Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ვამარცხებთ ვირუსებს


ყოველ ზამთარს თავს იჩენს გაციება და ვირუსები და უამრავი ადამიანი ავადდება. სურდო, სახსრების ტკივილი, მაღალი სიცხე - წელიწადის ამ დროს დაავადებების ყველაზე ტიპიური სიმპტომებია ხოლმე. გრიპის ვირუსმა სუსტი ორგანიზმის მქონე ადამიანის სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ს სამეცნიერო საიტზე ახლახან გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, სიცოცხლისთვის განსაკუთრებულად საშიშ ვირუსებს შორის მეცნიერები ასახელებენ ებოლას ჰემორალგიურ ცხელებას, რომელსაც ეპიდემიის პერიოდში დაავადებულთა 90 პროცენტის სიკვდილი მოაქვს; ცოფს, რომელიც ნევროლოგიური სიმპტომების დაწყების შემდეგ, როგორც წესი, ფატალური შედეგით მთავრდება; და ნატურალურ ყვავილს, რომელიც ინფიცირებულთა 30 პროცენტის სიკვდილს იწვევს.

მეცნიერები ვირუსებს წლებია შეისწავლიან. ზოგიერთი ვირუსის დამარცხება უკვე შესაძლებელია ვაქცინებით და წამლებით, - მათ შორისაა ნატურალური ყვავილი და წითელა, - თუმცა ვირუსების ნაწილი ყოველ წელს ბრუნდება ხოლმე. რატომ არის ასე რთული მათთან ბრძოლა?

როგორ მოქმედებს ვირუსი

ვირუსები ადამიანის უჯრედებზე დაახლოებით ასჯერ პატარა ზომისაა. მათ ბევრი სხვადასხვანაირი ფორმა აქვთ და არიან ყველგან, სადაც დაინფიცირებისთვის გამოსადეგი უჯრედებია. ვირუსი, ფაქტობრივად, დედამიწაზე ყველაზე გავრცელებულ ბიოლოგიურ ერთეულს წარმოადგენს.
სხეულში შეღწევის შემდეგ ვირუსი ცდილობს უჯრედებზე მიიტანოს იერიში.
თუ ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსს ამოიცნობს, როგორც უცხო ერთეულს, ვირუსი მანამდე ნადგურდება, სანამ უჯრედში შეაღწევდეს. მაგრამ თუ მისი ამოცნობა და განადგურება ვერ მოხერხდა, მაშინ ინფიცირების პროცესი იწყება.
უჯრედში შეღწევის შემდეგ ვირუსს შეუძლია მიიტაცოს უჯრედის ბუნებრივი გამრავლების პროცესი, რის შემდეგაც უჯრედი ვირუსის ბევრი ასლის კეთებას იწყებს. შემდეგ ეს ვირუსები უჯრედიდან გამოაღწევენ, თავად უჯრედს ანადგურებენ და სხვა ბევრ უჯრედზე ცდილობენ იერიშის მიტანას, თუკი მათ იმუნური სისტემა არ გაანადგურებს. ამ ეტაპზე ინფექცია უკვე შეიძლება სხვა ადამიანებზეც გადავიდეს.

ეს პროცესი შესაძლოა ძალიან სწრაფად განვითარდეს და გამანადგურებელი შედეგები მოიტანოს. 1918 წელს ვირუსმა, რომელსაც ხალხში „ესპანურ გრიპს“ უწოდებდნენ, მსოფლიოში 50 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.

ვირუსი და იმუნური სისტემა

ადამიანის იმუნური სისტემა ძალიან ეფექტიანია ვირუსულ თავდამსხმელებთან ბრძოლაში.

ვირუსების მიერ გამოწვეული ზოგიერთი სიმპტომი - მაგალითად, მაღალი სიცხე, გულისრევა და დაღლილობა - სხეულის თავდაცვის მექანიზმების მუშაობის შედეგია. გრიპის და გაციების ბევრ შემთხვევაში იმუნური სისტემა ახერხებს ინფექციის გადადგურებას.

იმუნური სისტემის მიერ რეაგირება იწვევს „შეძენილ იმუნიტეტად“ წოდებულ ფაქტორს - ორგანიზმი „იმახსოვრებს“ ვირუსებს, რათა მათი დაბრუნების შემთხვევაში სწრაფად შეძლოს მათი განადგურება. ამ მექანიზმის შედეგად, ბევრ ვირუსთან მიმართებით ჩვენი ორგანიზმი რეზისტენტული ხდება. ამის ნათელი მაგალითია „სახადებად“ წოდებული დაავადებები - ბავშვობაში ერთხელ გადატანილი წითელა მთელი ცხოვრების განმავლობაში რეზისტენტულს გვხდის ამ ვირუსის მიმართ.

მეცნიერები სწორედ ამ პრინციპს დაეყრდნენ ადამიანების ვირუსებისგან დაცვის საქმეში და მნიშვნელოვანი წარმატებაც მოიპოვეს. საუბარია ვაქცინაციაზე, რომელიც, როგორც ცნობილია, შემდეგ პრინციპს ეყრდნობა: ორგანიზმს ხელოვნურად აიძულებს ვირუსების ცნობას, დაინფიცირების გარეშე, და ამ გზით რეალური ვირუსების მიმართ რეზისტენტულს ხდის.

საკუთრივ ამ პრინციპს უკვე საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. მე-17 საუკუნეში, მაგალითად, ადამიანებმა ნატურალური ყვავილის გამონაყარის - ფუფხის - შესუნთქვა ან კანში შეზელვა დაიწყეს იმუნური რეაქციის გამოწვევის მიზნით, რამაც ბევრი საკუთრივ ვირუსისგან დაიცვა.

შემდეგ, 1796 წელს, ბრიტანელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა ნატურალური ყვავილის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა, რასაც 1980 წლისთვის ამ დაავადების გაქრობა მოჰყვა.

ეს სამედიცინო მიღწევების ისტორიაში ერთ-ერთ მწვერვალად ითვლება. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთ დროს ფატალური დაავადების სრული, გლობალური აღმოფხვრის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

მაშ რატომ არ შეიძლება ვაქცინებმა ყველა ვირუსი დაამარცხოს?

ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილების ამოცნობის გზით მუშაობს, მაგრამ არის ვირუსები, რომელთა ცილებიც მუდმივად იცვლება ვირუსის მუტაციის პროცესში და, ამდენად, კონკრეტულ წელს შემუშავებული ვაქცინა მომდევნო წელს უკვე აღარ არის ეფექტიანი.

ზოგიერთი ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გამოგონება საერთოდ ვერ ხერხდება. მათ შორისაა HIV, ანუ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი.

აცრების გარდა, ვირუსებთან ბრძოლის კიდევ ერთი გზა მედიკამენტებია. თუმცა ვირუსებთან მიმართებით ისინი გაცილებით ნაკლებად ეფექტიანია, ვიდრე ბაქტერიებთან. ანტიბიოტიკებს ბაქტერიის მოკვლა შეუძლია მისი უჯრედების კედლების განადგურებით. მაგრამ ვირუსის გარე ზედაპირი თითქმის იდენტურია იმ უჯრედის მემბრანისა, რომელშიც ვირუსს ბინა უდევს, რაც ვირუსის ამოცნობას ძალიან ართულებს.

თუმცა ვირუსებთან საბრძოლველი ბევრი წამალიც შემუშავდა, რომლებიც ვირუსების სიცოცხლისუნარიანობას უშლის ხელს. ზოგიერთი მედიკამენტი ვირუსის უჯრედში განთავსებას ართულებს, სხვები ვირუსების მიერ უჯრედებში თავიანთი გენეტიკური მასალის ჩანერგვას აღკვეთენ.

კომბინირებული გამოყენებისას ანტივირუსული წამლების ნაწილი საკმაოდ ეფექტიანია კონკრეტულ ვირუსებთან ბრძოლაში. მაგალითად, მედიკამენტებით მკურნალობა საგრძნობლად ახანგრძლივებს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებულთა სიცოცხლეს.

რა გავაკეთოთ საფრთხის შესამცირებლად?

ვაქცინების და წამლების ეფექტიანობა ყოვლისმომცველი არ არის. ამის გამო ექიმები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინფიცირების საფრთხის შემცირებისთვის ბრძოლას. ექიმები გვირჩევენ ავადმყოფობის დროს სახლში დავრჩეთ, რათა ვირუსი სხვებს არ გადავდოთ. ასევე, აუცილებელია ვირუსულ ნაწილაკებთან შეხების მაქსიმალურად შემცირება - ხელების ხშირი დაბანით და ჰიგიენის დაცვით.

ვირუსები ძალიან მარტივ ორგანიზმს წარმოადგენენ, თუმცა ჩვენი ინფიცირებისას მათი ეფექტიანობა ძალიან მაღალია. მეცნიერების აზრით, შეიძლება ვირუსების საბოლოო დამარცხება ვერასოდეს მოხერხდეს, თუმცა ვაქცინაციის, მედიკამენტებისა და სწორი თავდაცვითი ნაბიჯების გზით, ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ ვირუსების ყველაზე მავნე შედეგები.
XS
SM
MD
LG