Accessibility links

logo-print

ვინ ან რა დგას დეპუტატ მეჭიაურის განცხადებების უკან


თამაზ მეჭიაური

თამაზ მეჭიაური

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატის - თამაზ მეჭიაურის - ნატოში გაწევრიანების იდეის წინააღმდეგ მიმართული მორიგი განცხადებების კვალდაკვალ, ოპოზიციის რიგებში კიდევ უფრო გამძაფრდა შეკითხვები მმართველი პარტიის ანტიდასავლურ მიდგომებსა და საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. ასეთ ეჭვებს ყოვლად უსაფუძვლოდ მიიჩნევენ პარტია „ქართულ ოცნებაში“, თუმცა ისინი არ უპირისპირდებიან სადავო განცხადების ავტორ დეპუტატ მეჭიაურს. ამ ფონზე კიდევ ერთხელ გამოვლინდა დაპირისპირება უმრავლესობის წიაღში - რესპუბლიკური პარტიისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის. ვინ ან რა შეიძლება იდგეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატის - თამაზ მეჭიაურის - ხმაურიანი განცხადებების უკან?

ბოლო ხანებში არაერთხელ გამოთქმული სადავო მოსაზრებები თამაზ მეჭიაურმა 9 მაისს მედიის წარმომადგენლებს უფრო ვრცლად განუმარტა და პირდაპირ თქვა, რომ თავად ის მხარს არ უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეას. განცხადებებში, რომლებიც „ქართული ოცნების“დეპუტატმა ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის ბაზაზე (11–24 მაისს) დაგეგმილი სამხედრო წვრთნის (ღირსეული პარტნიორი 2016 – Noble Partner 2016) კონტექსტში გააკეთა, სკეპტიკური დამოკიდებულებაა გამოხატული ნატოსა და საქართველოს დაახლოების პერსპექტივების მიმართ.

„...დღევანდელი მოცემულობით, არავინ არ მიგვიღებს ჩვენ ამ პრობლემებიანად, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ანუ სამაჩაბლოს) დაბრუნებაზე... მოვითხოვთ ჩვენ ნატოსგან, რომ დაგვიბრუნოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ამისთვის მან უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომ, ფაქტიურად, ომი გამოუცხადოს რუსეთს... ახლა, მითხარით, რომელი ქვეყანაა მზად ამისთვის?!“ – მაგალითად, ასეთია დეპუტატ მეჭიაურის განცხადებების ერთი ფრაგმენტი.

ისევე როგორც მანამდე გაკეთებულ განცხადებებს, თამაზ მეჭიაურის ამ ბოლო განცხადებებსაც აუღელვებლად შეხვდნენ „ქართული ოცნების“ რიგებში.

„დეპუტატს უფლება აქვს თავისი აზრი ჰქონდეს“, – განაცხადა 9 მაისს, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომლის აზრითაც, არ არსებობს არანაირი ეჭვის საფუძველი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დადასტურება არაერთხელ მოხდა, არაერთ საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში...

დეპუტატ მეჭიაურის განცხადების გარშემო ატეხილ ხმაურს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა და მან „ძალიან დასანანი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ „ ბატონი თამაზის განცხადება აბსოლუტურად აცილებულია იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მთავრობას აქვს და რომელიც, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, არის „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური კურსის გამომხატველი“. თუმცა, თუკი პრემიერ–მინისტრის ვრცელი კომენტარის შინაარსს გადავხედავთ, აშკარაა, რომ კრიტიკის ძირითადი დოზა მიმართულია რესპუბლიკელ მინისტრ პაატა ზაქარეიშვილისკენ. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი გააბრაზა სახელმწიფო მინისტრის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში ნათქვამმა სიტყვებმა, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადებებზე უფრო მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ დუმილი, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვება. გიორგი კვირიკაშვილი პაატა ზაქარეიშვილს მიანიშნებს, რომ კარი ღიაა და მას მინისტრთა კაბინეტის დატოვებაც შეუძლია:

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების დადასტურება არაერთხელ მოხდა, არაერთ საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში. რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას საქართველოს მთავრობის, რატომღაც, მისი აზრით, დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება... თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება, რადგან მე ვფიქრობ, მთავრობის წევრის მხრიდან მმართველი ძალის არაობიექტური კრიტიკა ძალიან გასაკვირი და მიუღებელია“.

პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას რესპუბლიკელთა რიგებში გამოეხმაურნენ. დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა განმარტა, რომ პაატა ზაქარეიშვილი თავის ფრთხილ კომენტარში სულაც არ ლაპარაკობდა მთავრობის პოზიციაზე, ხოლო „ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ არასახარბიელო პროცესები მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჯერ ისევ უმრავლესობის რიგებში მყოფ რესპუბლიკელებს საგანგებო სურვილები და მოთხოვნებიც აქვთ და, მათ შორის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართითაც:

„პრემიერ კვირიკაშვილს რესპუბლიკელები მივმართავთ სურვილით, რომ მეჭიაურები, ჯაჭვლიანები და ა. შ. საკუთარი რიგებიდან გაათავისუფლოს და ნუ იქნება მათი მძევალი... მივმართავთ ყოფილ პრემიერს, კოალიციის დამფუძნებელს, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და რეალურ მთავარ ორიენტირს – ბიძინა ივანიშვილს – სასწრაფოდ და მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია ნატოსთან მიმართებაში“.

ეს კითხვის ნიშნები უკვე ორი წელია გაჩნდა და მე მგონია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხი და საზოგადოება საბოლოოდ გასცემს პასუხს მათ, ვისაც არ უნდა საქართველო ევროპაში...

ძალიან მძაფრი განცხადებები კეთდება ოპოზიციის რიგებში. იქ ბევრი დარწმუნებულია, რომ თამაზ მეჭიაური სწორედ ბიძინა ივანიშვილის დარიგებით მოქმედებს და რომ დაუკითხავად ის ამდენს ვერ აიღებდა საკუთარ თავზე. ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი, სახელმწიფოს ინტერესების სერიოზულ დაზარალებაზე და ხელისუფლების ანტიდასავლურ მიდგომაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლასთან დაკავშირებულ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას:

„ეს კითხვის ნიშნები უკვე ორი წელია გაჩნდა და მე მგონია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხი და საზოგადოება საბოლოოდ გასცემს პასუხს მათ, ვისაც არ უნდა საქართველო ევროპაში“.

იმის გამო, რომ ბოლო წლებში გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისა თუ ნატოსკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის საფრთხეს ვერ ხედავს პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე, თუმცა მისთვის ნათელია, რომ დეპუტატ მეჭიაურის ანტიდასავლურმა განცხადებებმა და სხვათა მსგავსმა განცხადებებმა, რაც ხშირად მთელი ხელისუფლების განცხადებებად აღიქმება, შესაძლოა საგრძნობლად დააზარალოსსაქართველოს საერთაშორისო იმიჯი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გიორგი გობრონიძე არ გამორიცხავს, რომ მეჭიაურის სადავო განცხადებები ერთგვარ ტესტსაც წარმოადგენდეს:

„შეიძლება რაღაც მიზანს ემსახურებოდეს საზოგადოების განწყობის შემოწმება, თუნდაც იმიტომ, რომ გაიგონ რამდენად სერიოზული პოზიცია აქვს საქართველოში იმ ე. წ. პრორუსულ პლატფორმას“.

ასეთი ვარაუდის საფუძველს გიორგი გობრონიძეს აძლევს ის ფაქტი, რომ „ქართულ ოცნებას“ არასოდეს მოუთხოვია პასუხი დეპუტატ თამაზ მეჭიაურისთვის მისი არაერთი ხმაურიანი განცხადების გამო. ანალიტიკოსის თქმით, დაუსჯელობა ზოგჯერ წახალისებასაც ნიშნავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG