ, ხან საკონფერენციო დარბაზებს. ვსხდებით და ვმუშაობთ. საკმაოდ კარგად ვითათბირეთ, გავიარე სამუშაო დღე აპარატთან ერთად.

ბავშვებს განსაკუთრებით უხარიათ, სახლში რომ ვბრუნდები. იშვიათად მხედავენ, განსაკუთრებით „ქუთაისის პირობებში“. ახლა ვფიქრობთ, რომელ სპორტზე შევიდეთ. უფრო სწორად, განსაზღვრული გვაქვს და კვირის ბოლომდე გადავწყვეტთ. ნინის ძალიან უნდა ბალეტი, 5 წლისაა. თამუნას ძალიან უნდა, რომ გიორგი, ჩვენი უფროსი ბიჭი, წყალბურთზე შევიდეს. მეც მინდა წყალბურთი, მაგრამ ბავშვი გიჟდება „ბარსელონაზე“ და ფეხბურთზე...

24 სექტემბერი, სამშაბათი
დღესაც ვერ მოვახერხე ქუთაისში წასვლა. NDI-სთან ერთად დავგეგმე ერთგვარი წლიური ანგარიშის მიწოდება სამოქალაქო სექტორისთვის და ჟურნალისტებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი წელია და თავს ვალდებულად ვთვლი, ხალხს გავაგებინოთ, რასთან გვაქვს საქმე, რას ვაკეთებთ, რა სტადიაზე ვართ ვილნიუსის სამიტამდე, რას ვაპირებთ მერე და ასე შემდეგ. მოვიდნენ ბუკა, თამრიკო ბერუჩაშვილი, პაპუნა ჯანელიძე. პირველი პრეზენტაციაა ლუის ნავაროსთან ერთად. შესავალი გავაკეთე, ვისაუბრე ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეხება.

ძალიან რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ერთი წელი გამოვიარეთ. რატომღაც ვფიქრობ, რომ წინ კიდევ უფრო რთული წელი გველის: შეთანხმებას სჭირდება არა მარტო პარაფირება, ხელმოწერა და სამართლებრივი პროცედურები, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, სჭირდება იმპლემენტაცია. ამის გარეშე გინდ მოგიწერია ხელი და გინდ - არა. მე რასაც ვუყურებ და რასაც ყველაზე მეტად განვიცდი, ის არის, რომ მენტალობის რაღაც ტრანსფორმაცია თუ არ განვიცადეთ, მარტო ის, რომ არჩევნებით შევცვალეთ ხელისუფლება, მარტო ის, რომ გვაქვს ჯანსაღი მისწრაფებები და რაღაც ერთგვარი გეგმა-გრაფიკი როგორ და რანაირად მივდივართ წინ, არ გვიშველის. ამას სჭირდება შეგნებული ადამიანები, რაც ჩვენს ერს, მადლობა ღმერთს, ყოველთვის ჰყავდა და ამით გაგვიტანია ეს ამდენი ათასწლეული, ამდენი გაჭირვების მიუხედავად დღემდე ვარსებობთ. დამოუკიდებელი, თავისუფალი ცხოვრება კარგა ხანია, არ გვქონია, შეიძლება კომუნისტურმა თუ პოსტკომუნისტურმა პერიოდმაც მოგვწამლა...

სიტყვა „სამშობლო“ ცხრა წელია არ უხმარიათ. ჰგონიათ, რომ ქვეყანა მხოლოდ რაღაც ტერიტორიაა. ახლა მაქვს შეგრძნება, რომ განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა ამ მხრივ და ყველაფერი ერთად წამოტივტივდა და ახლა ამასთან გამკლავება გვიწევს ყველას. ფილოსოფიურ ლირიკაში გადავვარდი, მაგრამ, რასაც ვუყურებ, ეს არის მთავარი გამოწვევა. თორემ ის, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე დავასრულეთ მოლაპარაკება, ძალიან კარგია; ის, რომ ვილნიუსში ნოემბრის ბოლოს მოხდება პარაფირება ასოცირების შესახებ შეთანხმებისა, კარგია; ის, რომ მოვახდენთ პოლიტიკურ ასოციაციას და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში და არ შევალთ ევრაზიულ კავშირში ან პოსტკომუნისტური ორგანიზაციული სახის სხვა წარმონაქმნებში, კარგია - ორი აზრი არ არის! მაგრამ ამას ჩვენ ვიღაცისთვის არ ვაკეთებთ, ეს უნდა გავიგოთ. ხშირად ვამბობთ, აი, ჩვენ homework-ს, ეგრეთ წოდებულ საშინაო დავალებას, ვასრულებთო. არაფერსაც არ ვასრულებთ! ჩვენი საშინაო დავალებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი კეთილდღეობისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის ზრუნვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს საშინაო დავალება არ არის. ეს არის ის, რაც ვალდებული ვართ, ყველამ ერთად ვაკეთოთ. მაგრამ სანამ თითოეული მოქალაქე არ მივა იქამდე, რომ - ხელისუფლებაში არის თუ არ არის - ანგარიშვალდებულია თავისი ქვეყნის წინაშე, ეს პასუხისმგებლობა თუ არ ექნება, მანამდე არაფერი გვეშველება.

მე და ირაკლი ალასანია ვიყავით ახალგაზრდა „თავისუფალი დემოკრატების“ დაბადების დღეზე სასტუმრო „ბეტსიში“, სადაც მივულოცეთ მათ ეს დღე, გამოვედით სიტყვით. ირაკლი იყო, ქადაგიშვილი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ჩვენი მეგობრები პარტიიდან. მივულოცეთ ახალგაზრდებს, ძალიან კარგები არიან!

ეს დღეც დამთავრდა. ვცდილობ, ადრე დავიძინო, რადგან 7 საათზე ფეხზე უნდა ვიყო.

25 სექტემბერი, ოთხშაბათი
დილით ადრე ავდექი. პატარა დაუგეგმავი შეხვედრა მქონდა. შემდეგ ჩავსხედით მანქანაში და წამოვედით ქუთაისში. ანალოგიური ანგარიში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ჩავაბარე, უნდა ჩამებარებინა პარლამენტისთვის. რეგლამენტის მიხედვით გაწერილია, რომ კომიტეტების თავმჯდომარეები ვალდებული ვართ, წელიწადში ერთხელ ვაკეთოთ ამგვარი ანგარიში. ჩემს კომიტეტს განსაკუთრებულად დატვირთული გრაფიკი აქვს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვიკრიბებით, ბევრი რამ ხდება.

ჩავაბარე ანგარიში პარლამენტს. ძალიან კარგი დღე იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იყო კენჭისყრებიც. 100-150 კანონი ერთად უნდა შევცვალოთ, რადგან იცვლება კონსტიტუცია და პრემიერის უფლებამოსილებაში გადავა ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც აქამდე პრეზიდენტს ეხებოდა. ამავე დროს, გვინდა პარლამენტის როლის გაძლიერება.

26 სექტემბერი, ხუთშაბათი
გავიღვიძე. პარლამენტში კომიტეტების სხდომები იყო დაგეგმილი. ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა. ნაყოფიერად იმუშავა თავდაცვის კომიტეტმა, კანონებს ცვლიან. დანარჩენი საკომიტეტო მუშაობაა თავიდან ბოლომდე, თედოსთან ერთად, რა თქმა უნდა. ან ის არის ჩემთან, ან მე ვარ მასთან. ვსაუბრობთ ბევრს ამერიკასა და ევროპაზე, ვაანალიზებთ, ვგეგმავთ, რა გავაკეთოთ და როგორ. თინასთან ერთად ვგეგმავთ, ბუნებრივია.

ნატა საბანაძეს ველაპარაკე, ჩვენს ელჩს ბელგიაში. ძალიან აქტიური, ჭკვიანი და კარგი გოგოა.

ვესაუბრე ჩემს ძმას, ისიც ბრიუსელშია ახლა. ერთი მხრივ, კარგია, მიხარია, რომ იქ არის, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო პოსტია და ღმერთმა ხელი მოუმართოს ნატოში ჩვენი შესვლის საქმეში. ბავშვები და ქეთი, ჩემი რძალი, ძალიან მენატრებიან. ჩვენც ძალიან ხშირად გვიწევდა მოგზაურობა: ჩემი ბიჭი, გიორგი, ბრიუსელში დაიბადა, ნინი - ვენაში. იმ პერიოდში ნატოში ვმუშაობდი, ბრიუსელში. 2001 წელს ჩავედი და 2002-ში დაიბადა გიორგი. შვილები, ძმისშვილები მუდმივად მენატრება! მეუღლე კიდევ ცალკე თემაა...

მაინც ბედნიერი ვარ, მიუხედავად არაერთი რთული გადაწყვეტილების მიუხედავად. ბოლო ოთხი წელი ძალიან მძიმე იყო, უამრავი პრობლემა მქონდა. მაგრამ ეს პერიოდი გავიარე, გავიარე ოჯახთან ერთად. ჩემების, უპირველეს ყოვლისა, თამუნას ხელშეწყობის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. ბუნებრივია, დედაჩემიც ჩემ გვერდითაა... მამა ძალიან ახალგაზრდა გარდამეცვალა. რაც ჩვენში კარგია, ყველაფერი დედაჩემის დამსახურებაა, აბსოლუტურად ყველაფერი. მუდამ ძალიან თავგამოდებული, თავგადადებული იყო ერთ რამეზე – ჩვენს სწავლა-განათლებასა და აღზრდაზე. ახალგაზრდა დედა მყავს, ვმეგობრობთ ძალიან, ლამაზი და კარგი ადამიანია.

27 სექტემბერი, პარასკევი
ძალიან რთული დღეა. ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე არა მარტო ჩემთვის, არამედ, ალბათ, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის - სოხუმის დაცემის დღე. იმდენი ცრემლი, იმდენი სატკივარი, იმდენი უბედურება... არ მეგულება ადამიანი, რომ ეს არ სტკიოდეს.

დილით, რა თქმა უნდა, პარლამენტში მივედი - ბიუროს სხდომა, საკომიტეტო მოსმენები. სხდომას მანანა კობახიძე თავმჯდომარეობდა. დათო თბილისში წავიდა. სტრასბურგში გამგზავრებას გეგმავს. მანანამ მოგვიწოდა, გმირთა მემორიალთან წავსულიყავით. სხდომის დაწყებამდე, ბიუროდან პირდაპირ მემორიალთან წავედით. მერე ოპოზიციის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. რა თქმა უნდა, ამ საკითხში ყველა ერთად ვართ.

მერე სხდომა გაიმართა. უნდა გაგვეტანა კანონი პოლიციის შესახებ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ვერ ვთანხმდებით ამასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დემოკრატიული, ძალიან კარგი, როგორც არასდროს, ისეთი, კანონი გვაქვს. რაღაც ხარვეზები კიდევ არის, მაგრამ ჩვენ არც ვამბობთ, რომ ყველაფერში მართლები ვართ და გინდა თუ არა, ზუსტად ამ სახით უნდა მივიღოთ...

ძირითადად საკანონმდებლო მუშაობით ვიყავით დაკავებული. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ პოლიციის კანონს, ალბათ, მომავალი კვირის ბიუროს სხდომებზე განვიხილავთ.

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ რთული დღე იყო, თან ჯვართამაღლებაა. ჩვენც მივულოცეთ ერთმანეთს. ოთარ ჩრდილელმა, ჩვენმა დეპუტატმა, მეგობარმა, ცოლი მოიყვანა და ეს მოვლენა მის დაბადების დღეს დაემთხვა. 27 სექტემბერი მისი დაბადების დღეც არის. როგორც თვითონ თქვა, ბოლო 20 წელია, არ გადაუხდია. დღეს 39 წლის გახდა. აი, წელს გადავიხდი და მოლხენაც მინდაო, გვითხრა. რა თქმა უნდა, ტრაგიკული დღეა, მაგრამ მინდა გადავაქციო გაერთიანების, შერიგების, სიყვარულის დღედო; ხომ შეიძლებოდა, შაბათს გამეკეთებინა, მაგრამ არა, მინდა 27 სექტემბერს გავაკეთო და ამ დღეს სიმბოლური დატვირთვაც მივცეო...

28 სექტემბერი, შაბათი
ქუთაისიდან გამთენიისას ჩამოვედი, ოთხის ნახევარზე. დღეს ირაკლი ალასანიას მამის, მამია ალასანიას გარდაცვალების 20 წლისთავი გვაქვს. ძალიან მძიმე დღეა. მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება და ბიჭებმა გადავწყვიტეთ, უფროს თაობასთან ერთად შევიკრიბოთ. სადაც უნდა შევხვდეთ მათ, ძალიან ბევრს ვსწავლობთ ყოველთვის... მიხარია, რომ კარგი დღე გამოვიდა.
XS
SM
MD
LG