Accessibility links

ვლადიმერ ბედუკაძე: ”მე მიზანს მივაღწიე - ციხეებში წამება შეწყდა”


ელზა ჯმუხაძე, ვლადიმერ ბედუკაძე

ელზა ჯმუხაძე, ვლადიმერ ბედუკაძე

რატომ და ვისი დავალებით იღებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე ციხის სკანდალურ კადრებს? და რატომ თვლის ის თავს უდანაშაულოდ? მას შემდეგ, რაც ბელგიიდან საქართველოში დაბრუნებული ვლადიმერ ბედუკაძე სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მან და მისმა ადვოკატმა პირველი პრესკონფერენცია გამართეს.

ციხის სკანდალური კადრების ავტორს ვლადიმერ ბედუკაძეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამართულ პირველ პრესკნფერენციაზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, მედიისათვის კონკრეტული არაფერი უთქვამს: ”მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო იმაზე, თუ რა ჩვენება მივეცი გამოძიებას”, ”ამ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ”, ”ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ...” - ასეთი ფრაზებით შემოიფარგლებოდა მისი პასუხები ჟურნალისტების მიერ დასმულ უმეტეს შეკითხვაზე. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ვლადიმერ ბედუკაძემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურას მიაწოდა სროლყოფილი ინფორმაცია, მათ შორის, ვიდეოკადრები, რომლებიც, მისი სიტყვებით, გამოძიებას დაეხმარება: ”ყველა სახის ვიდეომასალა არსებობს, რაც სჭირდება გამოძიებას და რაც დაეხმარება გამოძიებას სრულყოფილად გახსნას საქმე”.
წარმოიდგინეთ, როდესაც პატიმარს აყურებინებენ მისი ოჯახის წევრის გაუპატიურებას. წარმოიდგინეთ შემთხვევა, როდესაც მიწაში ყელამდე ჩაფლული ადამიანის თავზე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ...


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ ბედუკაძე, ციხის სკანდალური და საზოგადოებისათვის უკვე კარგად ცნობილი კადრების გარდა, სხვა, სანახავად გაცილებით მძიმე კადრებს ფლობდა, ჯერ კიდევ მის ჩამოსვლამდე გავრცელდა. ამ ინფორმაციას მედიასთან საუბარში ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატებიც ადასტურებდნენ. კიდევ უფრო მძაფრად დაახასიათა ციხეში არსებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტები მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 20 იანვარს გადაცემა ”პოსტსკრიპტუმში”. მისი სიტყვებით, პროკურატურა ფლობს მასალებს, რომლის, უბრალოდ, გაფიქრებაც კი ადამიანს შეზარავს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მან თავი შეიკავა გაემჟღავნებინა ინფორმაცია იმის შესახებ, ფლობს თუ არა პროკურატურა ამ ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას:

”მართალია, ჩემი საუბარი კადრებით არ იქნება თანხლებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ: წარმოიდგინეთ, როდესაც პატიმარს აყურებინებენ მისი ოჯახის წევრის გაუპატიურებას. წარმოიდგინეთ შემთხვევა, როდესაც მიწაში ყელამდე ჩაფლული ადამიანის თავზე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ... მთავარი პროკურორი რომ ვარ და ვფლობ ამ ინფორმაციას და ვსწავლობთ და ვმუშაობთ, ამიტომ ვამბობ ამას. მინდა ვთქვა, რომ ავადმყოფური ქცევის ფანტაზიის საზღვარი აქ არ არის”, - ამბობს არჩილ კბილაშვილი.
სულ რომ არასწორი მიმართულებით წავიდეს გამოძიება და სულ რომ სასჯელი მომესაჯოს, მე მაინც კმაყოფილი ვარ. მე მიზანს მივაღწიე, ციხეებში წამება შეწყდა...


რატომ და ვისი დავალებით იღებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე ციხის სკანდალურ კადრებს? და რატომ თვლის ის თავს უდანაშაულოდ? - ეს კითხვები ჟურნალისტებმა „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში მისულ ციხის ყოფილ თანამშრომელს არაერთხელ დაუსვეს. როგორც ის ირწმუნება, კადრების გადაღებას მას საპყრობილის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ავალებდა. ის არ მოქმედებდა საკუთარი ნებით. მისივე თქმით, თუკი ის წამების კადრებს არ გადაიღებდა, მასზე შესაძლოა სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელებულიყო. ვლადიმერ ბედუკაძის თქმით, პატიმართა წამების კადრებს მხოლოდ ის არ იღებდა და ამას პენიტენციარულ სისტემაში ერთგვარი სისტემური ხასიათი ჰქონდა შეძენილი. ზეწოლა კი ძირითადად ე.წ. პოლიტპატიმრებსა და ქურდული მენტალიტეტის მქონე პატიმრებზე ხორციელდებოდა. ის ასეევ საუბრობს იმის შესახებ, რომ პატიმართა წამებაში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ბაჩო ახალაიას. თუმცა ვლადიმერ ბედუკაძე არაფერს ამბობს იმაზე, არსებობს თუ არა ამ ფაქტების დამადასტურებელი ვიდეომასალა.

”ეს იყო მუშაობის სტილი. ხდებოდა მსჯავრდებულებზე მსგავსი ტიპის მასალის შეგროვება და შემდეგ გამოყენება როგორც ციხეში, ასევე ციხიდან გასვლის შემდეგ. სულ რომ არასწორი მიმართულებით წავიდეს გამოძიება და სულ რომ სასჯელი მომესაჯოს, მე მაინც კმაყოფილი ვარ. მე მიზანს მივაღწიე, ციხეებში წამება შეწყდა”, - ამბობს ვლადიმერ ბედუკაძე.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო ერთადერთი შანსი და საშუალება, რომ ამ ადამიანს მოეპოვებინა ეს კადრები და შემდეგ საზოგადოებისთვის გაეცნო...


სამართლებრივი სიკეთე - ასე აფასებს ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატი ელზა ჯმუხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნების საქციელს და ამბობს, რომ არსებულ სიტუაციაში ვლადიმერ ბედუკაძეს სჭირდებოდა ეთამაშა ისეთი როლი, რომელიც ციხის ადმინისტრაციას მის ერთგულებაში დაარმწუნებდა და, საბოლოოდ, მისივე სიტყვებით, ფარდას ახდიდა იმ სისასტიკეს, რაც ციხეებში ხდებოდა. სწორედ ამით ამართლებს ის ბედუკაძის თანამონაწილეობას სკანდალური კადრების გადაღებაში:

”მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო ერთადერთი შანსი და საშუალება, რომ ამ ადამიანს მოეპოვებინა ეს კადრები და შემდეგ საზოგადოებისთვის გაეცნო”, - ამბობს ელზა ჯმუხაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, პატიმრების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისთვის ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი ციხის სკანდალური ფაქტების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, გასული წლის სექტემბრის ბოლოს, წაუყენა. იმ დროისათვის ბელგიაში მყოფ ბედუკაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. ვლადიმერ ბედუკაძე

ვლადიმერ ბედუკაძე

მიმდინარე წლის 16 იანვარს კი ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა, რის მიზეზადაც პროკურატურამ ვლადიმერ ბედუკაძის გამოძიებასთან თანამშრომლობა დაასახელა. ციხის სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თბილისში ბელგიიდან 18 იანვარს დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, თუმცა მეორე დღესვე 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოსამართლემ ბედუკაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატის თქმით, ამ დროისათვის ცნობილი არ არის, როდის ჩაინიშნება მომდევნო სასამართლო სხდომა. ის იმედს გამოთქვამს, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი მოეხსნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG