Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის დამნაშავე ლარის მიმართ


გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკი არ აპირებს პოლიტიკურ დებატებში ჩართვას, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, 26 თებერვლის განცხადებას. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის, "უმოქმედობამ" მიიყვანა. ქადაგიძის თქმით, ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ეროვნული ბანკი არ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომლებიც ქვეყანამ არაერთხელ დაუშვა. გიორგი ქადაგიძემ ლარის გაუფასურების მიზეზებზეც ისაუბრა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ახლა არ არის გადაბრალებისა და განტევების ვაცის ძიების დრო. გიორგი ქადაგიძემ პრესკონფერენციაზე ის მიზეზები ჩამოთვალა, რამაც, მის თქმით, ლარის დევალვაცია გამოიწვია:

„რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება, კონკრეტულად კი, ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების ჩანაცვლება არის არა მარტო არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგო“.

გიორგი ქადაგიძის სიტყვებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას გაეთვალიწინებინა ეროვნული ბანკის რეკომენდაციები და გადაეხედა 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზისათვის, მიიღეს „პოლიტიკურ საბოტაჟში დადანაშაულების პირველი ტალღა“.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სიტყვებით, იმისათვის, რომ ლარის დევალვაცია არ მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ინტერვენცია. მაშინ ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ ვარდნა გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და არა ფუნდამენტური მიზეზებით, მაგრამ თითქოს შექმნილი ვითარებიდან სავალუტო რეზერვების ხარჯვა იყო გამოსავალი. ამ საკითხზე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა:

„კიდევ უფრო დიდი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით, შეგახსენებთ, რომ მხოლოდ თებერვლის თვეში ჩვენ დავხარჯეთ ჩვენი სავალუტო რეზერვის 120 მლნ დოლარი, მაგრამ ამ რეზერვის ხარჯვის და ამ ინტერვენციის დანიშნულება არის, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, იმ მერყეობის აცილება, რომელიც გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რაც ჩვენ მივიღეთ“.

გიორგი ქადაგიძის თქმით, 90-იან წლებში არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული და ამის განმეორებას ეროვნული ბანკი არ აპირებს და ქვეყნიის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ფონზე მისთვის გაუგებარია 26 თებერვლის განცხადებები, კერძოდ, ქვეყნის ეროვნული ვალუტის მდგომარეობის მიზეზად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის "უმოქმედობის" დასახელება. გიორგი ქადაგიძის თქმით, ლარის კურსი სტაბილიზაციისკენ მიდის, რაც ეროვნული ბანკის სწორი ინტერვენციის დამსახურებაცაა.

2 კვირის წინ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი წესრიგშიაო, ახლა სხვისკენ იშვერენ ხელს. გადაბრალება საქმეს არ უშველის. ჩვენ გვჭირდება გადასახადების დაწევა, ბიუროკრატიის შემცირება...
გიგა ბოკერია

ამ ფონზე, გიორგი ქადაგიძემ მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს მყისიერად შეწყვიტონ თავდასხმა ეროვნული ბანკზე.

ლართანდაკავშირებულ პროცესებთან მიმართებით რომელიმე ცალკე აღებული სტრუქტურის პასუხისმგებლობის დაყენება სწორად არ მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელსნოდარ ჭიჭინაძეს. ის ლარის გაუფასურების ორ ძირითად მიზეზს ასახელებს:

„შეგვიმცირდა ექსპორტი და შეგვიმცირდა ფულადი გზავნილები“.

რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ნოდარ ჭიჭინაძის სიტყვებით, ეკონომიკური ფაქტორები არ ქმნიდა ლარის ამგვარი გაუფასურების საფუძველს. მისი მთავარი პრეტენზია ეროვნულ ბანკის მიმართ ისაა, რომ მან ბაზარი პანიკისა და აჟიოტაჟისგან ვერ დაიცვა:

„მაგალითად, ის 200 მლნ სავალუტო რეზერვი , რომელიც 40-40 მილიონებით დახარჯა, დახარჯა არაეფექტიანად, იმიტომ რომ ჩაერია დევალვაციის ბოლო სტადიაზე, როცა უკვე პანიკა და აჟიოტაჟი იყო ბაზარზე და ამ შემთხვევაში ამ პანიკამ ისე შთანთქა ეს რესურსი, რომ შედეგი საერთოდ არ გამოიღო და 2,25-ზე ავიდა კურსი“.

ორგანიზაცია „საზოგადოება დაბანკების“თავმჯდომის გიორგი კეპულაძის სიტყვებით, თავისი წილი პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკსაც აქვს, მაგრამ გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას - შექმნილი ვითარების მთავარი მიზეზი ეკონომიკაში არსებული ფუნდამენტური პრობლემებია, რის დაძლევასაც ეროვნული ბანკის ჩარევა არ ეყოფოდა:

„რადგანაც ეს არის მხოლოდ დროებითი ეფექტის მქონე, რაც, საბოლოო ჯამში, ვერ უზრუნველყოფს ლარის გრძელვადიან სიმყარეს“.

ხელისუფლება იზიარებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოზიციას და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან დროული ინტერვენცია ლარის კურსის დევალვაციას შეაჩერებდა და ბაზარზე აჟიოტაჟი არ ატყდებოდა. დეპუტატეკა ბესელიას თქმით, არავის წინასწარი განზრახვა არ არის ეროვნული ბანკის კრიტიკა, თუმცა კარგი იქნებოდა იმის შესწავლა, ყველა მექანიზმი იყო თუ არა გამოყენებული საჭიროებისამებრ და ამისთვის შესაძლოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტშიც მოუსმინონ:

„ამაზე საუბარი ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით ამ ბოლო დღეებში. ეს არის გამორიცხული, მაგრამ ეს, ალბათ, შეთანხმებით გადაწყდება“.

ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების გამო პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია:

„2 კვირის წინ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი წესრიგშიაო, ახლა სხვისკენ იშვერენ ხელს. გადაბრალება საქმეს არ უშველის. ჩვენ გვჭირდება გადასახადების დაწევა, ბიუროკრატიის შემცირება და დარეგულირება, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას, შემოსავლები გაიზარდოს და ლარი დასტაბილურდეს“.

პარლამენტი ეკონომიკაში შექმნილ ვითარებასა და ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებზემსჯელობას 28 თებერვლის რიგგარეშე სხდომაზე გააგრძელებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG