Accessibility links

რუსეთის მართლმადიდებელი კულტურის დამცველი პოლიტიკოსი კოსოვოელ სერბებს დამხმარედ მოევლინა


ვიტალი მილონოვი

ვიტალი მილონოვი

არასამთავრობო ორგანიზაციის გახსნა ქვეყანაში, რომელსაც არ აღიარებ, საკმაოდ რთული ამბავია. როგორ უნდა მიმართო რეგისტრაციის თაობაზე განაცხადით ოფიციალურ პირებს, რომლებსაც მუდმივად „ოკუპანტებს“ უწოდებ?

ამ სირთულის წინაშე აღმოჩნდა ვიტალი მილონოვი, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის საკრებულოს დეპუტატი. მის სახელს არაერთი უთანხმოება თუ სკანდალი უკავშირდება. შარშან ის საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ავტორი „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონისა. ეს კანონი შემდგომში მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოღებულ კანონმდებლობას დაედო საფუძვლად.

2014 წლის იანვარში მილონოვი ბალკანეთის პოლიტიკაში ჩაერთო - განაცხადა, რომ ხსნის ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციას კოსოვოს ეთნიკურად ჭრელ ქალაქ მიტროვიცაში, რომელიც კოსოვოსა და სერბიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
უნდა არსებობდეს ცენტრი, სადაც მუდამ იქნებიან როგორც ჩვენი მუშაკები, ისე სერბიული მხარის წარმომადგენლები, იმისათვის, რომ ეფექტიანად შევძლოთ ისლამური ალბანელი ოკუპანტების, თურქი ფაშისტების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევების აღრიცხვა...

მილონოვმა თავის ორგანიზაციას „ადამიანის უფლებების რუსული ცენტრი“ უწოდა. ის აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიზანი იქნება კოსოვოს ეთნიკურად სერბი მოსახლეობის დაცვა, ადამიანების, რომლებიც, მილონოვის თქმით, „ალბანელი ოკუპანტების“ მხრიდან „ჭეშმარიტი გენოციდის“ მსხვერპლნი არიან.

19 იანვარს მილონოვი თავისი მიზნების შესახებ „როიტერსის“ კორესპონდენტებს ესაუბრა: „უნდა არსებობდეს ცენტრი, სადაც მუდამ იქნებიან როგორც ჩვენი მუშაკები, ისე სერბიული მხარის წარმომადგენლები, იმისათვის, რომ ეფექტიანად შევძლოთ ისლამური ალბანელი ოკუპანტების, თურქი ფაშისტების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის შემთხვევების აღრიცხვა და ინფორმაციის ოპერატიულად გადაცემა რუსეთის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციებისათვის“.

კოსოვო სერბიის ყოფილი რეგიონია, რომელმაც 2008 წელს ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ის 109 ქვეყნის მიერაა აღიარებული, მათ შორის, ევროკავშირის 28 წევრიდან 23 სახელმწიფოს მიერ. სერბია და რუსეთი კოსოვოს არ ცნობენ, თუმცა ევროკავშირის შუამავლობით წარმოებული პროცესის ფარგლებში ბელგრადმა პრიშტინასთან ურთიერთობის ნორმალიზება დაიწყო.

კოსოვოს 2 მილიონამდე მცხოვრების 90 პროცენტამდე ეთნიკური ალბანელია, დაახლოებით 4 პროცენტი - სერბი. კოსოვოს ეთნიკურად სერბი მოსახლეობის დიდ ნაწილს რეგიონის დატოვება მოუხდა გვიანი 1990-იანი წლების კოსოვოს ომის დროს.

კოსოვოს ომის დროს, სერბების მხრიდან ძალადობის შედეგად, ათასობით ეთნიკური ალბანელი იქნა მოკლული, გაუპატიურებული და რეგიონიდან გაძევებული. ომი 1999 წელს ნატოს საჰაერო შეტევის შედეგად დასრულდა.

მილონოვის თქმით, მისი ახალი ენჯიო მხოლოდ და მხოლოდ კერძო წყაროებით ფინანსდება და თავად ის ამ ორგანიზაციაში ჩართულია როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და არა რუსეთის ოფიციალური პირი.

სხვა ბრალდებებთან ერთად, მილონოვი აცხადებს, რომ კოსოვოში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი მისია ხშირად კოსოვოელი სერბების კერძო საკუთრების კონფისკაციას ახდენდა. ეს ბრალდება პერიოდულად გაისმის ხოლმე, თუმცა დოკუმენტაცია, რომელიც ამას დაადასტურებდა, ძალიან მწირია.

მილონოვის ორგანიზაციამ მუშაობა უკვე დაიწყო, თუმცა იურიდიულად ის რეგისტრაციაში არ არის გატარებული.

საჯარო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ზეჩირ ბეკოლიმ, რომელიც კოსოვოში არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრირებას ხელმძღვანელობს, რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს უთხრა: „2014 წლის იანვრის მონაცემებით, საჯარო ადმინისტრაციის სამინისტროს მისამართზე არანაირი რუსული არასამთავრობო ორგანიზაციისგან არ შემოსულა განაცხადი“.
ბელგრადში მოქმედი მთავრობისგან ბევრს არაფერს უნდა ველოდეთ. ამდენად, მართლმადიდებლობისა და რუსეთის კუთხით არსებულ კავშირებს მე ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები სერბებისთვის დადებით მოვლენად აღვიქვამ...

როგორც, ალბათ, მოსალოდნელი იყო, მიტროვიცაში მილონოვის ინიციატივის მიმართ ორგვარი დამოკიდებულება გვხვდება.

ადრიანა ჰოჯიჩი, ბოსნიური თემის წარმომადგენელი და ჩრდილოეთ მიტროვიცაში მცხოვრები აქტივისტი, თვლის, რომ დაურეგისტრირებელი ორგანიზაციების არსებობა „ანარქიას“ გამოიწვევს: „მე მართლა ვფიქრობ, რომ ეს ანარქია უნდა დასრულდეს. ზომები უნდა იქნეს მიღებული საიმისოდ, რომ ამგვარი ნაბიჯები კონტროლს დაექვემდებაროს“.

მეორე მხრივ, კოსოვოელი სერბები - მაგალითად, ნიკოლა იოვანოვიჩი - მილონოვის მიერ გამოვლენილ ყურადღებას დადებითად აფასებენ: „ბელგრადში მოქმედი მთავრობისგან ბევრს არაფერს უნდა ველოდეთ. ამდენად, მართლმადიდებლობისა და რუსეთის კუთხით არსებულ კავშირებს მე ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები სერბებისთვის დადებით მოვლენად აღვიქვამ“.

ამავე აზრისაა მიტროვიცაში მცხოვრები კიდევ ერთი სერბი, ზორიცა რისტიჩი: „ძალიან მინდა ეს ორგანიზაცია ამოქმედდეს, ამგვარი რამ რეალურად დაარსდეს“.

კოსოვოში ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას მილონოვი პროვოკაციული და აგრესიული იყო: „ევროპელი პოლიტიკოსები თქვენ, [ეთნიკურ სერბებს] გეუბნებოდნენ, გთხოვთ, მოთმინება გამოიჩინოთ და ალბანელი ერის მიმართ უფრო ზრდილობიანები იყოთო. მაგრამ, მეორე მხრივ, ალბანელი ერი არ აპირებს მშვიდობიანი ინიციატივების ფარგლებში დარჩენას. ალბანელი ერი თქვენ ამ რეგიონიდან გაგაძევებთ. ესაა ამ ტერიტორიის - ასე ვიტყვი - ოკუპანტი რეჟიმის მთავარი მიზანი: ამ რეგიონში მართლმადიდებელი ქრისტიანების განადგურება“.

მილონოვის განცხადებით, მისი ორგანიზაცია დააფინანსებს მიტროვიცაში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობას და ეცდება კოსოვოელ სერბებს რუსეთში სასწავლებლად წასვლის საშუალება მისცეს.

მილონოვის ინიციატივა ემთხვევა პერიოდს, როცა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი, კოსოვოსა და სერბიას შორის შეთანხმების მიღწევაზე მუშაობს. ამ შეთანხმებამ კოსოვოს ცენტრალურ მთავრობასა და რეგიონის ჩრდილოეთის სერბ მოსახლეობას შორის ურთიერთობა უნდა მოაწესრიგოს.
XS
SM
MD
LG