Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აღადგენს დანგრეულ პალმირას?


პალმირა
პალმირა

სირიის ისტორიული ქალაქი პალმირა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ გათავისუფლდა. დღეს ქალაქს სირიის მთავრობა აკონტროლებს. სამხედროები ტერიტორიას ნაღმებისგან ათავისუფლებენ. ტერორისტებმა გაძარცვეს და დაარბიეს ქალაქის ისტორიული ნაწილი. განადგურებულია მრავალი ძეგლი, რომელიც იუნესკოს მიერ კულტურულ მემკვიდრეობად იყო აღიარებული. სირიის ხელისუფლება მონუმენტების აღდგენის პირობას დებს, თუმცა ექსპერტების ნაწილს ამაში ეჭვი ეპარება.

სირიის ისტორიულ ქალაქ პალმირაში რუსი გამნაღმველები ჩავიდნენ. ნაღმების გაუვნებელყოფას ქალაქში, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ 10 თვის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული, სამხედროების ვარაუდით, რამდენიმე თვე დასჭირდება.

27 მარტის შემდეგ, ანუ 5 დღის განმავლობაში, რაც სირიის სახალხო ლაშქარმა რუსული ავიაციის დახმარებით ისტორიული ქალაქი დაიბრუნა, სამხედროებმა პალმირაში 150 ბომბი გააუვნებელყვეს, თუმცა, როგორც ძალოვანები ამბობენ, ტერიტორიის დიდ ნაწილზე უამრავი ასაფეთქებელია დარჩენილი.

სირიის სიძველეთა მუზეუმის უფროსმა მაამოუნ აბდულ-ქარიმმა 29 მარტს „ესოშიეიტიდ პრესთან“ საუბრისას თქვა, რომ მისმა ჯგუფმა დაათვალიერა და ფოტოები გადაუღო ქალაქის მუზეუმს, სადაც მრავალი ექსპონატი დაზიანებული დახვდათ, თუმცა მათ ვერ შეძლეს ისტორიული სამარხების დათვალიერება, რადგან ტერიტორია დანაღმულია.

ჩვენი ინფორმაციით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ასაფეთქებლები საკმაოდ კომპაქტურადაა დამონტაჟებული. აქ არის საკმაოდ ბევრი ნაღმი და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა...
იური სტავიტსკი

რუსეთის არმიის ინჟინერთა კორპუსის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იური სტავიტსკიმ 29 მარტს ტელეკომპანია „როსია 24“-ის ეთერში გამნაღმველთა ოპერაციაზე ილაპარაკა:

„ჩვენი ინფორმაციით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ასაფეთქებლები საკმაოდ კომპაქტურადაა დამონტაჟებული. აქ არის საკმაოდ ბევრი ნაღმი და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა“.

თუმცა ასაფეთქებლები არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც ისტორიულ ქალაქ პალმირაში ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ დატოვა.

განადგურებულია რომაული ეპოქის მრავალი ძეგლი, მათ შორის, 2000-წლიანი ბელის ტაძარი და ცნობილი ტრიუმფალური თაღი.

ტერორისტებმა ასევე დააზიანეს და გაანადგურეს პალმირის მუზეუმში შენახული ქანდაკებები და სხვა ექსპონატები - მუზეუმის შენობას ისინი სასამართლოდ იყენებდნენ.

იუნესკომ ამ ისტორიული ძეგლების განადგურება სამხედრო დანაშაულად შეაფასა, რაც ისჯება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ.

სირიის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ძეგლების ნაწილი გადარჩა და აუცილებლად აღადგენენ დაზიანებულ მონუმენტებს.

სირიის მთავრობის ამ წინადადებას 28 მარტს პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივარი ბან კი მუნი და სამთავრობო ჯარს პალმირის გათავისუფლება მიულოცა:

ბან კი მუნი
ბან კი მუნი

„სასიხარულოა, რომ სირიის სამთავრობო ჯარმა პალმირიდან განდევნა ‘ისლამური სახელმწიფოს’ მებრძოლები და ახლა ისევ მოგვეცემა შესაძლებლობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობა. ასევე ძალიან მახარებს სირიის მთავრობის განცხადება, რომ ის აპირებს არა მარტო შეინარჩუნოს და დაიცვას, არამედ აღადგინოს კიდეც ისტორიული მონუმენტები. იმედი მაქვს, ის ამას მოახერხებს კიდეც“.

არქეოლოგების ჯგუფი დამასკიდან პალმირაში მისი გათავისუფლებიდან მეორე დღესვე ჩავიდა და სიტუაცია შეაფასა.

სირიის სიძველეთა მუზეუმის უფროსი მაამოუნ აბდულ-ქარიმი ამბობს, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილის აღდგენას 5 წელი დასჭირდება.

თუმცა ამაში ეჭვი ეპარება იუნესკოს ექსპერტს სირიის კულტურული მემკვიდრეობის საკითხში ანი სარტრ-ფორიას.

„ილუზიაა, როდესაც ბელის ტაძრის აღდგენაზე ვსაუბრობთო“, - ამბობს ის სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესთან“ საუბარში. - „შეუძლებელია აღადგინო რაღაც, რაც მიწასთანაა გასწორებულიო“, - და დასძენს, რომ დღეს სირიას სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი, პრობლემები აქვს, ვიდრე გაცამტვერებული ნანგრევების თავიდან აშენებაა.

ისტორიკოსი პალმირის ისტორიული ძეგლების ხელყოფაში ნაწილობრივ სირიის სახალხო ლაშქარსაც ადანაშაულებს - ამბობს, „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არმია ქალაქს 2012-დან 2015 წლამდე აკონტროლებდა და მის ძარცვასა და განადგურებაში წილი მათაც მიუძღვითო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG