Accessibility links

logo-print
26-31 აგვისტოს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ”მსოფლიო წყლის კვირეული - 2012” გაიმართა. წლევანდელი წყლის კვირეულის მთავარი თემა წყლისა და საკვების უსაფრთხოება გახლდათ. მიუხედავად დამკვიდრებული აზრისა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, არაერთი სოფელი უჩივის უწყლობას. ერთ-ერთი ასეთი სოფელი, ახალი სამგორი, თბილისიდან არც ისე შორს, ქალაქ რუსთავთან მდებარეობს. როგორც სოფლის მოსახლეობა იხსენებს, ოცდაათი წელი იქნება, მათი ონკანებიდან სასმელი წყალი არ წამოსულა. სამგორელები წყალს დღემდე ყიდულობენ, ე.წ. მეორადი, სარეცხად და დასაბანად ვარგისი წყლის რიგში კი საათობით დგანან. პრობლემაა სარწყავი წყალიც, რის გამოც სოფლის მოსახლეობის ნაკვეთები გადამხმარია. სამგორელები მწვანილსაც კი ბაზარში ყიდულობენ.

ახალი სამგორისაკენ მიმავალ ხრიოკ გზას ძლიერი ქარი ამტვერებს. შუადღეა, ზაფხულის სიცხეს ყველა ჩრდილში ემალება. მხოლოდ აქა-იქ ვხვდებით კანტიკუნტად სოფლის მცხოვრებლებს. სოფლის შესასვლელში, პირველ უბანში, როგორც ახალი სამგორის ამ ნაწილს უწოდებენ, წყაროსთან ვჩერდებით. წინასწარ ვიცით, რომ სოფელს წყლის პრობლემა წლებია აწუხებს. მაინც ვამოწმებთ. წყალი არ მოდის. წყაროდან მოპირდაპირე სახლის ეზოსაკენ რეზინის შლანგები მიიკლაკნება, სარწყავ მოწყობილობას ჰგავს. მალე შარაგზაზე მათი პატრონი, მიხეილ ბექაურიც გამოჩნდება. ის ამ სოფელში 12 წლიდან ცხოვრობს. ეს ის დროა, როცა სოფელს სასმელი წყალიც ჰქონდა და სარწყავიც, მაგრამ ის ბედნიერი დრო წლებია წარსულს ჩაბარდა:

”სასმელი წყალი ისეთი ნაკადით მოდიოდა, ონკანი რომ ბოლომდე მომეშვა, ვედროს წამართმევდა სიმძლავრე, მაგრამ მერე გაქრა წყალი, მოჩვენებასავით იყო. ახლა არც სასმელი წყალია და არც სარწყავი.”
ცოტა ხნის წინ სართიჭალიდან გამოიყვანეს წყალი, ვითომ დასალევად, მაგრამ უვარგისია. ლაბორატორიაშიც შეამოწმეს და გვითხრეს, უნდა გადაადუღოთ, გააციოთ და მერე დალიოთო. კი გვპირდებიან, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ რა ვიცი, ჯერ შემსრულებელი არავინ ჩანს...

სამ უბნად დაყოფილი ახალი სამგორი დიდი სოფელია. სასმელი წყალი არც ერთ უბანში არ მოდის. ხალხი უკვე წლებია წყალს ყიდულობს. სამ-ოთხ დღეში ერთხელ წყლით დატვირთული მანქანა ჩამოივლის ხოლმე და რიგიც დგება:

”სასმელ წყალს ვყიდულობთ. ცისტერნით მოაქვთ. უნდა ნახოთ საღამოს რა ამბავია ხოლმე: გამწკრივებულია ბიდონები, პლასტმასის ათლიტრიანები. მოჰყვება ერთი მხარიდან და გავა ბოლომდე მანქანა. რომ დაიცლება ხოლმე, მეორე წრეზე მიდის.”

ერთი ვედრო წყალი 40 თეთრი ღირს. ერთ ბიდონში, როგორც მიხეილ ბექაური გვეუბნება, სამი ვედრო წყალი ჩადის. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის მარტო ცხოვრობს, ამიტომ გასარეცხად და დასაბანად მას ორი ბიდონიც ჰყოფნის. მისი სამივე შვილი დღეს ცალკე ცხოვრობს. სასმელი წყლით მას სწორედ ისინი ამარაგებენ. სოფელში სარწყავი წყალიც გრაფიკით მოდის. მიხეილ ბექაური ამბობს, რომ დრო ყველას გამოზომილი აქვს:

”ზოგი ნახევარ ნაკვეთს მორწყავს და ნახევარი მოურწყავი რჩება. შენი საათები დამთავრდაო, ეტყვიან. აი, ამ შლანგებს რომ ხედავთ, ეს ნაჟური წყალია, მლაშე, დასალევად არ ვარგა, მაგრამ ცოტა ხეხილი მაქვს და მოსარწყავად მინდა. ცოტა ხნის წინ სართიჭალიდან გამოიყვანეს წყალი, ვითომ დასალევად, მაგრამ უვარგისია. ლაბორატორიაშიც შეამოწმეს და გვითხრეს, უნდა გადაადუღოთ, გააციოთ და მერე დალიოთო. კი გვპირდებიან, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ რა ვიცი, ჯერ შემსრულებელი არავინ ჩანს.”

ამ ლაპარაკში მიხეილ ბექაურის მეზობელი, ზინა წიკლაური გვიახლოვდება. მასაც სურს სოფლის მთავარ პრობლემაზე თავისი გულისტკივილი გაგვიზიაროს. შემდეგ ნელ-ნელა სხვებიც გვიახლოვდებიან, ყველას უნდა თითო სიტყვის თქმა, მაგრამ ზოგი ვინაობის დასახელებას ერიდება: მათი ნაწილი სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობს. თუმცა სათქმელი ყველასი ერთია:

”50 წელია აქ ვცხოვრობ და გადაბმულად ერთი ოთხი წელი თუ მემახსოვრება, რომ წყალი მოდიოდა. მაგრამ მივეჩვიეთ, ყველაფერს მივეჩვიეთ.“

”30 წელი მაინც იქნება, რაც ამ სოფელს წყლის პრობლემა აქვს. სად არ ვიყავით, ვის არ ვთხოვეთ. არა და არ მოგვარდა. არც გაზი გვინდა, არც სხვა რამე, ოღონდაც წყალი გვქონდეს, რომ ნაკვეთები მოვრწყათ და მოსავალი მოვიყვანოთ. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი. წამოდით, ჩემს ეზოს დახედეთ. ზარმაცი არ გეგონოთ, სულ ვთესავ და ვშრომობ. არაფერი მოდის, ყველაფერი ხმება...”

ისეთი ხეხილი მქონდა, მეზობლებს ნერგები სულ ჩემგან მიჰქონდათ, ედემის ბაღს ჰგავდაო, იხსენებს მიხეილ ბექაური და ცარიელ ეზოს გაჰყურებს, სადაც ახლა მზისგან გადამხმარი მოურწყავი ბალახიღაა დარჩენილი, მხოლოდ ეზოს განაპირას დგას რამდენიმე თუთის ხე. სარწყავი წყალიც მათთვის სჭირდება:
მიხეილ ბექაური

მიხეილ ბექაური


”ყველაფერი გამიხმა. შეხედეთ. გული აღარა გულობს, რისთვის ჩავყარო ნერგები, რად ვიწვალო ტყუილად?“

გზას ვაგრძელებთ. თითქმის ყველა ეზოში გვხვდება წყლის რეზერვუარი, წყლის ხან სავსე, ხანაც ცარიელი ჭურჭელი. სამგორელები არ უარყოფენ, რომ სამ-ოთხ დღეში თითო საათით წამოსული წყალი, რომელსაც სარეცხის დასარეცხად იყენებენ, მაინც შეღავათია. მზია აფციაური თავის პატარა შვილებს სულ აფრთხილებს, ცოტა წყალი დახარჯონ. ზაფხულში წყლის ეკონომია რთულიაო, გვეუბნება მზია, მაგრამ სხვა გზა არ არის:

”სარეცხი მანქანა კი მაქვს, ცალკე მოტორიც მაქვს ნაყიდი, თუ გავავსე რეზერვუარი, რომ ჩავრთო ხოლმე და დავრეცხო სარეცხი, მაგრამ იშვიათად ხდება ეგეთი რამ. წეღანაც ერთი საათი მოვიდა, რაც მოვასწარით, მოვასწარით... აღარც ვენახი გვაქვს, არც ხილი, მწვანილსაც კი ვყიდულობთ. სასმელს რაც ეხება, ახლა ზაფხულია და წარმოიდგინეთ, რამდენი წყალი უნდა ადამიანს - ხანდახან კვირაში ათი ლარის მარტო წყალი გვჭირდება.”

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მთავარი პრობლემის შესახებ სოფლის რწმუნებულმა გია მძელურმა კარგად უწყის, გვეუბნება, რომ სასმელი წყლით სოფლის მომარაგება დიდ თანხმებს უკავშირდება. პრობლემის გადაჭრის ვადებიც უცნობია.

”ეს ხელოვნურად შექმნილი სოფელია, ხელოვნურად ხდება სარწყავი თუ სასმელი წყლის მოწოდება. აი, სასმელი წყალი 30 კილომეტრის მანძილიდან მოგვეწოდება. ეტაპობრივად იცვლება მილები, მაგრამ ამ 30 კილომეტრიანი მონაკვეთის შეცვლა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამას შიდა ქსელების გაუმართაობაც ემატება. ეტაპობრივად ვცვლით, წინა კვირაშიც ძველი მილების ნაწილი ახლით ჩავანაცვლეთ. რაც ეხება სასმელ წყალს, საიდანაც მოდის, იქიდან ნორმალურ წყალს გვაწვდიან, მაგრამ სანამ ამ 30 კილომეტრს გაივლის და აქ მოვა, უვარგისი ხდება. ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ, რომ სასმელად ვარგისი იყოს.”
ესაძლოა წყლის რესურსი დღეს აქვს ქვეყანას, მაგრამ თუ მისი სწორად გამოყენება არ მოხდა, აზრი არა აქვს ვიძახოთ, რომ წყლით მდიდარი ქვეყანა ვართ...

გამოსავალი, როგორც გია მძელური ამბობს, კომპანია ”ჯორჯია უოთერ ენდ პაუერის” წყლის მილს უკავშირდება:

”ეს მილი სამგორის წყლის რეზერვუარებიდან 4 კილომეტრში მდებარეობს და იქნებ ეს ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი გავაკეთოთ. სად 30 კილომეტრის გაკეთება და სად ოთხის...”

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, როგორც გია მძელური აცხადებს, კომპანიის ხელმძვანელობასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს დღესაც მართავს.

ახალი სამგორი მხოლოდ ერთი მაგალითია. კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო თევზაძე გვეუბნება, რომ იგივე პრობლემა საქართველოს ათეულობით სოფელს აწუხებს:

”ფაქტია, რომ რომელ სოფელშიც არ უნდა წახვიდეთ საქართველოში, ან სასმელი წყლის პრობლემაა, ან სარწყავის. თითქმის ყველგან სათავე ნაგებობები არის მოშლილი და საირიგაციო სისტემები ყველგან გამოსულია მწყობრიდან. ასე რომ, შესაძლოა წყლის რესურსი დღეს აქვს ქვეყანას, მაგრამ თუ მისი სწორად გამოყენება არ მოხდა, აზრი არა აქვს ვიძახოთ, რომ წყლით მდიდარი ქვეყანა ვართ.”
დღეს რა ჩამონადენი გვაქს, რამდენი გვაქს წყლის რესურსები, მაგას ვერავინ გეტყვით. სასმელი წყალიც დეფიციტი გახდა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში...

ჰიდროლოგი ბაადურ უკლება ამბობს, რომ უკვე წლებია აღარავის გამოუკვლევია წყლის რა რესურსი არსებობს დღეს საქართველოში:

”1990 წლის მერე არც ერთ მდინარეზე საქართველოში ხარჯი არ გაზომილა. არც ერთ მიწისქვეშა წყალზე დაკვირვება აღარ მიმდინარეობს. არადა, გაიზარდა ნალექების ინტენსივობა, გაიჩეხა ტყეები, ფართობები მოუხნავი და ბალახითაა დაფარული, ეს ყველაფერი ჩამონადენის რაოდენობაზე მოქმედებს. დღეს რა ჩამონადენი გვაქს, რამდენი გვაქს წყლის რესურსები, მაგას ვერავინ გეტყვით. სასმელი წყალიც დეფიციტი გახდა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში. აქ სასმელი წყლით მომარაგება მიწისქვეშა წყლებით ხდება და მიწა თუ არ გაიბურღა, წყალი ისე ვერ ამოვა. მდინარეებიდან წყლის აღება კი უფრო მეტ ხარჯთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული. სათავო ნაგებობის მოწყობა უნდა, მთელი რიგი საინჟინრო სამუშაოების ჩატარება...”

ბაადურ უკლებას თქმით, ძველი გამოთვლების მიხედვით, საქართველოში მთლიანი ჩამონადენის რაოდენობა დაახლოებით 65 მილიარდ კუბმეტრს შეადგენდა. დღეს ზუსტი სტატისტიკა აღარავისთვისაა ცნობილი.
XS
SM
MD
LG