Accessibility links

ვინ გაათავისუფლა ოსვენციმი?


ოსვენციმის ბანაკი

ოსვენციმის ბანაკი

ავტორი: ანა ლომთაძე

ოსვენციმის გათავისუფლების 70-ე წლისთავის აღნიშვნისთვის მზადება ჩრდილში მოაქცია დავამ იმის შესახებ, თუ ვინ ითამაშა მთავარი როლი ნაცისტების ყველაზე სისხლიანი „სიკვდილის ბანაკის“ გათავისუფლებაში. 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა კავშირის არმიის მსროლელთა მე-100 და 107-ე დივიზიებმა გაათავისუფლეს ოსვენციმის პატიმრები. ეს დივიზიები „უკრაინის ფრონტის“ სახელით იყო ცნობილი. სახელს უფრო გეოგრაფიული მნიშვნელობა ჰქონდა და არ აღნიშნავდა დივიზიების წევრ ჯარისკაცთა ეროვნებას.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვალერი ჩალიმ 23 იანვარს პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ოსვენციმის გათავისუფლებაში სწორედ უკრაინელ ჯარისკაცებს მიუძღვით ყველაზე მეტი წვლილი. ამან რუსეთი განარისხა.

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა 2000 წელს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, იგი გამუდმებით ცდილობს, ხაზი გაუსვას საბჭოთა კავშირის წვლილს მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვებაში. პუტინის ვერსიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ ოსვენციმის გათავისუფლებას უკავია.

გასულ კვირაში პუტინმა დაადასტურა, რომ არ დაესწრება 27 იანვარს ოსვენციმის გათავისუფლებისადმი მიძღვნილ ცერემონიას პოლონეთში. პუტინის მაგივრად, პოლონეთში გაემგზავრება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი.

21 იანვარს პოლონეთის რადიოს კორესპონდენტის შეკითხვას, უპატივცემულობა იქნებოდა თუ არა პუტინის მხრიდან ოსვენციმის ცერემონიაზე არდასწრება, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ ასე უპასუხა:

„ნება მომეცით, დავაზუსტო, რომ „უკრაინის ფრონტი“ და უკრაინელები იყვნენ ისინი, ვინც გაათავისუფლა ოსვენციმის ბანაკი, რადგან სწორედ იმ დღეს უკრაინელებმა გახსნეს ბანაკის ჭიშკარი და გაათავისუფლეს ის“.

ბოლო ერთი წელია, ვარშავისა და მოსკოვის ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოლონეთმა უკრაინის კონფლიქტში ამ უკანასკნელს დაუჭირა მხარი და აქტიურად მოუწოდებდა ევროკავშირს, სანქციები დაეწესებინა პუტინის მთავრობისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გერმანიაში ყოფნისას პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ ოსვენციმი უკრაინელებმა გაათავისუფლეს... ნუ, ამაზე კომენტარს ვერც გავაკეთებ. ოსვენციმი გაათავისუფლა წითელმა არმიამ, რომელშიც შედიოდნენ რუსები, უკრაინელები, ჩეჩნები, ქართველები, თათრები. და ამ სიტუაციაში ნაციონალისტურ გრძნობებზე თამაშის მცდელობა უბრალოდ მკრეხელობა და ცინიზმია“.

გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმაც შეახსენა გჟეგოჟ სხეტინას, რომ მეორე მსოფლიო ომში „საბჭოთა კავშირის 100-მდე ეთნიკური ჯგუფის“ წარმომადგენელები იბრძოდნენ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას ელექტრონული ფოსტით განუმარტა სხეტინას კომენტარი:

„ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ წითელ არმიაში იბრძოდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანები, მათ შორის ბევრი უკრაინელიც. სხეტინამ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ოსვენციმი-ბირკენაუ გაათავისუფლეს წითელი არმიის „პირველი უკრაინული ფრონტის“ ჯარისკაცებმა, რომელთა შორის იყვნენ უკრაინელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ამ განცხადების ნებისმიერმა სხვა ინტერპრეტაციამ შეიძლება მცდარი დასკვნა გაგვაკეთებინოს.“

როგორც ბოლო წლების სამეცნიერო გამოკვლევებმა გამოავლინა, ოსვენციმის განმათავისუფლებლებს შორის მართლაც იყო უკრაინელი ჯარისკაცი, ანატოლი შაპირო, მაგრამ დანარჩენები ძირითადად რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან იყვნენ.

ისტორიკოს ტიმოთი ბლოველტის თქმით, 1944 წლის ივლისში, ოსვენციმის გათავისუფლებამდე ნახევარი წლით ადრე, საბჭოთა ქვეითი ჯარის 52%-ს რუსი, ხოლო 34% -ს უკრაინელი სამხედროები შეადგენდნენ.

სულ მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა მილიონზე მეტი უკრაინელი - უფრო დიდი მსხვერპლი მხოლოდ რუსებმა გაიღეს. მაგრამ უკრაინასა და პოლონეთში ამბობენ, რომ მათი ქვეყნები ერთდროულად იყვნენ გერმანიისა და საბჭოთა ოკუპაციების მსხვერპლნი.

რაც შეეხება ოსვენციმის ბანაკს, იქ ნაცისტებმა დახოცეს მილიონამდე ადამიანი, უმეტესად - ებრაელები, თუმცა მსხვერპლთა შორის იყვნენ, ასევე, ათიათასობით ბოშა და 74 ათასამდე პოლონელი.

XS
SM
MD
LG