Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველწლიურ მიმართვაში პუტინმა დაგმო რუსეთის საქმეებში უცხოეთის ჩარევა


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მისი ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხოელების ჩარევის წინაღმდეგ გაფრთხილებით გამოდის.

ეს განცხადება მან ოთხშაბათს, პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას, გააკეთა. ეს პუტინის პირველი ასეთი სიტყვა იყო მას შემდეგ, რაც მესამე ვადით გახდა პრეზიდენტი:

„ჩვენს საშინაო პოლიტიკურ პროცესებში გარედან პირდაპირი ან არაპირდაპირი ჩარევა მიუღებელია. საჯარო ფიგურა, რომელიც თავისი პოლიტიკური საქმიანობისთვის დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და ამით, სავარაუდოდ, სხვა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, ვერ იქნება პოლიტიკოსი რუსეთის ფედერაციაში".

პუტინი მესამე - ექვსწლიანი - ვადით მარტში აირჩიეს პრეზიდენტად, საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად.

პრეზიდენტად მის დაბრუნებას თან ახლდა ოპოზიციაზე ზეწოლის გაძლიერება. ოპოზიციის ბევრი აქტივისტი დააპატიმრეს. შემოიღეს კანონები, რომლებიც დემონსტრანტებს მაღალ ჯარიმებს უწესებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ზღუდავს.
ერთიანობა და რუსეთის სუვერენიტეტი განხილვას არ ექვემდებარება. სეპარატიზმის ან ნაციონალიზმის ნებისმიერი გამოვლინება მთლიანად უნდა აღმოიფხვრას პოლიტიკური სფეროდან...
ვლადიმირ პუტინი


ოთხშაბათის გამოსვლაში პუტინმა რუსეთის „ეროვნული და სულიერი იდენტობის“ შენარჩუნების საჭიროებაზეც ისაუბრა:

„მტკივნეულია დღეს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე ვალდებული ვარ ეს ვთქვა. რუსული საზოგადოება დღეს სულიერი კავშირების აშკარა დეფიციტს განიცდის. გულმოწყალება, თანაგრძნობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ურთიერთიერთდახმარება - ეს არის ის, რაც ყოველთვის, ისტორიის ყველა მონაკვეთში, გვაძლიერებდა და რითიც ყოველთვის ვამაყობდით“.

მისი თქმით, რუსეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დემოგრაფიული პრობლემები წარმოადგენს.

80-წუთიან, ტელეეთერით გადაცემულ გამოსვლაში პუტინმა ექსტრემიზმის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა და თქვა, მთავრობა არ დაუშვებს რუსეთის ტერიტორიაზე „დახურული ეთნიკური ანკლავების“ შექმნას, თავიანთი წესებით და კანონებითო. „ერთიანობა და რუსეთის სუვერენიტეტი განხილვას არ ექვემდებარება. სეპარატიზმის ან ნაციონალიზმის ნებისმიერი გამოვლინება მთლიანად უნდა აღმოიფხვრას პოლიტიკური სფეროდანო“, - განაცხადა მან.

ამასთან, პუტინის თქმით, უნდა გამკაცრდეს მიგრაციული კანონები - მათ შორის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის. მისი თქმით, 2015 წლისთვის რუსეთში მხოლოდ უცხოეთის პასპორტის მფლობელებს უნდა შეეძლოთ შესვლა და არა იმ პირებს, რომლებიც სხვა ქვეყნების შიდა პასპორტებით სარგებლობენ.
რუსეთის განვითარების ვექტორი 21-ე საუკუნეში - ესაა განვითარება აღმოსავლეთით. ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი ჩვენს კოლოსალურ პოტენციალს წარმოადგენს. ამაზე ჯერ კიდევ ლომონოსოვი ლაპარაკობდა და ახლა ამ ყველაფრის ხორცშესხმა უნდა მოვახდინოთ...
ვლადიმირ პუტინი


პუტინმა კორუფციასა და სოციალურ პრობლემებთან ბრძოლის გააქტიურების პირობაც დადო.

ამასთან, მან ქვეყნის რეგიონალური „განვითარების ვექტორზეც“ ისაუბრა:

„რუსეთის განვითარების ვექტორი 21-ე საუკუნეში - ესაა განვითარება აღმოსავლეთით. ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი ჩვენს კოლოსალურ პოტენციალს წარმოადგენს. ამაზე ჯერ კიდევ ლომონოსოვი ლაპარაკობდა და ახლა ამ ყველაფრის ხორცშესხმა უნდა მოვახდინოთ. ეს არის შანსი დავიკავოთ ღირსეული ადგილი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც ყველაზე ენერგიულად და დინამიკურად განვითარებად რეგიონს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში“.

პუტინი 2000 წლიდანაა ხელისუფლებაში. ის ორი ვადით იყო პრეზიდენტი, შემდეგ, ოთხი წლის განმავლობაში, - პრემიერ-მინისტრი. მარტში კი ის რუსეთს კვლავ პრეზიდენტად მოევლინა.
XS
SM
MD
LG