Accessibility links

logo-print

ვინ უნდა მოუხადოს ბოდიში სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ ქართველ ჯარისკაცებს?


ქართველი ჯარისკაცები

ქართველი ჯარისკაცები

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „არ დასტურდება“ ქართველი სამხედროების მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანი პირების მიმართ სექსუალურ ძალადობაში.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უდანაშაულო ჯარისკაცების ღირსების დაცვაზე ლაპარაკობს და, უსაფუძვლო ბრალდებების გამო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამ მოთხოვნას იზიარებენ ექსპერტთა წრეშიც.

ქართველი ჯარისკაცების უდანაშაულობა დასტურდება როგორც საქართველოში, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმართული საგამოძიებო პროცესების ფარგლებში, განაცხადა 27 ივნისს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და იქვე განმარტა , რომ „ფორმალური პროცედურების“ დასასრულებლად, სავარაუდოდ, 2-3 კვირა იქნება საჭირო, რის შემდეგაც საქართველომ ბოდიში და შესაბამისი განმარტებები უნდა მოისმინოს:

„დღეს მე შემიძლია ეს თამამად ვთქვა, რომ ზუსტად ისევე, იმავე ტრიბუნიდან, იმავე ფორმით უნდა მოხდეს ახალი განცხადების გაკეთება, როგორც რამდენიმე თვის წინ მოხდა ბრალის დადება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის და (საჭიროა) თქმა იმისა, რომ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს და იყო შეცდომა“.

ადვილი მისახვედრია, რომ თინა ხიდაშელის მიერ ორშაბათს წარმოთქმული ეს სიტყვები შეეხება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და, კერძოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში უმძიმეს დანაშაულში სავარაუდო ბრალდებულებს შორის ქართველი სამხედროებიც მოიხსენია. ითქვა, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულთა ერთმა ნაწილმა ეჭვი მიიტანა სწორედ ქართველ ჯარისკაცებზე, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდნენ. საერთაშორისო საგამოძიებო პროცესის პარალელურად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველომაც.

არ შეიძლება ასე ხელაღებით დაადანაშაულო ჯარისკაცები ასეთ ქმედებაში... მით უმეტეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იკავებდნენ თავს ამ მისიაში მონაწილეობისგან და საფრანგეთს ძალიან გაუჭირდა სამშვიდობო კონტინგენტის დაკომპლექტება. ჩვენი ასეული, რომელიც ბანგიში ჩავიდა, ასრულებდა საპასუხისმგებლო მისიას...

საგამოძიებო ჯგუფი ახლახან დაბრუნდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან, სადაც მას, მინისტრ ხიდაშელის თქმით, საკმაოდ რთულ პირობებში მოუხდა მუშაობა, მაგრამ სიმართლის დადგენა მაინც მოხერხდა. თინა ხიდაშელი თვლის, რომ ჯარისკაცების ღირსება დაცვას მოითხოვს და თუკი ბოდიში არავინ მოიხადა, ამან შესაძლოა დააზარალოს საქართველოს განზრახვა ჩაერთოს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში:

„მანამ, სანამ ეს ბრალდება ჰაერში კიდია, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე საგნობრივ თანამშრომლობაზე ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია ასე უბრალოდ დასდოს ბრალი მთელ შეიარაღებულ ძალებს უმძიმეს დანაშაულში და შემდეგ არაფერი არ მოხდეს... ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ ეს პროცესი ასე დავასრულოთ და, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი მოთხოვნა არის სრულიად ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი და ეს ჩვენ ვუთხარით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს (ვინც კურირებს სამშვიდობო მისიებს), რომ ვითხოვთ ბოდიშს და ამ ინფორმაციის უარყოფას“.

„ნამდვილად არის ბოდიში მოსახდელი“, ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე. ის ფიქრობს, რომ ერთგულ პარტნიორებს ასე არ უნდა ექცეოდნენ:

„არ შეიძლება ასე ხელაღებით დაადანაშაულო ჯარისკაცები ასეთ ქმედებაში... მით უმეტეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იკავებდნენ თავს ამ მისიაში მონაწილეობისგან და საფრანგეთს ძალიან გაუჭირდა სამშვიდობო კონტინგენტის დაკომპლექტება. ჩვენი ასეული, რომელიც ბანგიში ჩავიდა, ასრულებდა საპასუხისმგებლო მისიას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის საქმე, რაც მათ დაეკისრათ – იგივე, დაცვა აეროპორტისა, რომელიც რეალისტურად კრიტიკული ინფრასტრუქტურაა. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავდა იმას, რომ თუნდაც ამ თვალსაზრისით შეგვაქვს წვლილი ჩვენ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“.

გიორგი გობრონიძის თქმით, ბოდიშის მოხდა უნდა მოეთხოვოთ იმ მედიასაშუალებებსაც, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ჯარისკაცების უსამართლოდ დადანაშაულების პროცესში და ამ მხრივ დიდი როლი შეასრულა რუსულენოვანმა მედიამ.

„ჯარისკაცებს განსაკუთრებული ღირსების შეგრძნება აქვთ და არ შეიძლება, რომ საზოგადოების ამ მართლაც საუკეთესო ნაწილს ასე ხელაღებით მოეცხოს ჩირქი“, – აცხადებს გიორგი გობრონიძე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გახმოვანებულ ბრალდებებს იმთავითვე ეჭვით უყურებდნენ საქართველოში. მათ შორის, ვისაც ამის არ სჯეროდა, იყო ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო–ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან ერთ საეჭვო გარემოებაზეც ამახვილებდა ყურადღებას:

„ასეთი ბრალდებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ადრეც იყო, რადგანაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ცდილობს ასეთი სახით, უბრალოდ, ფული იშოვნოს, სკანდალი ააგოროს და რაც არ მომხდარა, ის დააბრალოს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს“.

საქართველოს სამხედრო კონტინგენტი, ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის 8 ივნისიდან მონაწილეობდა – თავდაპირველად 156-კაციანი შემადგენლობით, ხოლო შემდეგ, მისიის დასრულებამდე, სამხედროთა რაოდენობა 85-მდე შემცირდა. 2015 წლის 16 მარტს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალი მისია – სამხედრო მრჩეველთა მისია (EUMAM RCA) – დაიწყო. მისი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენა შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელების კუთხით. ამ ეტაპზე საქართველოს 5 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს წარგზავნილი, ხოლო, საქართველოს პარლამენტის 22 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დამატებით ოცეულს გაგზავნის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG