Accessibility links

მოხალისეთა ინტერნაციონალური ევრომაიდანი


ალისა, ევრომაიდნის მოხალისე თარჯიმანი

ალისა, ევრომაიდნის მოხალისე თარჯიმანი

მალე ერთი თვე შესრულდება, რაც კიევის ცენტრში მდებარე დამოუკიდებლობის მოედანი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. რევოლუციურ ბარიკადებში მომწყვდეული ვეებერთელა სივრცე წარმოადგენს თავისებურ ციტადელს, სადაც მთავარ ტრიბუნაზე თითქმის ყოველდღე გამოდიან სიტყვით და უკრაინის ევროპულ არჩევანს მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ ევროპელი, ამერიკელი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, უკრაინელი ხალხისათვის ამ მღელვარე დღეებში საერთაშორისო მედია პოლიტიკოსებსა და ორატორებზე არანაკლებ ყურადღებას უთმობს ევრომაიდნის მოხალისეებს, რომლებიც შემოწირულობით, სხვადასხვა სახის ქველმოქმედებით, ფიზიკური თუ ინტელექტუალური შრომით, უანგაროდ ეხმარებიან თავიანთი ქვეყნის პროგრესული ნაწილის პოლიტიკურ ბრძოლას.

ალისა, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, ევრომაიდანზე ყველასგან გამოირჩევა და მასთან ბევრს უყვარს საუბარიც და სამახსოვრო სურათის გადაღებაც. ამის მიზეზი არა მხოლოდ სლავურ ყაიდაზე, ლამაზი ყვავილებითა და ფერადი ნაჭრებით მორთული ალისას თავსაბურავია, არამედ, პირველ ყოვლისა, ის საქმე, რომელაც ალისა და მისი ამხანაგები ასრულებენ. მოხალისე თარჯიმნებს ევრომაიდანზე თეთრ კარავში გახსნილი აქვთ საინფორმაციო ცენტრი უცხოელი სტუმრებისა და ჟურნალისტებისათვის, რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან უკრაინის დედაქალაქში ქვეყნის პროევროპული ოპოზიციისა და მათი მომხრეების უვადო საპროტესტო აქციის გასაშუქებლად.

„ჩვენი მუშაობის აზრი ისაა“, - მეუბნება ალისა, - „რომ ვეხმარებით მაიდანს, ვეხმარებით უცხოელ სტუმრებს, რომლებიც აქ მოდიან იმის გასაგებად, თუ რა ხდება. და ჩვენ ვუყვებით მათ, რაც ხდება, რა ითქმება მთავარ ტრიბუნაზე.“

ევრომაიდნის მთავარი ტრიბუნიდან ხუთი მეტრის დაშორებით მდებარეობს ქართველი აქტივისტების ბანაკი, რომელსაც კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე გაშლილი კარვების ზღვაში ძალიან იოლად აღმოაჩენ მასზე აღმართული ქართული სახელმწიფო დროშით. ამ კარვის იდეა ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ზონას“, რომლის წევრები ევრომაიდანზე ნოემბრის ბოლოდან იმყოფებიან. ქართველი მოხალისეები ევრომაიდანზე, ძირითადად, საორგანიზაციო და დაცვის საკითხებით არიან დაკავებულნი. ღამ-ღამობით, როცა ცივა, ისინი მორიგეობით ენაცვლებიან ერთმანეთს, თუმცა კარავთან ყოველთვის არის ვინმე. 18 დეკემბერს გიორგი ჟვანიას მორიგეობის დრო იყო, სხვა ქართველი მოხალისეები კი მახლობლად მდებარე პროფკავშირების სასახლეში ისვენებდნენ.

გიორგი ჟვანია ევრომაიდანზე

გიორგი ჟვანია ევრომაიდანზე

„ჩვენ, ქართველები, აქ ვართ დაახლოებით ათი კაცი“, - ამბობს გიორგი. - „პირადად მე აქ ვარ ორი კვირაა, ფაქტიურად პირველი დღიდან. მინდა ამოვუდგე მხარში ჩვენს უკრაინელ ძმებს, რომ დღევანდელი ეს კორუმპირებული მთავრობა იქნეს გადაყენებული და უკრაინაში მცხოვრებ ყველა ხალხს, მნიშვნელობა არ აქვს, უკრაინელები იქნებიან, ქართველები თუ ჩამოსულები, რომ ნახონ ევროპული ცხოვრება, შევიდნენ ევროპულ ოჯახში და ეს გვინდა ყველას ერთად.“

ქართველების გარდა, ევრომაიდანზე ბელორუსი მოხალისეებიც იკრიბებიან. თუმცა, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ სტაციონარული კარავი და, ქართველებისაგან განსხვავებით, სახის ჩვენებას და თამამი განცხადებების გაკეთებასაც ერიდებიან.

„ვთქვათ ასე, რომ უკრაინის ბედი და მისი მომავალი ჩემთვის არ არის ცარიელი სიტყვები. ცხადია, მე თანავუგრძნობ და ვცდილობ, რომ რამენაირად დავეხმარო უკრაინელ ხალხს ევრომისწრაფებაში. სრულიად შესაძლებელია, რომ არ მქონდეს [უკრაინელებისათვის] კრიზისიდან გამოსავლის რაიმე ვარიანტის შეთავაზების უფლება. მაგრამ თუნდაც რომ დავდგე აქ და ჩემი ყოფნით მხარი დავუჭირო მათ, ეს ჩემი ვალია“ - მეუბნება ანდრეი მისლევიცი, ბელორუსი სამართალმცოდნე და არასამათავრობო ორგანიზაციის წევრი, რომელიც მაიდანზე ბელორუსი კოლეგების დახმარებით გავიცანი.

როგორც ანდრეიმ მითხრა, ბელორუსიის უშიშროების ძალებს მკაცრი კონტროლი აქვთ დაწესებული მოხალისეების გადაადგილებაზე და ქალაქ გომელთან საგულდაგულოდ ათვალიერებენ უკრაინისაკენ მომავალ ავტობუსებს. ამიტომ, როგორც ანდრეი ამბობს, ვისაც შეუძლია, თავისი გზით, ცალ-ცალკე ან ორ-ორად ჩამოდის, მალავს მოგზაურობის მიზეზს და ამას არც სოციალური მედიით აცხადებს.

თუმცა, საკუთარი ვინაობის გამხელას არ ერიდებიან თავად უკრაინელები. პროფკავშირების სასახლეში, სადაც ეროვნული წინააღმდეგობის მთავარი შტაბია, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოდიან უკრაინელები და ევრომაიდნის დამცველებისათვის საჭმელი და თბილი ტანსაცმელი ჩამოაქვთ.

ევრომაიდნის მოხალისეები, ვიაჩესლავი და ანატოლი

ევრომაიდნის მოხალისეები, ვიაჩესლავი და ანატოლი

„მოვიტანე საჭმელი. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება მსურს. ჩვენ არც მემარჯვენეების მხარეს ვართ და არც მემარცხენეების, ჩვენ სიმართლეს და ქვეყნის თავისუფლებას ვემხრობით,“ - მეუბნება ჩერკასელი ვიაჩესლავი, რომელიც კიევში თავის თანაქალაქელ ანატოლისთან ერთად ჩამოვიდა სანოვაგით სავსე ამანათით.

„ეს საჭმელია მაიდნისათვის. აქ არის ლორი, ძეხვი, ყველი, კარაქი, პური და წყალი. აქ ხალხი კვირაობით, მთელი თვეა უკვე, რაც დგას. ჭამა ხომ უნდათ!“

ასეთი შემოწირულობები თავს იყრის წინააღმდეგობის მოძრაობის შტაბის ვეებერთელა საწყობში, საიდანაც კოორდინატორების მოთხოვნის შესაბამისად სურსათი, ტანსაცმელი, შეშა თუ საწვავი მოხალისეების ხელით ურიგდებათ ევრომაიდნის დამცველებს. ხელმრუდობას აზრადაც კი არავინ უშვებს. მაიდანს თუ არ ვენდე, აბა რაღას უნდა ვენდო? მაშინ უნდა ადგე კაცი და საერთოდ წახვიდე ამ ქვეყნიდანო, - ამბობს ანატოლი, რომელიც მშობლიურ ჩერკასიში ბრუნდება გრძნობით, რომ შობის წინ ღვთისნიერი საქმე გააკეთა და რაც ჰქონდა, იმით დაეხმარა ევრომაიდანს.

ბედნიერია მოხალისე თარჯიმანი ალისაც, რომელმაც რამდენიმე უცხოელ ტურისტულ ჯგუფს დაათვალიერებინა რევოლუციური მაიდანი და დღის ბოლოს დაღლილი, მაგრამ მხიარული ჩანდა.

„ეს სამუშაო ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, მომწონს უცხოელებთან საუბარი, გავიგე ბევრი ახალი ინფორმაცია და კარგია, როცა ისინი მიღიმიან“, ამბობს ალისა. შაბათ-კვირას ის დაისვენებს და თარჯიმანთა საინფორმაციო ცენტრში მას შეცვლის სხვა მოხალისე, რომელსაც ალისა დაუტოვებს ევრომაიდნის მაკეტს და პატარა დროშებიან ქინძისთავებს მაკეტზე იმ ადგილების მოსანიშნად, სადაც უკრაინული წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი წერტილები მდებარეობს.
XS
SM
MD
LG