Accessibility links

logo-print

ნატო-საქართველო-აზერბაიჯანის თემა ბაქოში


ირაკლი ალასანია (მარცხნივ), ილჰამ ალიევი

ირაკლი ალასანია (მარცხნივ), ილჰამ ალიევი

18-19 მარტს ბაქოს თბილისის წარგზავნილი ორი მინისტრი სტუმრობდა და, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ორივე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს. საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მეზობელ ქვეყანაში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გეგმით მოქმედებდნენ, თუმცა შეხვედრებისა და საუბრების გამოკვეთილ აქცენტებს ორივე შემთხვევაში წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკური კურსი და უსაფრთხოების საკითხები.

”აზერბაიჯანი და საქართველო ასრულებენ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს რეგიონში და აქვთ მომავალზე ორიენტირებული მნიშვნელოვანი პროექტები” - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამ სიტყვებს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს და იქვე ხაზგასმით აღნიშნავს მეორე აქცენტს, რომლის მიხედვითაც, საქართველო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც იგივე წყარო იტყობინება, მაია ფანჯიკიძემ ეს განცხადება 19 მარტს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ელმარ მამედიაროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში 18 მარტს პრეზიდენტ ილხამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო, შემდეგ კი შეხვედრები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შედგა. მინისტრის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობის გარდა, შეხვედრებზე განიხილებოდა ურთიერთობების საკითხები მრავალმხრივ ფორმატში.

”განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ჩვენს ორ ქვეყანას აკავშირებს და ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ეს ურთიერთობა, ეს თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ჩვენ გვაკავშირებს ბევრი ეკონომიკური პროექტი ერთმანეთთან და ამ პროექტების მნიშვნელობა არის უდავოდ ძალიან დიდი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის”.

საგარეო საქმეთა მინისტრისგან დამოუკიდებლად, ბაქოში ხელისუფლების წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც ხვდებოდა. ”ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკურ სივრცეში, საერთაშორისო ინსტიტუტებში ჩვენს კოორდინირებულ, ერთიან პოზიციებზე”, - განაცხადა 18 მარტს ირაკლი ალასანიამ საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან შეხვედრის შემდეგ.

რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საქართველოს ახალი ხელისუფლება მეზობლებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში რომ ხედავს, ეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 18 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც აღნიშნა. საქართველო, რომლისთვისაც უცვლელი და ურყევია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ერთობლივი პროექტების მთელ წყებას, სადაც საპატიო ადგილს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტიც იკავებს:

”ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვაფასებთ ყველა იმ პროექტს, რომელიც დაწყებულია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის - განსაკუთრებით იმ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ მომავალს ევროპაში, ევროატლანტიკურ სივრცეში. მათ შორის არის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი, რომელიც, იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დასრულდება. ეს კიდევ ერთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ასევე ჩვენს ნატოელ პარტნიორებს გამოადგებათ და აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებული გახდება ამ სივრცეში“.

მინისტრს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი შემთხვევით არ უხსენებია, - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი. ექსპერტი ამ ყველაფერს აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებულ იმ პროცესებს უკავშირებს, რომლებმაც ორიოდე დღის წინ თავი იჩინა მოსკოვში სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ვიზიტის დროს. კომენტარებიდან ირკვევა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკითხით საკმაოდ დაინტერესდა და ამ საკითხზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბსაც მოეთათბირა. მართალია, არა გაცხადებულად, მაგრამ გოგი ხუციშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ პროცესებს ეპასუხება ირაკლი ალასანიას კომენტარიც:

”ეს არის გარკვეული დამაბალანსებელი ნაბიჯები, რომ არ შეიქმნას გარკვეული გადახრა და არავის არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის მოულოდნელი ნაბიჯები გადავდგათ, რომ რაღაც უკუნაბიჯები იდგმება, მათთან შესაბამისი კონსულტაციების გარეშე”.

ეს, რაც შეეხება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის აქცენტს ნატოსთან კავშირში. ზოგადად კი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თემა თავდაცვის მინისტრის ბაქოში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენდა. აქვე ვთქვათ, რომ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული 1 მარტის მონაცემებით, აზერბაიჯანს ნატოს ეგიდით მოქმედ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში 94 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს წარგზავნილი, ხოლო საქართველოს - 1561. აზერბაიჯანელ კოლეგასთან, საფარ აბიევთან შეხვედრის დროს მინისტრებმა დასახეს ერთობლივი მუშაობის გეგმები ავღანეთში, - როგორც ამჟამად ჯერ ისევ მიმდინარე მისიის ფარგლებში, ასევე პოსტ-ISAF-ის პერიოდში, - ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების დახმარების კუთხით. საქმე განათლებასაც შეეხო: თუკი ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის - „საქართველო III“-ის - ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი საინჟინრო ასეულის წვრთნა აზერბაიჯანის ეროვნულ განაღმვის ცენტრში მიმდინარეობდა, ქართული მხარე აზერბაიჯანელ სამხედროებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზამთრისა და ზაფხულის კურსების გავლას სთავაზობს.

18 მარტს ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ერთწლიანი გეგმა დამტკიცდა და აზერბაიჯანის სამხედრო მრეწველობის მინისტრ იავერ ჯამალოვთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ექსპერტთა ჯგუფები ამ მიმართულებითაც იმუშავებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG