Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტის ზონის სოფლების პრობლემები


საქველმოქმედო ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა, პროექტ „დაცვის მონიტორინგის“ ფარგლებში, კონფლიქტის ზონის სოფლებში არსებული პრობლემები მოიკვლიეს და საზოგადოებას გააცნეს. მაგალითად, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში გაკეთებულია ჭაბურღილები, მაგრამ მილები გამოსაცვლელია და წყალი მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს მიეწოდება. სოფელ ყელქცეულში კი დაზიანებული მილების გამო წყალი უხარისხოა. სარწყავი წყლის პრობლემები აქვთ ქარელის რაიონის სოფლებს: ცერონისს, ავლევს, კოდას, ღოღეთს, დირბს და დვანს, სადაც სარწყავი არხებია გასაწმენდი. ანალოგიური ვითარებაა გორის რაიონის სოფლებში: დიცში, ქორდში, არბოში, კარბში, ერგნეთში, ხურვალეთსა და კირბალში.

მონიტორინგის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იქნა განხილული. ამ საბჭოში 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, მათ სხდომებს კი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან ხოლმე. საბჭოს მიზანია, შიდა ქართლში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დაცვა და დახმარება ერთიანი ძალებით მოხდეს. ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენელი ციალა დარახველიძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ შენიშვნებს და რეკომენდაციებს ნაწილობრივ ასრულებს ხოლმე.

შეხვედრას მხარის ვიცე-გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე ესწრებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა გაგრძელდება. მისი თქმით, 2012 წელს რეგიონში არც ერთი ჰექტარი მოურწყავი აღარ დარჩება.

კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეექმნათ, როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ სათავე ნაგებობები და საირიგაციო სისტემები გადაკეტა. საქართველოს ხელისუფლებამ წყლის მომარაგების ალტერნატიული სისტემები კი შექმნა, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში პრობლემების საბოლოოდ დაძლევა მაინც ვერ მოხერხდა. ოსური მხარე სასმელი და საარწყავი წყლის სისტემების გახსნის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვს, მაგრამ ეს საკითხი პოლიტიკური მოლაპარაკების დღის წესრიგში დიდი ხანია უშედეგოდ დგას.
XS
SM
MD
LG