Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი: „საქართველო გაძლიერდა და წინ მიიწევს“


ვიქტორია ნულანდი და ირაკლი ღარიბაშვილი
ვიქტორია ნულანდი და ირაკლი ღარიბაშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის საქართველოში ვიზიტი 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში კი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უმცირესობის ლიდერსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ოფიციალური ცნობით, შეხვედრებზე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი განიხილებოდა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან განსახილველ საკითხებს შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, იყო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები და ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის განვითარების მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრის თემატიკაზე მოგვიანებით თავად პრეზიდენტმაც ისაუბრა:

“ჩვენ ვისაუბრეთ უაღრესად საინტერესო მომავალი წლის შესახებ, როდესაც საქართველომ უნდა გადადგას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი საერთაშორისო განვითარების გზაზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმ უაღრესად საინტერესო და მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უნდა გაღრმავდეს ქართველ და ამერიკელ საზოგადოებას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის, იმ ქარტიის შესახებ, რომელიც გვაძლევს ბევრი თანამშრომლობის შესაძლებლობას და ფორმატს“.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ სტუმართან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი 2014 წლის შემოდგომაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის განზრახვას და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას ხელშეკრულების ხელმოწერის წინ.

შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები, ამერიკელების წვლილი და თანამომაწილეობა ამ რეფორმებში, ჩვენი ავღანეთში ერთობლივი ოპერაციები და ვისაუბრეთ, როგორ გაგრძელდება ეს ოპერაცია უკვე 2014 წლის შემდეგ...
ირაკლი ალასანია
ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობა და ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად ვიქტორია ნულანდის თბილისში გამართული შეხვედრების მთავარი ლაიტმოტივი იყო. ამ თვალსაზრისით სიმბოლური გამოდგა მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საჭირო პანდუსის გახსნა. საზეიმო ცერემონიალზე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში შესამჩნევ პროგრესს ხედავს:

“მე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და ვხედავ შესამჩნევ პროგრესს, რომელიც განიცადა თქვენმა ქვეყანამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში, არამედ ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ თანამდებობის დაკავებას და კვლავ ვადასტურებ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შუწყოს საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას“.

ვიქტორია ნულანდმა ირაკლი ღარიბაშვილს ასევე გადასცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მილოცვაც; შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პანდუსის გახსნის ცერემონიალზე კი განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსა და ქართველი ჯარისკაცების წვლილი ნატოს ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო მისიის რიგებში. ეს თემა წამყვანი იყო თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან გამართულ შეხვედრაზეც.

“შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები, ამერიკელების წვლილი და თანამომაწილეობა ამ რეფორმებში, ჩვენი ავღანეთში ერთობლივი ოპერაციები და ვისაუბრეთ, როგორ გაგრძელდება ეს ოპერაცია უკვე 2014 წლის შემდეგ. დიდი მადლობა გადაგვიხადეს ჩვენი ამხელა მხარდაჭერისთვის და ასევე ვისაუბრეთ ნატოზე, ნატოს პერსპექტივებზე. იცით, რომ მომავალ წელს სამიტია. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქალბატონმა ნულანდმა, რომ არის მხარდამჭერი საქართველოს გაწევრიანების“, აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ვთქვი, რომ პარლამენტის როლი ნამდვილად გაიზარდა და მნიშვნელოვანია, რომ დაბალანსების სისტემა არსებობს ქვეყანაში. ასევე ვსაუბრობდი მედიის თავისუფლებაზე-აქაც მართლა პროგრესი შეიმჩნევა. ვისაუბრე ასევე 2013 წლის არჩევნებზე, რომელიც მართლაც სამართლიანი და თავისუფალი იყო...
ეკა გიგაური
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესზე, ქვეყნის განვითარების დინამიკასა და არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან მოისმინა. საუბრის თემა იყო როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით უკვე მიღწეული შედეგები, ისე არსებული გამოწვევები:

“ვთქვი, რომ პარლამენტის როლი ნამდვილად გაიზარდა და მნიშვნელოვანია, რომ დაბალანსების სისტემა არსებობს ქვეყანაში. ასევე ვსაუბრობდი მედიის თავისუფლებაზე-აქაც მართლა პროგრესი შეიმჩნევა. ვისაუბრე ასევე 2013 წლის არჩევნებზე, რომელიც მართლაც სამართლიანი და თავისუფალი იყო. რაც შეეხება პრობლემატურ საკითხებს, აქ საუბარი იყო უმცირესობების უფლებების დაცვაზე, რომელშიც უფრო ეფექტური უნდა იყოს ხელისუფლება“, განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართალდამცავ უწყებებზე ეფექტური მონიტორინგის მექანიზმები უნდა შეიქმნას.

დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თავად ვიქტორია ნულანდმა გამოწვევებს შორის დაასახელა უმცირესობების უფლებების დაცვა, ანგარიშვალდებული და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და ეკონომიკის ზრდა. მანვე განაცხადა, რომ საქართველოში ორი მიზეზის გამო იმყოფება: ეს მიზეზებია ქვეყნის მიერ ჩატარებული დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მედიასთან აღნიშნა ისიც, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და მოუწოდებს ყველა მხარეს ერთად მუშაობით უზრუნველყონ საქართველოს შემდგომი განვითარება. გზავნილი კი, რომელსაც ვიქტორია ნულანდი ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიღებს, მისი თქმით, არის ის, რომ საქართველო გაძლიერდა და წინ მიიწევს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი 6 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა უკრაინიდან, სადაც იგი ეუთოს მინისტერიალში ღებულობდა მონაწილეობას. თბილისიდან იგი მოსკოვში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG