Accessibility links

დღეიდან, 1 აპრილიდან, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა ვიზის გარეშე მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტების თანახმად, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აფხაზეთში ვრცელდება რუსეთის ფედერაციის, ნიკარაგუის, ტუვალუს და თვითაღიარებული დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის. რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამარტივებულ რეჟიმში გადაადგილება შეეძლებათ ასევე უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების, მოქალაქეებს.

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისა და გამოსვლის შესახებ“. კანონის მიხედვით, სავიზო რეჟიმი გავრცელდება უცხოეთის ქვეყნების იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებთანაც სოხუმს არ აქვს გაფორმებული სამთავრობათშორისი შეთანხმება ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ. სავიზო რეჟიმის დაწესება, გავრცელებული ცნობით, იმიგრაციის კონტროლის გაძლიერების შესაძლებლობას იძლევა.

დიდად არ უმძიმებს, პრინციპში, თუნდაც, ვთქვათ, ევროპელებს იქ ჩასვლას, რომლებიც ისედაც რაღაცნაირად მოძრაობენ აფხაზეთში სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, იმიტომ რომ რამდენიმე დღით ადრე ონლაინანკეტას ავსებს და შედის აფხაზეთის ტერიტორიაზე და საკონსულო განყოფილებას მიმართავს აფხაზეთში და იქ იღებს ვიზას...

როგორც მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან გერაძე გვეუბნება, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების სისტემიდან აფხაზეთი ამოვარდნილია და ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს საკითხს იმის შესახებ, ექნება თუ არ ექნება ვიზები აფხაზეთს:

“შეიძლება დააკლდეს იმ ადამიანების რიცხვი აფხაზეთს, რომლებიც იქ დადიან, ერთადერთი ეს არის. სხვა მეტი რაიმე ცვლილება ან რაიმე ისეთი ზეგავლენა მოახდინოს არსებულ ვითარებაზე, ეჭვი მეპარება. ერთადერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში დადგეს, ეს არის გალის რაიონის მოსახლეობა, რომელსაც უწევს დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა და უკან დაბრუნება“.

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი კი განმარტავს, რომ კონკრეტულად ეს წესი, რომელიც სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შემოიღო სოხუმმა, ძირითადად მაინც მიმართულია უცხო ქვეყნის და არა საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებზე. ქეთევან ციხელაშვილის თანახმად, რეგულაციიდან მომავალი რისკიც ძირითადად დაკავშირებულია საქართველოს მეგობრების დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვასთან:

“ელჩებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებენ ან ადამიანის უფლებებზე მიმართულ სხვა ტიპის სოციალურ პროექტებს ახორციელებენ, შესაძლოა მათ დამატებითი შეზღუდვები დაუწესონ, გაურთულონ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ საოკუპაციო რეჟიმის სახეს და მის მიზნებსა და ამოცანებს, რომ კიდევ უფრო გაამყაროს ამ რეგიონების იზოლაცია და ერთადერთი, ვინც არის წარმოდგენილი იქ ყველა სფეროში, არის რუსეთი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო შეღწევადობა იყოს ნაკლები, რაც, რა თქმა უნდა, იქნებოდა ნეგატიური“.

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ, არაღიარების პოლიტიკის სიმყარიდან გამომდინარე, სოხუმის ახალ რეგულეციებსა და ეგრეთ წოდებულ კანონებს სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები არ ექნება, რასაც ვერ ვიტყვით ჰუმანიტარულ შედეგზე. საკითხი მსჯელობის საგანი გახდა ჟენევის ფორმატში გასულ კვირას გამართულ დისკუსიაზე და დღის წესრიგში დარჩება მომავალშიც. იმ აზრს, რომ სიახლე ზოგადად დიდად არაფერს ცვლის, იზიარებს შორენა ლორთქიფანიძეც, წარმომადგენელი კვლევითი ცენტრისა “სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე“. თუმცა, მეორე მხრივ, იგი ფიქრობს, რომ აფხაზეთის მთავრობა დაგეგმილ სიახლეს მომზადებული შეხვდა და სიახლე არც ევროპელთა დე ფაქტო აფხაზეთში შესვლას შეუშლის ხელს:

“დიდად არ უმძიმებს, პრინციპში, თუნდაც, ვთქვათ, ევროპელებს იქ ჩასვლას, რომლებიც ისედაც რაღაცნაირად მოძრაობენ აფხაზეთში სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, იმიტომ რომ რამდენიმე დღით ადრე ონლაინანკეტას ავსებს და შედის აფხაზეთის ტერიტორიაზე და საკონსულო განყოფილებას მიმართავს აფხაზეთში და იქ იღებს ვიზას, ან შეიძლება ოდნავ გაუძვიროს მათ ეს შესვლის შესაძლებლობა აფხაზეთში, თუმცა რაღაცა დიდი ცვლილებები, რომ მოძრაობა შეიზღუდება, ხალხი აღარ ჩავა, ასეთი რამე არ იქნება“.

შორენა ლორთქიფანიძე ყურადღებას ამახვილებს „საქართველოს ოკუპაციის შესახებ“ კანონის ფარგლებში მოსალოდნელ სანქციებზე იმ უცხოელების მიმართ, როლებიც სავიზო რეჟიმით ისარგებლებენ აფხაზეთში. ექსპერტი აქვე აზუსტებს იმასაც, რომ საჭიროა საქართველოს ხელისუფლების დაგეგმვისა და ხედვის არეალში მოექცეს ის პროცესები, რომლებსაც აფხაზეთში აქვს ადგილი. შექმნილ ვითარებაში კი, შორენა ლორთქიფანიძის თანახმად, სრულიად აშკარაა აფხაზეთის კვაზისახელმწიფოს მცდელობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას დამოუკიდებლობისაკენ.

2016 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რეჟიმი აფხაზეთის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის უფლებას აძლევდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდავეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ასევე სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის თვითაღიარებული რესპუბლიკები. უვიზო რეჟიმი ვრცელდებოდა ასევე ვენესუელაზე, ნიკარაგუაზე, ვანუატუსა და ნაურუზე.

დე ფაქტო საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროები, საემიგრაციო სამსახური სავიზო რეჟიმის შემოღებას და ეგრეთ წოდებული საზღვრის გაკონტროლებას ახალი ნორმატიული ბაზით შეხვდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG