Accessibility links

logo-print

ჰოლანდიელი გამომძიებლები: ბოინგი ჩამოაგდო აღმოსავლეთ უკრაინიდან ნასროლმა რაკეტამ


ჰოლანდიელი სპეციალისტების გუნდმა გამოძიების დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი ჩამოაგდო რუსეთში წარმოებულმა „ბუკის“ ტიპის ხმელეთი-ჰაერის რაკეტამ.

ჰოლანდიის უსაფრთხოების საბჭომ ანგარიში 13 ოქტომბერს წარმოადგინა. დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, ზუსტად რა ადგილიდან ისროლეს რაკეტა, რომელმაც გამოიწვია კატასტროფა, თუმცა მონიშნულია ტერიტორიის 320 კვადრატული კილომეტრი, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იყო.

ანგარიშის თანახმად, რაკეტის დეტონაცია მოხდა ხომალდის პილოტთა კაბინიდან ხელმარცხნივ, ერთ მეტრზე ნაკლები დაშორებით. ამან გამოიწვია პილოტების მყისიერი სიკვდილი და ხომალდის დაღუპვა.

საბჭოს ხელმძღვანელის ჩიბე იაუსტრას თქმით, გამომძიებლები ცდილობდნენ ეპასუხათ კითხვაზე, რატომ ახორციელებდა თვითმფრინავი ფრენას კონფლიქტის ზონის თავზე. მისი თქმით, ავიახაზებს ყურადღება უნდა მიექცია საფრთხისთვის, თუმცა იაუსტრამ დასძინა, რომ მხოლოდ ეს ავიაკომპანია არ იქცეოდა ასე. იმ პერიოდში უკრაინის თავზე 61 ავიაკომპანია ახორციელებდა ფრენებს - როგორც ჩანს, ისინი ფიქრობდნენ, რომ თვითმფრინავები საკმარისად მაღლა დაფრინავდნენ საიმისოდ, რომ საფრთხე არ შეხებოდათ.

იაუსტრას თქმით, კიევს, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან მიმდინარე კონფლიქტის გამო, აღმოსავლეთ უკრაინის თავზე საჰაერო სივრცე უნდა დაეკეტა სამოქალაქო ავიაციისთვის.

„ქობინის დეტონაციის შედეგად უდიდესი სიმძლავრით გამოთავისუფლდა მცირე ზომის, განსაზღვრული ფორმის მქონე ლითონის ობიექტები. მათგან ბევრს კუბის ან ბაფთის ფორმა ჰქონდა. ხომალდს ასობით ამგვარი ობიექტი მოხვდა. ამის შედეგად დაიღუპა იმ მომენტში კაბინაში მყოფი ეკიპაჟის სამივე წევრი და თვითმფრინავის წინა ნაწილს სტრუქტურული ზიანი მიადგა“.

კატასტროფის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა, 298-ვე, ადამიანი. მათი უმრავლესობა ჰოლანდიის მოქალაქე იყო. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა.

შედეგის საჯაროდ გამოცხადებამდე ის დაღუპულთა ოჯახებს შეატყობინეს. მათ უთხრეს, რომ თვითმფრინავში მყოფებმა მყისიერად დაკარგეს გონება, როგორც კი თვითმფრინავს რაკეტა შეეჯახა.

მაგრამ თავად ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი მგზავრი შესაძლოა შეჯახების შემდეგაც აცნობიერებდა რეალობას. ერთ-ერთ მსხვერპლს სახეზე ჟანგბადის ნიღაბი ეკეთა, როცა იპოვეს.

ჰოლანდიელი გამომძიებლების სამუშაო 15 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოო დასკვნაში ისინი არ ამბობენ, ვინ არის პასუხისმგებელი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე - ეს სცილდება საბჭოს უფლებამოსილებას იმ კანონების თანახმად, რომლებიც თვითმფრინავების კატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას წარმართავს.

ვაშინგტონი 13 ოქტომბერს მიესალმა ანგარიშის გამოქვეყნებას - მას უწოდა მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი კატასტროფაში დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მცდელობაში.

„აშშ სრულად დაუჭერს მხარს ყველა მცდელობას საიმისოდ, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ“,- განაცხადა აშშ-ის უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა ნედ პრაისმა და დასძინა, ჩვენი შეფასება უცვლელია, თვითმფრინავი ჩამოაგდო ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტამ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან იყო ნასროლიო.

მოსკოვმა ანგარიში გააკრიტიკა და მას „მიკერძოებული“ უწოდა.

რუსეთი სინანულს გამოთქვამს, რომ გამოძიების ჩატარების შესახებ მისი მცდელობების მიუხედავად, „საქმე გვაქვს პოლიტიკური ბრძანების შესრულების აშკარა მცდელობასთან. ... გამოძიება მიკერძოებული იყოო“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

ტრაგედიის გარშემო მიმდინარეობს კიდევ ერთი სისხლის სამართლებრივი გამოძიება, რომელსაც ასევე ჰოლანდიელები უდგანან სათავეში. ამ გამოძიების შედეგი რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.

ჰოლანდიის უსაფრთხოების საბჭოს მიერ განცხადებების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანიის, „ბუკის“ ტიპის რაკეტების მწარმოებელი „ალმაზ-ანტეის“ მესვეურები შეეცადნენ ჰოლანდიელთა მოსალოდნელი დასკვნები გაექარწყლებინათ.

კომპანიის ხელმძღვანელმა იან ნოვიკოვმა 13 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩვენი კომპანიის მიერ ჩატარებული ცდებით გამოვლენილი როგორც რაკეტის ტიპი, ისე მისი გაშვების ადგილი არ ემთხვევა ჰოლანდიელი გამომძიებლების დასკვნასო.

ნოვიკოვს არ გაუმხელია საიდან იცოდა რა ეწერებოდა ჰოლანდიელთა დასკვნაში, რომელიც იმ მომენტში ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული:„ექსპერიმენტის შედეგებმა მთლიანად გააქარწყლა ჰოლანდიელთა კომისიის დასკვნები რაკეტის ტიპის და გაშვების ადგილის შესახებ. დღეს შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ, - და ამას პრეზენტაციაში ვაჩვენებთ, - რომ თუ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 777 ჩამოგდებულ იქნა "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მეშვეობით, დარტყმა მას მიაყენა 9M38 ტიპის რაკეტამ, რომელიც ზაროშჩენსკის დასახლებული პუნქტის მხრიდან იყო ნასროლი“.

უკრაინაში მოქმედი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ზაროშჩენსკის დასახლება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იყო.

ეს დასკვნა მართლაც მოდის წინააღმდეგობაში ჰოლანდიელთა გამოძიებასთან, რომლის თანახმადაც რაკეტა ისროლეს სნიჟნეს დასახლებასთან მიმდებარე ტერიტორიებიდან.

ნოვიკოვს არ უთქვამს, მისი აზრით ვის ეკისრება ბრალი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე.

თუმცა წარსულში მოსკოვიც და კომპანია „ალმაზ-ანტეიც“ აცხადებდნენ, რომ თვითმფრინავი, სავარაუდოდ, იმსხვერპლა კიევის მიერ ნასროლმა „ბუკის“ ტიპის რაკეტამ.

უკრაინის და დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რაკეტა, რომელიც თვითმფრინავს მოხვდა, რუსეთიდან იყო შეტანილი და ის უკრაინის სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან გაუშვეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG