Accessibility links

logo-print

ვის და რატომ ათავისუფლებენ სამსახურიდან


თბილისის მერიის შენობა

თბილისის მერიის შენობა

ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოთა თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი ბოლო ხანებში პოლიტიკური დაპირისპირების საგნად იქცა. ამ თემაზე შეკითხვების დასასმელად 8 ოქტომბერს თბილისის მერიაში, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შესვლას ამაოდ ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. გათავისუფლების პროცესში პრობლემებს ხედავს და საკითხს ყურადღებით აკვირდება არასამთავრობო სექტორი, რომლის წარმომადგენლებიც საჯარო მოხელეებს საკუთარი უფლებების დაცვას ურჩევენ. მერიაში კი პრობლემას ვერ ხედავენ.

უკანონოდ გათავისუფლებულთა ბედით დაინტერესების მოტივით, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შესვლას თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკანორ მელია და თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ცდილობდნენ. ისინი იქ ვერ მოხვდნენ და თავიანთი მოსაზრებები და ეჭვები მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს გაუზიარეს. ირაკლი აბესაძე დარწმუნებულია, რომ მასობრივ გათავისუფლებას ძირითადად ნეპოტიზმი უდევს საფუძვლად:

”ნარმანიას და მის სამთავრობო გუნდს არ ჰყოფნის გამბედაობა, არა აქვთ არგუმენტები იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ჩვენ ვაცხადებთ. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული მიზანი - ნებისმიერ ფასად მერიიდან გაყარონ ადამიანები იმისათვის, რომ საკუთარი მეგობრები, ნათესავები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაასაქმონ”.

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

”ჩვენ მათი შოუსთვის არ გვცალია. მე მათ ვურჩევდი ცუდ შოუმენობას შეეშვან”, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია 8 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს. მან თქვა, რომ ირაკლი აბესაძეს, როგორც საკრებულოს წევრს, ჰქონდა უფლება შესულიყო სხდომაზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, რადგანაც სინამდვილეში მისი მიზანი ეს არ ყოფილა. დაახლოებით იგივეა ნათქვამი თბილისის მერიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშიც, სადაც ასევე უარყოფილია საჯარო მოხელეთა უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებული ვარაუდები და ეჭვები. ფრაგმენტი განცხადებიდან:

”იმ ადამიანთაგან, ვისაც სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, თუ სასამართლო რომელიმე მათგანზე მიიღებს სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილებას, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს დავემორჩილოთ კანონს.

რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ მერიიდან ან მისი სტრუქტურული ერთეულებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არის სიცრუე. იმ მოხელეთაგან, ვინც მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე მუშაობდა, 95% ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. ამიტომ გათავისუფლების ცალკეული შემთხვევები პოლიტიკურ დისკრიმინაციასთან არანაირ კავშირში არ არის. მათი ნაწილი პირადი განცხადების საფუძველზე, ნაწილი კი ადმინისტრაციული დარღვევების გამო გათავისუფლდა”.

პირდაპირ კანონში წერია, რომ მუქარა იმ მიზნით, რომ შენ დაწერო განცხადება და წახვიდე სამსახურიდან, არის სისხლის სამართლის დანაშაული. შეიძლება შენ დაგემუქრნენ რაღაცის გაკეთებით, შეიძლება - შენს ახლობელს, ოჯახის წევრს, შეიძლება სიტყვიერი მუქარა იყოს, შეიძლება ფიზიკურადაც შეგეხნენ - ყველაფერი იგულისხმება მუქარაში, რაც შენი ნების საწინააღმდეგოდ არის...

საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლება კვლავაც რჩება ერთ-ერთ უმთავრეს ასპექტად, რასაც საქართველოს მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციების ეჭვები და ვარაუდები უკავშირდება. მაგალითად, ერთი ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ გახმაურდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარებისათვის მიმართა თბილისის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესიკ დონაძემ და განაცხადა, რომ სამსახურის დატოვების მოთხოვნით მასზე ზეწოლა ხორციელდება გამგებლის, გამგეობის აპარატის უფროსისა და ასევე გამგეობის სხვა თანამდებობის პირების მხრიდან. ბესიკ დონაძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართა და აუდიოჩანაწერების სახით მტკიცებულებები წარუდგინა. მან ასევე განაცხადა, რომ ”პირადი ინიციატივით სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დააწერინეს ისნის რაიონის გამგეობაში დასაქმებულ 40-მდე ადამიანს, განცხადებებზე არ არის მითითებული მათი დაწერის თარიღები, რაც ზემდგომი თანამდებობის პირებს ნებისმიერ დროს ამ განცხადებათა გამოყენების შესაძლებლობას აძლევს”.

როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების კოორდინატორმა ლევან ნატროშვილმა უთხრა 8 ოქტომბერს რადიო თავისუფლებას, ადამიანები კვლავ დასაქმების იმედით ზოგჯერ, მართლაც, წერენ განცხადებებს საკუთარი ნებით, მაგრამ შემდეგ მოტყუებულები რჩებიან. არის ეჭვი, რომ ადამიანები სამსახურს ზოგჯერ მუქარის შიშით ტოვებენ:

”პირდაპირ კანონში წერია, რომ მუქარა იმ მიზნით, რომ შენ დაწერო განცხადება და წახვიდე სამსახურიდან, არის სისხლის სამართლის დანაშაული. შეიძლება შენ დაგემუქრნენ რაღაცის გაკეთებით, შეიძლება - შენს ახლობელს, ოჯახის წევრს, შეიძლება სიტყვიერი მუქარა იყოს, შეიძლება ფიზიკურადაც შეგეხნენ - ყველაფერი იგულისხმება მუქარაში, რაც შენი ნების საწინააღმდეგოდ არის. ტონს და სიტყვებს, ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვეულებრივ ტონზეც რომ გითხრას, შენ განცხადება უნდა დაწეროო, ეს უკვე ზეწოლაა და ეს შეიძლება გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი”.

ლევან ნატროშვილი

ლევან ნატროშვილი

ლევან ნატროშვილი მოუწოდებს მუქარის ადრესატ საჯარო მოხელეებს, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს. ამასთან, რეორგანიზაციისა თუ ატესტაციის პროცესში უკანონოდ გათავისუფლებულთა დახმარება თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსაც“ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ცოტა უფრო ძნელია იმის დამტკიცება, რომ გათავისუფლება უკანონოა.

მოვლენების შემდგომი განვითარება დიდწილად დამოკიდებულია კონკურსზეც, რომელში მონაწილეობის საშუალება აქვს ყველას - როგორც მოქმედ თანამშრომლებს, ასევე გარეშე პირებს და მათაც, ვინც ატესტაცია ვერ გაიარა. საკონკურსო ვადებმა უკვე ოთხჯერ გადაიწია და ამ ეტაპისთვის ბოლო ვადა 2014 წლის 31 დეკემბრამდეა განსაზღვრული. მართალია, წლის ბოლომდე დიდი დრო აღარ რჩება, მაგრამ ჯერ ისევ შესათანხმებელია კონკურსის ჩატარების პირობები და ის მექანიზმები, რამაც ამ პროცესისადმი ნდობა უნდა უზრუნველყოს.

პარალელურად, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო მოხელეთათვის მათი უფლებების განმარტების კამპანიას იწყებს. როგორც ლევან ნატროშვილმა გვითხრა, საჯარო მოხელეთა ერთმა ნაწილმა ელემენტარულად ისიც კი არ იცის, რომ, მაგალითად, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევაში ვერანაირ ფულად კომპენსაციას ვეღარ მიიღებენ ანდა, მაგალითად, ბევრმა არც ის იცის, რომ გათავისუფლების ბრძანებაში დასახელებული მიზეზები კანონის კონკრეტული მუხლების შესაბამისი უნდა იყოს და რომ შესაძლებელია ბრძანების გასაჩივრებაც და, სასამართლოს მოგების შემთხვევაში, სამსახურში დაბრუნებაც.

XS
SM
MD
LG