Accessibility links

logo-print

ვნებათაღელვა ფეხბურთის ბილეთების გარშემო


ფეხბურთის გულშემატკივრები სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების რიგში

ფეხბურთის გულშემატკივრები სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების რიგში

უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 12 ივლისს დილის 9 საათიდან დაიწყება. ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ბილეთები ე.წ. „ცოცხალი რიგის“ რეჟიმში გაიყიდება, თუმცა ძნელი სათქმელია, როგორ გამონახავს საერთო ენას გულშემატკივართა ორი კატეგორია: ერთი მხრივ, ისინი, ვინც ვაკის პარკში შედგენილ საგანგებო სიებშია ჩაწერილი და, მეორე მხრივ, ისინი, ვინც კვირას ამ სიის გვერდის ავლით შეეცდება ბილეთების შეძენას. რატომ ბრაზობს ხალხი და ვინ აკონტროლებს პროცესებს?

უკვე ორი დღეა, ვაკის პარკში შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ Biletebi.ge–ს ელექტრონულ რიგში იდგნენ ამაოდ, მერე საგანგებო სიებში ჩასაწერ რიგში მოუწიათ დგომა, ხოლო 12 ივლისს „ცოცხალ რიგში“ უკვე სალაროებთან უნდა დადგნენ. ისინი თვლიან, რომ, რადგანაც ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივრების ინტერესები ვერ გაითვალისწინა და ბილეთების გასაყიდად მწყობრი სისტემა ვერ შეიმუშავა, ხალხმა თვითონ მიხედა საკუთარ თავს.

კაცი: „ვარ 1214–ე, ვარ კმაყოფილი. ვფიქრობ, რომ აქ მყოფი ხალხი ყველა მიიღებს ბილეთს, თუ იქნება ორგანიზებული. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ქართული საზოგადოებით: მეგონა, რომ აქ ადამიანები ასე წყნარად არ იდგებოდნენ რიგში. მაგრამ მე ვთვლი, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამას ფედერაცია უნდა აკეთებდეს“.

ქალი: „ძალიან თავისუფლად დავრეგისტრირდი, ორგანიზებულად, ყურადღებით და პატივისცემით გვეპყრობიან. მე ჩემი შვილის მაგივრად ვდგავარ რიგში“.

კაცი: „ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს და ძალიან კარგია, ასეთი რაღაც რომ ხდება“.

სიებში დარეგისტრირებული ადამიანები 50-კაციან ჯგუფებში არიან გაერთიანებული და თითოეულ ჯგუფს ჰყავს თავისი ლიდერი. ის ყოველ სამ საათში ერთხელ კითხულობს თავისი ჯგუფის სიას და თუკი ვინმე ადგილზე ორჯერ ზედიზედ არ აღმოჩნდება, მას, უბრალოდ, სიიდან ამოშლიან. სწორედ ასეთი ბედისწერის შიშით, გულშემატკივრების ნაწილს ღამეების გათენებაც კი უწევს. ვაკის პარკში შეკრებილ გულშემატკივართა ინფორმაციით, შაბათს 14:00 საათისთვის 2 300–ზე მეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული.

თუმცა არსებობს სხვა კატეგორიის გულშემატკივარი, რომელიც საგანგებო სიებს არ აღიარებს, დარეგისტრირებას არ ცდილობს და 12 ივლისს სალაროებთან ცოცხალ რიგში აპირებს ჩადგომას, მაგალითად, როგორც ჩვენი ეს რესპონდენტი:

„ხვალიდან იწყება ბილეთების გაყიდვა და ხვალ გაკეთებულიყო ეს ჯგუფები. კვირას იმიტომ ყიდიან ბილეთებს, რომ ხალხი კვირას არ მუშაობს. თუკი ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, კანონებს ვიცავთ და ასე შემდეგ, ისე უნდა გაკეთდეს, როგორც გამოცხადდა. კვირას უნდა ჩავდგეთ რიგში“.

გულშემატკივართა ორი კატეგორია: ერთი მხრივ, ისინი, ვინც საგანგებო სიებშია ჩაწერილი, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი, ვინც ამ სიებს არ აღიარებს, 12 ივლისს ვაკის პარკში შეხვდებიან ერთმანეთს, რადგანაც, ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთების ყიდვის მსურველებმა სალაროებისკენ სწორედ ვაკის პარკის მხრიდან უნდა გაიკვლიონ გზა. პოზიციების დათმობას არც ერთი კატეგორია არ აპირებს და რესპონდენტების ნაწილი, ვისაც შაბათს ვაკის პარკში შევხვდით, არ გამორიცხავს, რომ, თუკი გულშემატკივრებმა საერთო ენა ვერ გამონახეს, კვირას დაპირისპირებისა და კონფლიქტის მომსწრეც გავხდეთ. თუმცა უსაფრთხოების პროცესების გასაკონტროლებლად მზადყოფნას გამოხატავს პოლიცია და, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ადგილზე უკვე იმყოფებიან საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ჯგუფები და 11 ივლისს საღამოს 18:00 საათიდან დაიწყება ჯებირების განთავსებისა და რიგების მიმართულებების მოწყობის პროცესი.

აღიარებს თუ არა ფეხბურთის ფედერაცია ვაკის პარკში შედგენილ სიებს? - ამ შეკითხვაზე მარტივი პასუხია – „არა“. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს:

„ხვალ (12 ივლისს), 9 საათიდან, ცოცხალი რიგი დაიძრება სალაროებისკენ. ყველას ვთხოვ, რომ რაღაც პროვოკაციებზე არ წავიდნენ და არაფერი ისეთი არ გააკეთონ, დადგნენ ცოცხალ რიგში დილის 9 საათიდან და შეიძინონ ბილეთები“.

დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე იმუშავებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის 12 სალარო. საყურადღებოა გულშემატკივრებს ახსოვდეთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით. გასათვალისწინებელია სხვა დეტალებიც, რომლებზეც რადიო თავისუფლებასთან ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი რეზო შენგელია ლაპარაკობს:

„თითოეულ ადამიანზე გაიცემა არა უმეტეს 4 ბილეთი და მას ბილეთების ასაღებად დასჭირდება აუცილებლად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სულ გაიყიდება 22 ათასამდე ბილეთი. არის 3 კატეგორიის: 18, 35 და 75-ლარიანი“.

თუკი ამ ბილეთების ერთ დღეში გაყიდვა ვერ მოხერხდა, პროცესი, სავარაუდოდ, 13 ივლისსაც გაგრძელდება. დამატებით კი, თუკი „ბარსელონისა“ და „სევილიის“ ფანები არ აითვისებენ მათთვის გამოყოფილ კვოტას, შესაძლებელია, რომ უეფამ ამ ბილეთების საქართველოში გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღოს. უეფას სუპერთასი თბილისში, „დინამო არენაზე“, 11 აგვისტოს გაიმართება. ერთმანეთს შეხვდებიან „ჩემპიონთა ლიგის“ გამარჯვებული „ბარსელონა“ და ევროპის ლიგის გამარჯვებული „სევილია“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG