Accessibility links

25 იანვარს ვლადიმირ ვისოცკის დაბადებიდან 75 წელი გავიდა. ეს საიუბილეო თარიღი ყველამ თავისებურად აღნიშნა ჩვენშიც და, რა თქმა უნდა, არტისტის სამშობლოშიც. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სოციალური ქსელები მისი ფოტოსურათებით, ლექსებითა თუ სიმღერებით აივსო. რუსეთში ხსოვნის კონცერტები გაიმართა და ტელევიზიით რამდენიმე გადაცემა დაეთმო.

საერთო ფუსფუსს არც მათი პოლიტიკოსები გამოჰკლებიან - ზოგიერთმა ე.წ. "პიარზე" იზრუნა, მისი მეგობრობა დაიჩემა და გულზე მჯიხის ცემით ამტკიცა ცხონებულის სიყვარული. არადა, ვისოცკის ნამდვილი მეგობრები ცოტანი თუ წერიან ცოცხლებში. იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ყველაზე უკეთ რომ იცნობდნენ, რომლებთან ერთადაც ირჯებოდა თეატრის სცენასა თუ კინოში და, ბოლოს და ბოლოს, მაგრადაც დაულევია, გული გადაუშლია. ასეთი ხალხის მოგონებები კი გაცილებით ღირებული და ნაღდია, ვიდრე ზემოხსენებული გლამურული "ცუმპა-რუმპა".

ჰოდა, ამას წინათ ერთ ვიდეოინტერვიუს გადავაწყდი - ვისოცკის თანამედროვე, გვარიანად მივიწყებული რომელიღაც "ტაგანკელი" საუბრობდა. სამწუხაროდ, გვარი აღარ მახსოვს. სათნო, თავმდაბალი, უჩვეულოდ მორიდებული მოხუცი მამაკაცი იყო. ნებისმიერი პროფესია ხომ თავის დაღს ასვამს ადამიანს... ჰოდა, მსახიობის ღვაწლის დაფასებაზე მისი ნაღვლიანი თვალები და ძველისძველი, გაცრეცილი პიჯაკი მეტყველებდა. ამგვარი არტისტების ყოველთვის მჯერა, სანდო ხალხია. არსებითად ახალი არაფერი უთქვამს. ჯერ ვისოცკის ზნე-ჩვევებზე ისაუბრა, მეგობრობისა და ვლადიმირ ვისოცკი

ვლადიმირ ვისოცკი

სიყვარულის საოცარ ნიჭზე, არანორმალურ შრომისმოყვარეობაზე, რომელიც ზოგჯერ თვითგანადგურების ვნებას ჰგავდა. ბუნებრივია, არც ის დავიწყებია, თუ როგორ წამლავდა არტისტს მისი შინაგანი თავისუფლებითა თუ "არასწორი" აზროვნებით ნირწამხდარი საბჭოთა სისტემა. იმ ქვეყანაში, სადაც ნებააყრილი მილიონები საკუთარ გულისნადებს ერთმანეთს ჩურჩულითაც ვერ უზიარებდნენ, ერთმა ქარიზმატულმა მსახიობმა ბღავილით გაახმაურა, გაბზარული, უხეში ხმით, რომელშიც საბჭოთა მსმენელის ყურისათვის უჩვეულო თავისუფლებისა და ამბოხის ჟინი იგრძნობოდაო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ინტერვიუს ერთ საინტერესო ნაწილსაც ვახსენებ: "ტაგანკელმა" ვისოცკის ხსოვნისადმი მიძღვნილი რამდენიმე კონცერტი გააკრიტიკა, სადაც ახალგაზრდა რუსმა მომღერლებმა ბარდის სიმღერების საკუთარი ვერსიები მეტ-ნაკლები წარმატებით წარმოადგინეს, უგვანო საღამოები გაუმართესო. მის გულისტკივილს მარტივად გავუგე, რადგან ერთ-ორ ასეთ კონცერტს მეც მოვკარი თვალი: მეტი დამაჯერებლობისათვის ზოგს მაგრად ეწვალა, ხმა ვისოცკის დარადაც კი "ჩაეხრინწა" და თავნება, ჭირვეულ ცხენებზე უმღეროდა პირველ რიგში გამოჭიმულ ჰალსტუხიან ჩინოვნიკებს. მართლაც, პლასტმასივით ხელოვნური და ყალბი სანახაობა გახლდათ, იუბილარისგან არაფერი დარჩენილიყო - არც გულწრფელობა, არც გემოვნება და, რაც მთავარია, თავისუფლების ნატამალიც არსად ჩანდა.



დაბოლოს, ჩემსასაც ვიტყვი. ვერ დავიჩემებ, რომ ვლადიმირ ვისოცკის სიმღერებზე გავიზარდე ან, თუნდაც, მისმა "სპორტულმა", "სამხედრო" თუ ე.წ. "ზეკური" თემატიკის შემოქმედებამ რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე. თუმცა მისი "ბოშური" გამორჩეულად მეძვირფასება. 70-იანების ბოლო და 80-იანების დასაწყისი თუ იქნებოდა, როცა პირველად მოვისმინე და წარუშლელი მუსიკალურ-ემოციური კვალი დამიტოვა. ასაკიდან გამომდინარე, რუსული არ მესმოდა, ტექსტს რომ მოვეხიბლე. ასე რომ, დღესაც ზუსტად არ ვიცი, რამ შემაყვარა - მელოდიამ, რიტმიკამ თუ ვისოცკის შფოთიანმა ხმამ. შესაძლოა, გულწრფელობამ და თავისუფლების შეგრძნებამ, ბავშვური გამოუცდელი ყური ინტუიციურად რომ გრძნობს, ხიბლავს და აჯადოებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG