Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი: უკრაინელთა ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლაც არის


სამშაბათს, შეერთებული შტატების მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაშიმი მდინარე კონფლიქტი მშვიდობიანი და თავისუფალი ევროპისთვის ბრძოლის ველად იქცა.

“ყველამ ვიცით, რომ უკრაინელთა ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლაც არის,” თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას. იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, რუსეთის საპასუხოდ სამოქმედო გეგმების ვარიანტებს იხილავს, ნულანდი მსმენელის წინაშე შეურიგებელი განცხადებებით წარდგა.

ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა. მან უკრაინაში მზარდი ძალადობის გამო პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისრა.

ყოფილი საგანგებო ელჩი პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებში, სტივენ სესტანოვიჩი, მიმდინარე პროცესებს რუსეთისა და ნატოს მზარდ დაპირისპირებად აღიქვამს. “ეს დაპირისპირება უფრო ხანგრძლივი იქნება და პოლიტიკური თვალსაზრისით, უფრო მეტად დააზიანებს ყველა მხარეს,” -უთხრა სესტანოვიჩმა “ამერიკის ხმას”. “პუტინმა და დასავლელმა ლიდერებმა საკუთარი თავი დაარწმუნეს, რომ უკრაინის მოვლენები წყალგამყოფია და უკან დაბრუნება შეუძლებელი,“ - თქვა მან.

ნულანდმა აღნიშნა, რომ მოკავშირეთა ძალები პოლონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სივრცეში იმყოფებიან და რომ უკრაინის კრიზისის განმავლობაში პირველად, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები ევროპის აღმოსავლეთის საზღვრებთან მზადყოფაშია მოყვანილი.

“წინა ხაზზე მყოფ ექვსივე ქვეყანაში (პოლონეთი,რუმინეთი, ბულგარეთი და ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო) უნდა განთავსდეს კონტროლისა და მართვის ცენტრები. ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანაა აგრესიის თავიდან აცილება, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, მზად უნდა ვიყოთ.”

სესტანოვიჩი ამბობს, რომ ბევრი ექსპერტი, მისი ჩათვლით, კონფლიქტის მასშტაბებს სათანადოდ ვერ აფასებდა. “ვფიქრობდი, რომ პუტინისთვის საღი გადაწყვეტილება იქნებოდა კონფლიქტის ესკალაციისაგან თავის შეკავება, დასავლეთთან დაპირისპირების თავიდან აცილების სანაცვლოდ, თუმცა შევცდით.”

რუსეთი დღემდე აცხადებს, რომ ძალისმიერი მეთოდებით კონფლიქტი ვერ მოგვარდება. მოსკოვი მოუწოდებს კიევს, სეპარატისტებთან მოლაპარაკებები აწარმოოს. მეამბოხეები კი რუსეთს დონეცკის ოლქის მიერთებას სთხოვენ.

ვიქტორია ნულანდს არაფერი უთქვამს, აპირებს თუ არა ვაშინგტონი კიევისთვის იარაღის მიწოდებას. “ჩვენ ძალადობის დასრულება გვსურს, მაგრამ თუ ჩვენ თავშეკავებულ მოქმედებას მეორე მხარე თავშეკავებითვე არ პასუხობს, უნდა გადავხედოთ, თუ რას ვაკეთებთ. კონფლიქტის დასრულება მარტივია. როგორც კი რუსეთი უკრაინას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების კონტროლის საშუალებას მისცემს, სიტუაცია გაუმჯობესდება. ქვემეხები დადუმდებიან, დევნილები შინ დაბრუნდებიან, სანქციები გაუქმდება და ბრძოლა, რომელსაც მოსკოვი უკრაინის შიდა პრობლემად წარმოაჩენს, მართლაც კიევის საშინაო გამოწვევად გადაიქცევა.”

XS
SM
MD
LG