Accessibility links

logo-print

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი ანგარიში ტენდერების ჩატარების ხარვეზიან პრაქტიკას ააშკარავებს. ამჯერად ლაპარაკია რეგიონალური განითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი სახელმწიფო სტრუქტურაა და რომლის სახელმწიფო შესყიდვების დიდი წილი მშენებლობაზე მოდის. ანგარიშის თანახმად, სადაც მოცემულია 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის განხორციელებული შესყიდვები, თანამდებობის პირთა კომერციული ინტერესები იკვეთება.

ტენდერი, რომელშიც ერთადერთი კომპანია მონაწილეობს, ეჭვების გაჩენის საფუძველს იძლევა, რადგანაც ასეთი შემთხვევა, კონკურენტულ გარემოში ჩატარებულ ტენდერთან შედარებით, კორუფციის უფრო მაღალი რისკის შემცველია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2013-2014 წლებში 400-დან 126 შემთხვევაში ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა; აქედან, 17 შემთხვევაში ტენდერი შეწყდა ან არ შედგა, ხოლო 100-მდე გაფორმებული კონტრაქტიდან თითქმის ნახევარი 1 მლნ ლარზე მეტის ღირებულების იყო.

ამავე ანგარიშის თანახმად, 2013–2014 წლებში გაფორმებული 300-ზე მეტი კონტრაქტიდან, 200-ზე მეტ კონტრაქტში მიმდინარეობისას ცვლილებები შევიდა, საიდანაც თითქმის ნახევარი კონტრაქტის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას შეეხება. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მხოლოდ ერთ შემთხვევაშ გააუქმა ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ხელშეკრულება კიდევ 10-მდე სხვა შემთხვევაში გაუქმდა, რისი მიზეზიც ძირითადად თანხების ამოწურვა გახდა. სამჯერ ხელშეკრულება მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და რამდენიმე მაგალითს ასახელებს. ასე მაგალითად: საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია „სერპანტინი”, რომელმაც ორი წლის განმავლობაში 6 ტენდერში გაიმარჯვა და თითქმის 24 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, კავშირშია რამდენიმე მაღალ თანამდებობის პირთან: ამ კომპანიის 51%–ს ფლობს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის, დედა. 2011-2012 წლებში კომპანიამ 8 ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა მათი ჯამური ღირებულება მხოლოდ 1.7 მლნ. ლარი იყო.

აქვე ვკითხულობთ, რომ 1996 წელს დაარსებულმა შპს „ცეკურმა“, რომლის 62%-ს პარლამენტის წევრი სერგო ხაბულიანი ფლობს, ორი წლის განმავლობაში 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2 კონტრაქტი მიიღო.

თუკი ამაზე არ იქნება რეაგირება, თუკი ამას შესაბამისი ორგანოები არ შეისწავლიან, მაშინ ეს იქნება მომავალში საგანგაშო. ეს იქნება გზავნილი ყველა თანამდებობის პირისთვის, რომ მათ შეუძლიათ შექმნან კომპანიები, ამ კომპანიებმა შეიძლება მოიგონ ტენდერები, ეს შემოსავლები მათ შეიძლება არ ასახონ ქონებრივ დეკლარაციაში...

ამავე ანგარიშშია ნახსენები 2011 წელს რეგისტრირებული შპს „ჰერიოც”, რომლის მფლობელად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი სახელდება. 2014 წელს „ჰერიომ“ 1.1 მილიონი ლარის ღირებულების ერთი კონტრაქტი მოიგო, 2013 წელს კი კომპანიას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში არ გაუმარჯვია. აღსანიშნავია, რომ გალეგაშვილს და მის მეუღლეს, ჯამში, 360 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აქვთ აღებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ამ სესხების ყოველთვიური გადასახადი მინისტრის მოადგილის ხელფასს სამჯერ აღემატება. 25 დეკემბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით გალეგაშვილი 2012 წლის ნოემბრიდან - მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა - მის მიერ დაფუძნებული კომპანიის საქმიანობაში აღარ მონაწილეობს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, თუკი თანამდებობის პირს შეხება აღარ აქვს კომპანიასთან, მისი სახელი და გვარი აღარ უნდა ფიგურირებდეს საჯარო რეესტრში ამ კომპანიასთან კავშირში. ეს კი ამ შემთხვევაში ასე არ არის. გიგაური აუცილებლად მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირებმა ზუსტად შეავსონ თავიანთი დეკლარაციები და არ დამალონ თავიანთი შემოსავლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მათი კომპანიები ტენდერში მონაწილეობენ, ჩნდება შეკითხვა – ჩატარდა თუ არა ეს ტენდერი მიუკერძოებლად.

„თუკი ამაზე არ იქნება რეაგირება, თუკი ამას შესაბამისი ორგანოები არ შეისწავლიან, მაშინ ეს იქნება მომავალში საგანგაშო. ეს იქნება გზავნილი ყველა თანამდებობის პირისთვის, რომ მათ შეუძლიათ შექმნან კომპანიები, ამ კომპანიებმა შეიძლება მოიგონ ტენდერები, ეს შემოსავლები მათ შეიძლება არ ასახონ ქონებრივ დეკლარაციაში და, შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. ეს უკვე იქნება საგანგაშო“, – უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

ტენდერების გაუმართავად ჩატარების ტენდენციას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემურ პრობლემად მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე. ამ პრობლემას ის საბიუჯეტო პრობლემების ჯაჭვის შემადგენლად განიხილავს გრანტებისა და კრედიტების შემოსულობების ნაწილში და თანხების ათვისების ნაწილში:

„ეს დაფინანსებები მოდის ტრანშებად. როცა პირველი ტრანში გამოიყოფა, თუ ტენდერი სრულფასოვნად არ ჩატარდა და ტენდერზე მონიტორინგი სახელმწიფოს მხრიდან არასრულფასოვნად ხორციელდება, მეორე ტრანში და შემდეგი ტრანშები უკვე აღარ წამოვა. ანუ ჩვენი დონორები ამჩნევენ, რომ ტენდერების ორგანიზებისა და ტენდერების ჩატარების კუთხით გვაქვს სერიოზული პრობლემები. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მენეჯმენტის პრობლემა“.

ინსტიტუციური სრულყოფა იწყება ლეგიტიმური საფუძვლიდან და გადადის ნორმატიულ აქტებში. უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუტი და ვინც გინდა იყოს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ვინც გინდა შეადგენდეს სატენდერო კომისიას...

ტენდერების ჩატარების პრაქტიკა არც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აკმაყოფილებთ. მაგალითად, როგორც მინისტრის მოადგილემ ნოდარ ჯავახიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისთვის შეუსაბამოა, როცა ტენდერში სახელმწიფო კომპანიები მონაწილეობენ – ასეთი შემთხვევები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშშიც არის ასახული. ამასთან, მისი თვალთახედვით, დასახვეწია კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და დასახვეწია ასევე კანონქვემდებარე აქტებიც, რათა არსად იყოს „ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობა“.

მინისტრის მოადგილის პოსტზე ახლად დანიშნული ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა სატენდერო ინსტრუქციის იმგვარად დახვეწის მიმართულებით, რომ მისი გულდასმით წაკითხვისა და შესრულების შემთხვევაში შეკითხვები და ეჭვები აღარ დარჩეს არც ტენდერში მონაწილე პირს და არც სატენდერო კომისიის წარმომადგენელს.

„ინსტიტუციური სრულყოფა იწყება ლეგიტიმური საფუძვლიდან და გადადის ნორმატიულ აქტებში. უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუტი და ვინც გინდა იყოს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ვინც გინდა შეადგენდეს სატენდერო კომისიას, მას არ უნდა დარჩეს პრაქტიკულად შესაძლებლობა, რომ მინიმუმ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ზუსტად ამის დახვეწას ვცდილობ მე და ამის იქით ნამდვილად არ ვფიქრობ“, – უთხრა ნოდარ ჯავახშვილმა რადიო თავისუფლებას.

ნოდარ ჯავახიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს ვინ რა დააშავა, რადგანაც ის პროკურორი არ არის და, თუკი კანონდარღვევა იკვეთება, ამ საქმეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მიხედონ. მისთვის მთავარია, რომ შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც იოლად ვერავინ დაარღვევს კანონს.

XS
SM
MD
LG