Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განთავისუფლებული ვოისლავ შეშელი „დიდ სერბეთზე“ ოცნებობს


ვოისლავ შეშელი
ვოისლავ შეშელი

31 მარტს ყოფილი იუგოსლავიის საქმეების საერთაშორისო ტრიბუნალმა გაამართლა სერბი ნაციონალისტი ვოისლავ შეშელი, რომელსაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ მძიმე ბოროტმოქმედებასა და ომის დანაშაულში ედებოდა ბრალი. ამ განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა თავად განსასჯელი, რომელიც სერბეთიდან გამოეხმაურა ტრიბუნალის ვერდიქტს და მას „ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“ უწოდა.

სერბი ულტრანაციონალისტი ვოისლავ შეშელი 2003 წელს ჩაბარდა სასამართლოს. ის 1990-იანი წლების კონფლიქტში ხორვატიისა და ბოსნიის ქალაქებში ეთნიკური წმენდის დაგეგმვასა და ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულეს, მაგრამ ყოფილი იუგოსლავიის საქმეების საერთაშორისო ტრიბუნალმა 2016 წლის 31 მარტს ვოისლავ შეშელი წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნო.​

ჟან კლოდ ანტონეტი
ჟან კლოდ ანტონეტი

„ამ გამამართლებელი განაჩენით, ძალადაკარგულად ითვლება 2015 წლის 17 ივნისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება 9 პუნქტის მიხედვით ბრალდებულის პატიმრობის შესახებ. ამგვარად, ამ ვერდიქტის შემდეგ ვოისლავ შეშელი თავისუფალი ადამიანია“, - განაცხადა 31 მარტს ჰააგაში საერთაშორისო ტრიბუნალის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ჟან კლოდ ანტონეტიმ.

ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას არ ესწრებოდა განსასჯელი ვოისლავ შეშელი. 61 წლის სერბ ულტრანაციონალისტს სწორი ნაწლავის კიბო აქვს და 2014 წელს გაეროს ტრიბუნალმა ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაათავისუფლა, რათა შეშელს სერბიაში განეგრძო მკურნალობა. სწორედ ბელგრადში მოისმინა გაეროს ტრიბუნალის ვერდიქტი ვოისლავ შეშელმა, რომელმაც განაჩენს „ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“ უწოდა:

„ამჯერად, ამდენი სასამართლოს შემდეგ, რომელზეც დამნაშავედ გამოაცხადეს და დრაკონული სასჯელები მიუსაჯეს უდანაშაულო სერბებს, გამოჩნდა ორი პატიოსანი და ღირსეული მოსამართლე, რომლებიც წინ აღუდგნენ გარედან წამოსულ ზეწოლას და რომლებმაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთადერთი სწორი ვერდიქტი გამოიტანეს“.

ჩვენით თუ ჩვენ გარეშე, დიდი სერბეთის იდეა ძლიერია და,პოლიტიკასა და ომში მონაწილეობით, ამაში მე მხოლოდ მცირე წვლილი მიმიძღვის...
ვოისლავ შეშელი

ორი წლის წინ სამშობლოში დაბრუნებულ სერბ ულტრანაციონალისტს ასობით მხარდამჭერი მიესალმა, როგორც ეროვნულ გმირს.

შეშელი დღემდე ულტრანაციონალისტური რადიკალური პარტიის თავმჯდომარეა და აგრძელებს ხმამაღალ მოწოდებებს იმ „დიდი სერბიის“ მხარდასაჭერად, რომელიც ხორვატიის ტერიტორიის ნაწილებსაც მოიცავს:

„ჩვენით თუ ჩვენ გარეშე, დიდი სერბეთის იდეა ძლიერია და,პოლიტიკასა და ომში მონაწილეობით, ამაში მე მხოლოდ მცირე წვლილი მიმიძღვის“.

ხორვატიის მთავრობამ შეშელი უკვე დაადანაშაულა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავებაში. სერბი ულტრანაციონალისტის განთავისუფლება ჰააგის ტრიბუნალის მიერ თავსატეხს შეუქმნის სერბიის მთავრობას, რომელსაც სერბეთში ორი წლის წინ დაბრუნებული ვოისლავ შეშელი ხალხმრავალ მიტინგზე განადგურებითაც დაემუქრა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG