Accessibility links

logo-print

ვინ შეიძლება გახდეს ქარიმოვის მემკვიდრე


ისლამ ქარიმოვი

ისლამ ქარიმოვი

უზბეკეთი შფოთვამ მოიცვა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა ქვეყნის 78 წლის პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის, ავადმყოფობის შესახებ. ქარიმოვის უმცროსმა ქალიშვილმა საკუთარ ინსტაგრამაზე 29 აგვისტოს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უზბეკეთის ლიდერი საავადმყოფოში მოათავსეს ტვინში სისხლის ჩაქცევის დიაგნოზით. ამ ფონზე, უზბეკეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც ბევრს აინტერესებს, რა მოხდება, თუ ქარიმოვი ან მოკვდება, ან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ შეძლებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

უზბეკეთის კონსტიტუციის თანახმად, თუ ქვეყნის პრეზიდენტს არ ძალუძს თავისი ფუნქციის შესრულება, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობა დაეკისრება პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს. ამჟამად უზბეკეთში ეს ადამიანი არის ნიგმათულა იულდაშევი, ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსი, რომელსაც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მხოლოდ სამი თვით მოუწევს.

გრძელვადიანი პერსპექტივით კი, უზბეკეთის პრეზიდენტის მემკვიდრეებად, ძირითადად, სამი პერსონა განიხილება.

უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ქარიმოვის მემკვიდრე იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 58 წლის შავკატ მირზიაევი, რომელიც მინისტრთა კაბინეტს 2003 წლიდან უდგას სათავეში.

იგი წარმოშობით ჯიზაკის პროვინციიდანაა, რომელიც ქარიმოვის მშობლიური სამარყანდის პროვინციას ესაზღვრება. შესაბამისად, მირზიაევს ჯიზაკისა და სამარყანდის კლანები დაუჭერენ მხარს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ერთადერთი ოფიციალური ინფორმაცია ქარიმოვის ავადმყოფობის შესახებ სწორედ მინისტრთა კაბინეტმა გაავრცელა.

ტრადიციის გათვალისწინებით, უზბეკეთში კლანები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ სამართალმემკვიდრეობის დადგენის პროცესში. ქარიმოვი, რომელიც რესპუბლიკას „რკინის ხელით“ მართავდა და ელემენტარულ განსხვავებულ აზრსაც კი ვერ იტანდა, სწორედ მანევრირების უნარით გამოირჩეოდა და ქვეყანაში არსებულ მრავალრიცხოვან კლანებს მოხერხებულად აპირისპირებდა ერთმანეთთან.

თუმცა კრიტიკულად განწყობილი ანალიტიკოსები მირზიაევს ახასიათებენ როგორც ბანდიტს, რომელიც დიდი გონიერებით არ გამოირჩევა და სწრაფად ამჟღავნებს აგრესიულ ბუნებას. იხსენებენ, რომ როდესაც ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ჯიზაკის პროვინციის გუბერნატორი იყო (1996-2001 წლებში), იგი ფიზიკურად გაუსწორდა ერთ-ერთ ფერმერს, რომელმაც გაბედა და გუბერნატორთან პროვინციაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო დაიჩივლა.

ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ თუ ქარიმოვის ადგილს მირზიაევი დაიჭერს, მაშინ მისი მთავრობა ბევრად უფრო რეპრესიული იქნება, ვიდრე ქარიმოვისა, რომლის ავტორიტარული მმართველობა საერთაშორისო ასპარეზზე ფართო კრიტიკის ობიექტია.

კიდევ ერთი რეალური კანდიდატი უზბეკეთს პრეზიდენტის პოსტზე ქვეყნის ფინანსთა მინისტრი რუსტამ აზიმოვია. 56 წლის აზიმოვი ტაშკენტელია და ე. წ. ტაშკენტის კლანს ეკუთვნის. აზიმოვი მთავრობაში 1998 წლიდან მუშაობს და მისი თანამდებობა ყოველთვის ფინანსების მართვასთან იყო დაკავშირებული.

რუსტამ აზიმოვი პრემიერ-მინისტრ მირზიაევზე უფრო დახვეწილი პიროვნებაა და უფრო მეტი გამოცდილება აქვს, გარე სამყაროსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში აზიმოვი უზბეკეთის ეროვნული ბანკის საგარეო აქტივების ხელმძღვანელად მუშაობდა და ქვეყნის სახელით მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროპის რეკონსტრუქციისაა და განვითარების ბანკთან.

მესამე, მაგრამ ყველაზე ნაკლები შანსის მქონე, პრეზიდენტობის კანდიდატად სახელდება უზბეკეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე 72 წლის რუსტამ ინოიატოვი, რომელიც ამ პოსტზე 1995 წლიდან მსახურობს და გავლენიანი ტაშკენტის კლანის წარმომადგენელია. უზბეკეთში ბევრი ამბობს, რომ სწორედ ინოიატოვის ხელი ერია ტელეკომუნიკაციების სფეროში იმ კორუფციული სკანდალის გამოაშკარავებაში, რის შედეგადაც ქარიმოვის უფროსი ქალიშვილი, გავლენიანი გულნარა ქარიმოვა, 2014 წლიდან შიდა პატიმრობაში იმყოფება.

ინოიატოვს შეუძლია შექმნას მეფე, მაგრამ თავად იგი არასოდეს იქნება მეფე. გარდა ამისა, უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ძალიან ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. იგი არასოდეს ჩნდება საზოგადოებაში და მედიასთან. უზბეკეთის მოსახლეობამ მხოლოდ ერთხელ, ისიც 10 წლის წინ, იხილა ფოტოზე ქვეყნის უშიშროების შეფი, რომელიც იმხანად ჩინეთში ვიზიტად იმყოფებოდა.

72 წლის რუსტამ ინოიატოვის დაუხმარებლად უზბეკეთში ვერავინ შეძლებს პრეზიდენტი გახდეს და ქვეყანას დაუბრკოლებლად გაუძღვეს. ანალიტიკოსთა ნაწილის ვარაუდით, საკითხავი ახლა ისაა, თუ ვის მხარეს დაიჭერს უშიშროების კომიტეტის უფროსი, როცა საქმე საქმეზე მიდგება - პრემიერ-მინისტრ მირზიაევისა თუ ფინანსთა მინისტრ რუსტამ აზიმოვის, რომელიც, რუსტამ ინოიატოვის მსგავსად, ტაშკენტის კლანის წარმომადგენელია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG