Accessibility links

logo-print

ჩაშლილი სხდომა და ვნებათაღელვა საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო


საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში გაურკვეველი ვადით გადაიდო გიგი უგულავასა და ე. წ. „კაბელების საქმისთვის“ მსჯავრდებული ხუთი პირის გაერთიანებული სარჩელების არსებითი განხილვა. 2 აგვისტოსთვის დანიშნული სხდომა პლენუმის კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. ამ ფაქტს წინ უსწრებდა ხმაურიანი პროცესები როგორც უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე მის ფარგლებს მიღმა. ისმის ბრალდებები სამართლებრივი პროცესების შეგნებულად პოლიტიზების შესახებ.

მაშინ, როცა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სხდომა უნდა გამართულიყო, მოსამართლეთა ერთი ნაწილი თბილისში უცხოელ დიპლომატებს ხვდებოდა. მოსამართლეების - ზაზა თავაძის, ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას - განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ისინი ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეხვდნენ. შეხვედრა კარგა ხნის წინ იყო დაგეგმილი, ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც იცოდა და, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია ბრალდებები სხდომის შეგნებულად ჩაშლის თაობაზე. შეკითხვას, როდის დაუბრუნდება სასამართლო გიგი უგულავასა და ე. წ. „კაბელების საქმის“ მსჯავრდებულთა სარჩელების განხილვას, მაგალითად, მოსამართლე ოთარ სიჭინავა ასე უპასუხებს:

„ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას თვითონ, დამოუკიდებლად, როგორც ეს წყდებოდა 9 წელი და ათი თვე, რას გავაკეთებთ, როგორ გავაკეთებთ და როდის გავაკეთებთ... ვერავინ თავს ვერ მოგვახვევს ვერც ცალკეულ მოსამართლეებს და ვერც სასამართლოს, მთლიანობაში, რა, როდის და როგორ უნდა გავაკეთოთ და ნამდვილად არ გავითვალისწინებთ ვინმეს რჩევებსა და რეკომენდაციებს ამ თვალსაზრისით“.

ორი გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესზე, რომელიც 2 აგვისტოს ჩაიშალა, საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ სამი მოსამართლე გამოცხადდა და მათ შორის იყო მაია კოპალეიშვილი. ის იმედოვნებს, რომ კოლეგები მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ:

„მე იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები ხელს შეუწყობენ მართლმსაჯულების განხორციელებას, გამოიჩენენ გონიერებას და ჩვენ, ასე ვთქვათ, ამ ეპისტოლურ სტილს გადავიტანთ სამუშაო ფორმატში, სხდომათა დარბაზში“.

საჭიროდ მიგვაჩნია ე. წ. პოლიტიკური ნიშნის მატარებელ ყველა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლას...

მოსამართლეები, რომლებიც 2 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მუშაობის გაგრძელებას აპირებენ, მაგრამ, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციის თანახმად, საეჭვოა, რომ მონაწილეობა მიიღონ გახმაურებული საქმეების განხილვაში. ასეთ მოლოდინს ლოგიკურად აჩენს 29 ივლისს გავრცელებული წერილიც, რომელსაც მოსამართლეების ერთი ნაწილი, კერძოდ, 5 მოსამართკლე აწერს ხელს. ზაზა თავაძის, ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას გარდა, წერილის ხელმომწერთა შორის ვხვდებით ასევე მერაბ ტურავასა და თამაზ ცაბუტაშვილს. ტექსტში გახმაურებულია ბრალდებები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით, რომ ის, მაგალითად, ერთპიროვნულად განაგებდა საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგს და ხელს უწყობდა „პოლიტიკური კონტექსტის“ შემცველი საქმეების დაჩქარებას. სწორედ ამ კონტექსტშია მოხსენიებული გიგი უგულავასა და ე. წ. „კაბელების საქმის“ მსჯავრდებულთა გაერთიანებული სარჩელები (#740 და #764) და აქვეა ჩამოყალიბებული მოთხოვნები და სამოქმედო გეგმაც, სადაც გარკვეული საქმეების გადავადების საჭიროებაა ხაზგასმული:

„საჭიროდ მიგვაჩნია ე. წ. პოლიტიკური ნიშნის მატარებელ ყველა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დაელოდოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან ამ საკითხის სრულყოფილად შესწავლას და ამ საქმეების გადაწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, როცა გადამოწმდება და დასრულდება სათანადო ორგანოების მხრიდან სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მოყვანილი ზეწოლის ფაქტების სინამდვილე, რათა გამორიცხულ იქნას ყოველგვარი ეჭვები მოსამართლეების მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით“.

ვერც კი წარმომიდგენია, რომ მოსამართლე საბოტაჟს უცხადებდეს, ფაქტობრივად, სამართალწარმოებას, პროცესზე არ ცხადდებოდეს და დაკავებული იყოს შავი პიარით (პრესასთან ურთიერთობით) იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს პროცესზე გაარკვიოს მისთვის საინტერესო საკითხები...

წერილზე ხელმომწერი ხუთი მოსამართლის აზრით, ასეთი საჭიროება მანამდე იქნება, ვიდრე პროკურატურა არ დაადგენს სიმართლეს ივლისში დაწყებული გამოძიების პროცესში. პროკურატურაში საქმე აღიძრა მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის, 21 ივლისის განცხადების საფუძველზე, თუმცა მთავარმა პროკურატურამ 1 აგვისტოს განაცხადა, რომ უკვე გამოკითხულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა და „გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას“.

მოგვიანებით გახმაურდა კიდევ ერთი ბრალდება საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით: მოსამართლე მერაბ ტურავა ლაპარაკობდა ე. წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებული სარჩელის გამოცვლისა და იმავე ნომრით რეგისტრაციის შესახებ. თუმცა ეს ფაქტი კატეგორიულად უარყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის (ქეთევან ერემაძის, მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის) მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში. ტექსტში დაწვრილებით არის აღწერილი პროცედურები და ხაზგასმულია, რომ კანონი არანაირად არ დარღვეულა.

რაც შეეხება 2 აგვისტოს ჩაშლილ სხდომას, როგორც ე. წ. „კაბელების საქმის“ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სამშაბთს გამოვლინდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, რაც მეტად სახიფათო ნიშნებს ატარებს:

„ვერც კი წარმომიდგენია, რომ მოსამართლე საბოტაჟს უცხადებდეს, ფაქტობრივად, სამართალწარმოებას, პროცესზე არ ცხადდებოდეს და დაკავებული იყოს შავი პიარით (პრესასთან ურთიერთობით) იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს პროცესზე გაარკვიოს მისთვის საინტერესო საკითხები. ეს მოსამართლეები მთლიანად პოლიტიკურ ნებას ექვემდებარებიან, როგორც მე ვხედავ. ეს არის სრული უმსგავსობა – სხვას ვერაფერს ვუწოდებ იმას, რაც დღს (2 აგვისტოს) სასამართლოში მოხდა“.

სოსო ბარათაშვილის თქმით, შექმნილია სრულიად აბსურდული ვითარება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოქალაქეები საკუთარი ნებით უქვემდებარებენ პროკურატურას საკუთარ თავსა და თავიანთ საქმიანობას.

გიგი უგულავასა და „კაბელების საქმის“ მსჯავრდებულების სარჩელები ერთმანეთთან სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლმა (გაფლანგვა) დააკავშირა. ორივე სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არის მიმართული და ორივე სარჩელი სწორედ გაფლანგვის ბრალდებასთან დაკავშირებული გარკვეული დებულებების ნორმატიული შინაარსის ბუნდოვანებას აპროტესტებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG