Accessibility links

logo-print

21 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ" უმასპინძლა შეხვედრას, რომელშიც მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ქართული მედიის პრობლემების შესახებ ილაპარაკეს ჟურნალისტებმა, ტელეკომპანიების ხელმძღვანელებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, საგანგაშოა როგორც მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, ასევე ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო დავა და გადაცემების დახურვა რამდენიმე ტელეკომპანიაში. რა გარემოში უწევს მუშაობა ქართულ მედიას?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ გარემო, რომელშიც ქართულ მედიას უწევს მუშაობა, დამძიმდა რამდენიმე მიზეზის გამო:

„საუბარია „რუსთავი 2“-ზე, დახურულ ტოკ-შოუებზე და იმაზე, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. საუბარია იმაზე, რომ დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს ხელისუფლება იმით, რომ კონკრეტული მედიაორგანიზაცია არ იყოს ისეთი აქტიური, როგორიც არის ანდა რომელიმე ჟურნალისტს არ ჰქონდეს გადაცემა“.

ეკა გიგაურის ვარაუდით, სათანადო რეაგირების გარეშე მედიაგარემო კიდევ უფრო მეტად დამძიმდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. გარემოს დამძიმებაში, პირველ რიგში, იგულისხმება პლურალიზმის ხარისხის შემცირება. თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელიც მიიჩნევს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხერხდა პლურალისტური გარემოს შენარჩუნება, თუმცა ვითარება ახლა, სამი წლის შემდეგ, იცვლება.

„ახლა მიმდინარეობს შეტევა იმ ტელეკომპანიაზე, რომელიც უზრუნველყოფს სწორედ ამ პლურალისტურ გარემოს. სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის პლურალიზმს დაპირისპირებული პოლიტიკური ინტერესები უზრუნველყოფდა. ასე იყო ჯერ მაშინ, როცა ბადრი პატარკაციშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიცია ჰქონდა, ინვესტიცია მოახდინა ტელევიზიაში, რათა გამოეყენებინა ეს დემოკრატიული ინსტიტუტი საკუთარი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. შემდეგ იყო ივანიშვილი და ახლა „რუსთავი ორი“, რომელიც დაკავშირებულია ყოფილ ხელისუფლებასთან და ატარებს ასეთ სარედაქციო პოლიტიკას. სწორედ განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები უზრუნველყოფს პლურალიზმს იმის გამო, რომ ბაზარი არ არის თვითკმარი“, უთხრა თამარ კინწურაშვილმა რადიო თავისუფლებას.

"რუსთავი 2"

"რუსთავი 2"

თამარ კინწურაშვილის ვარაუდით, ტოკ-შოუების დახურვა აუცილებლად გამოიწვევს მედიის თვავისუფლების ხარისხის შემცირებას და საქართველოს საერთაშორისო რეიტინგების გაურესებას, რაშიც მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს ტელეკომპანია „რუსთავი ორისადმი“ ხელისუფლების დამოკიდებულებამ. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ხელისუფლებამ ჯერ სცადა მისი დაპატიმრება გამოგონილი საფუძვლით, რომელიც უარყოფილ იქნა სამივე ინსტანციის სასამართლოში. ამას მოჰყვა სათვალთვალო კამერების დამონტაჟება ტელეკომპანიის ხელმძღვანელთა კაბინეტებში და შეტევა რეიტინგების მთელ კომპანიაზე.

„შემდეგი ნაბიჯი იყო რეკლამის კანონი, რომელმაც დააზიანა ბაზარი - ძალიან მნიშვნელოვანი ეროზიები გამოიწვია. შემდეგი ნაბიჯი - ესაა მესაკუთრეობის საკითხი. ჯერ კიდევ 2013 წელს იძახდა ბიძინა ივანიშვილი, რომ სხვა მესაკუთრეები არსებობდნენ, ე.წ. „კანონიერი მესაკუთრეები“, და მათ უნდა დაუბრუნდეთ „რუსთავი ორიო“ და ვნახეთ ზუსტად ის ადამიანები ამ ბრძოლაში ჩაბმული, ვისაც ივანიშვილი პერსონალურად ასახელებდა. ყოველივე ამან მოიტანა ის, რომ ჩვენი ქონება დაყადაღებულია, გვეკრძალება საბანკო აქტივობების განხორციელება და ა.შ. ასე რომ, ჩვენთან მიმართებით ხელისუფლება თანმიმდევრულია და ძალიან ხისტი მეთოდებით მოქმედებს“, უთხრა ნიკა გვარამიამ რადიო თავისუფლებას.

კითხვის ნიშნები რჩება იმ არხებთან დაკავშირებით, რომლებსაც სარეკლამო შემოსავლები აქვთ იმაზე მცირე, ვიდრე აქვთ გასავალი. თუ შევალთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საიტზე, ჩვენ იქ ვნახავთ მონაცემებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ „სხვა შემომწირველები“ საერთო ბიუჯეტებში აღემატება ლამის 90 %-ს...

ნიკა გვარამიას წუხილს ნაწილობრივ იზიარებს ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, რომლის თქმითაც, შექმნილი ვითარება არაა დრამატული, თუმცა აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს მედიის გაკონტროლებას:

„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს მცდელობა სისტემური ხასიათისაა, თუმცა სახეზეა „რუსთავი ორისადმი“ მინიმუმ ძალიან ემოციური დამოკიდებულება. ხელისუფლება ძალიან ნერვიულობს „რუსთავი ორზე“, თუმცა, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ვერაფერი მოუხერხა. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება პირდაპირ და უხეშ ნაბიჯებს ვერ გადადგამს - ისეთს, რაც გამოიწვევს „რუსთავი ორის“ ფუნქციონირების პარალიზებას - და ამის იმედს მაძლევს ის, რომ დღემდე რაც გააკეთა, ყველაფერი სასაცილო იყო და ამიტომ იმედი მაქვს, რომ მომავალშიც სასაცილო რამეებით შემოიფარგლებიან. მაგალითად, ქიბარ ხალვაშის სარჩელი არის სასაცილო“.

ხელისუფლების კომიკურობის გარდა, ნინო ჯანგირაშვილს ასევე ეიმედება სასამართლო ხელისუფლებაც, რომელიც მეტად დამოუკიდებელი გახდა. მედიის სხვა პრობლემებზე ისაუბრა ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ, რომლის თქმითაც, კვლავინდებურად ბუნდოვანია მედიაორგანიზაციების დაფინანსების წყაროები.

არაა კარგი ის, რომ ზოგიერთი პრორუსული მედიაორგანიზაცია დაფინანსებას იღებს სახელმწიფოდან და ამის რამდენიმე დამადასტურებელი ინფორმაციაც გაგვაჩნია...

„კითხვის ნიშნები რჩება იმ არხებთან დაკავშირებით, რომლებსაც სარეკლამო შემოსავლები აქვთ იმაზე მცირე, ვიდრე აქვთ გასავალი. თუ შევალთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საიტზე, ჩვენ იქ ვნახავთ მონაცემებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ „სხვა შემომწირველები“ საერთო ბიუჯეტებში აღემატება ლამის 90 %-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ არხებს სარეკლამო შემოსავლები აქვთ ძალიან მწირი და, სამაგიეროდ, საკმაოდ დიდი აქვთ შემოწირულობები თუნდაც მესაკუთრეებისაგან, რომლებიც არ აკეთებენ დეკლარირებას, თუ ეს შემოწირული თანხა საიდან წარმოიშვა და რა გავლენა აქვს იმ საწყის ბენეფიციარულ წყაროს ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე“, უთხრა ზვიად ქორიძემ რადიო თავისუფლებას.

ზვიად ქორიძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა მედიაკომპანიების მფლობელებისა და ხელისუფლების ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ამა თუ იმ კერძო მაუწყებლის მფლობელი, რომლისთვისაც მედიაბიზნესი არაა შემოსავლის მთავარი წყარო, ცდილობს ხელისუფლების კეთილგანწყობის მოპოვებას ძირითადი ბიზნესის განვითარებისათვის, რასაც საჭიროების შემთხვევაში ეწირება სარედაქციო დამოუკიდებლობა და გადაცემები. გარდა ამისა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, მედიაგარემოს ერთ-ერთ მთავარ დამაზიანებელ ფაქტორად თავი იჩინა ე. წ. პრორუსული საინფორმაციო სააგენტოების მომრავლებამ ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში:

„არაა კარგი ის, რომ ზოგიერთი პრორუსული მედიაორგანიზაცია დაფინანსებას იღებს სახელმწიფოდან და ამის რამდენიმე დამადასტურებელი ინფორმაციაც გაგვაჩნია. მეტს, კონკრეტულს, ახლა ვერ ვიტყვი, რადგანაც უახლოეს პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ექნება კვლევა ამასთან დაკავშირებით, ანუ ვინ დგას სხვადასხვა მედიასაშუალების უკან და განსაკუთრებით იმ მედიასაშუალებების უკან, რომლებიც ინტერნეტშია განთავსებული. ასეთი ტენდენციაა, ესაა ფაქტი და, რა თქმა უნდა, არაა სასურველი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG