Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის "კრიმინალი"?


ბექა წიქარიშვილი
ბექა წიქარიშვილი

28 წლის ბექა წიქარიშვილი მარიხუანის მოხმარებისა და შენახვის გამო შესაძლოა, მინიმუმ 7 წლით ციხეში აღმოჩნდეს. სასამართლო პროცესი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ჭიანურდებოდა, საბოლოოდ 26 იანვარს გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს. დაცვის მხარე კი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ არის სამართლიანი და არ შეიძლება, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი 7-დან 14 წლამდე ვადით დააპატიმრო. პროკურორმა შუამდგომლობაზე უარი განაცხადა და დასკვნით სიტყვაში განაჩენის აღსრულება, ანუ ბრალდებულის დაპატიმრება მოითხოვა.

ბექა წიქარიშვილი 2013 წელს დააკავეს. მან ციხეში 18 დღე გაატარა და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მას შემდეგ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა, თუმცა ყველა სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. წიქარიშვილის ადვოკატი, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, თამუნა იაკობიძე ამბობს:

„როგორც ექსპერტიზითაა დადასტურებული, ბექას პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს 70 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს“.

მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სასჯელი 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ პროკურორთან საუბრის შემდეგ საპროცესო შეთანხმების იმედიც არა აქვს:

„პროკურორს რომ ველაპარაკე, მითხრა, სავარაუდოდ, ბოლო სასამართლო იქნებაო. ვკითხე, ახალი ხომ არაფერია, პოლიტიკა ხომ არ შეცვლილა-მეთქი. მიპასუხა, ამ ეტაპზე არაფერია, კიდევ ერთხელ ვიკითხავ და ორშაბათს გაგაგებინებ ბოლო პასუხსო. ჯერ არ დაურეკავს. სავარაუდოდ, ორშაბათს მაგიტომაც თქვა, რომ... უარია, დიდი ალბათობით“.

ბექა წიქარიშვილის შემთხვევას საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. კამპანია „ბექა კრიმინალი არ არის“, რომელიც 2014 წლის მაისში დაიწყო, მარიხუანის დეკრიმინალიზაციას და მოქმედი კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ საქართველოს ნარკოპოლიტიკის შესახებ კვლევა ჩაატარა. როგორც ორგანიზაციის იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, ეს არის პოლიტიკა, რომელიც დასჯასა და რეპრესიებზეა ორიენტირებული:

„ხშირ შემთხვევაში ნარკოდანაშაულისთვის დაწესებული სასჯელი ჩვენს კანონმდებლობაში გაცილებით იმაზე მაღალია, ვიდრე სასტიკი ძალადობრივი დანაშაულისთვის არსებული სასჯელი. რეპრესია ვერ აქარწყლებს ნარკოდამოკიდებულების პრობლემას ქვეყანაში. ის რესურსი, რომელსაც სახელმწიფო ამ მიმართულებით ხარჯავს, სხვა მიმართულებით რომ გამოიყენოს, შეიძლება ეს პრობლემა ასე აქტუალური არც იყოს“.

ამ აზრს იზიარებენ მონაწილეები კამპანიისა „ბექა კრიმინალი არ არის“. 2014 წლის 2 ივნისს მათ მიერ გამართულ აქციაზე ასეულობით ადამიანი შეიკრიბა, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. სახელმწიფოს ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. 2 ივნისის აქციიდან მალევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციისა და, მით უმეტეს, ლეგალიზაციის საკითხი არც განიხილება:

„მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ეს საკითხი არ განიხილება. დეკრიმინალიზაცია არ მოხდება. თუმცა, რაც შეეხება მუხლების გადახედვას, ამაზე შეიძლება კიდევ ვიმსჯელოთ, თუმცა მე ვიცი, რომ მიდგომა უკვე შეიცვალა“.

ასევე ფიქრობს ბექა წიქარიშვილის ყოფილი ბრალმდებელი ლაშა ცქვიტაიაც, რომელიც 25 იანვარს სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამართულ საჯარო დისკუსიაში წერს:

„მე, დღეის მდგომარეობით, ამ საქმეზე აღარ ვარ ბრალმდებელი და, შესაბამისად, მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ განვაცხადო: ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ხსენებული ბრალდებული უფრო მეტია, ვიდრე მომხმარებელი ან შემნახველი (სამწუხაროდ, გამსაღებლობის მტკიცება ვერ მოვიპოვეთ და კანონისმიერად ის შევედავეთ, რაც დავამტკიცეთ).. ბრალდების დადგენილებას გაეცანით და ყველაფერი ნათელი იქნება... ნუ ცდილობთ ზეგავლენის მოხდენას პროკურორზე ანდა მოსამართლეზე, რადგან ფუჭია ეს ჯაფა...“

26 იანვრის პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლო განხილვის გადადებას მოითხოვა ბექა წიქარიშვილის ადვოკატი თამარ იაკობიძე საქმეში ცოტა ხნის წინ ჩაერთო და ამიტომაც, როგორც ამბობს, სასამართლომ მას საშუალება უნდა მისცეს საქმის დეტალებს კარგად გაეცნოს. ამასთანავე, სარჩელი შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოშიც, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლის შეცვლას მოითხოვს.

„ის, რომ ამ შემთხვევაში საქმეში ახალი ჩართული ადვოკატი ვარ და საქმის მასალების გაცნობას დიდი დრო სჭირდება, თან იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთ პროცესს არ დავსწრებივარ და ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვაც კი არ მომისმენია, ლოგიკურია, სასამართლომ სრულყოფილი დაცვის განხორციელებისთვის ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილოს“.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო.

XS
SM
MD
LG