Accessibility links

თბილისის თავისუფალ ვალდორფის სკოლას 21 წელი შეუსრულდა. სკოლა, რომელსაც, დირექტორის ნაცვლად, სასწავლო პროცესის კოორდინატორი, მოსწავლეები და მშობლები მართავენ და რომელშიც სწავლა ხელის ჩამორთმევით და ურთიერთპატივისცემით იწყება, მსოფლიოს მასშტაბით არსებული - ვალდორფის პედაგოგიკაზე დამყარებული - ათასი სკოლიდან ერთ-ერთია. როგორი ისტორია აქვს ვალდორფის სკოლას საქართველოში და რატომ იზრდება წლიდან წლამდე განათლების ამ ალტერნატიული მოდელისადმი ინტერესი?

21 წელია თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლაში სწავლა დილის 9 საათზე ხელის ჩამორთმევით და ერთმანეთისთვის გაღიმებით იწყება. ამ მარტივი ჟესტით მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთისადმი პატივისცემას გამოხატავენ. ურთიერთპატივისცემასა და პიროვნული ღირსების გააზრებაზე დაფუძნებული თავდაჯერებულობა - ესაა საფუძველი ვალდორფის პედაგოგიკისა, რომელიც 100 წლის წინაც ისევე აქტუალური იყო, როგორც დღეს. პირველი ვალდორფის სკოლა გერმანიაში 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გაიხსნა. რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფიულ მოძღვრებაზე დამყარებული პედაგოგიკა დღემდე აქტუალობას არ კარგავს.

ვალდორფის სკოლები ცენტრალიზებულად არ ჩნდება. ის წარმოიშობა იქ, სადაც მისთვის ემზადებიან და მისი დაარსების სურვილი კონკრეტულ ადამიანებს უჩნდებათ. ის ყოველთვის ჩნდება სამოქალაქო სივრცეში მოქალაქეთა აქტიურობით, -ამბობს საარლანდის ვალდორფის სკოლის პედაგოგი მათიას ვალენტინი. ის ვალდორფის სკოლაში 1982 წლიდან ასწავლის, 1994-დან 2005 წლამდე კი თბილისში ცხოვრობდა. გასულ კვირას ისევ სტუმრობდა თბილისის ვალდორფის სკოლას.

მათიას ვალენტინი

მათიას ვალენტინი

„არსებითად აქ ჩანს ის მისია და ამოცანა, რაც აქვს ვალდორფის პედაგოგიკას. ცალკეული პიროვნებებისთვის ეს უნდა იყოს აქტუალური და ჩაუდგნენ სათავეში და მომავლის იმპულსები ჩადონ და ამაში ჩანს ვალდორფის პედაგოგიკის მიზანი, რაც არის თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება და მისი ხელშეწყობა. აქ საქმე ეხება არა მხოლოდ კოგნიტური უნარების ჩამოყალიბებას, არამედ უამრავი პიროვნული ნიშან-თვისების გაღვიძებას და მასზე სისტემატურ მუშაობას და ამის მაგალითია მსოფლიოში არსებული ათასობით ვალდორფის სკოლა“.

1994 წელს თბილისში სწორედპიროვნული ინიციატივით დაიბადა თავისუფალივალდორფისსკოლა - ჯერ საკუთარ სახლში დათმობილ ოთახში, შემდეგ საბავშვო ბაღის შენობაში. მოგვიანებით განათლების სამინისტროსგან მიღებული ავტორიზაციით და გერმანელი მეგობრების ნაჩუქარი ინვენტარით ვალდორფის სკოლამ ფორმები შეიძინა.

ლევან ხელაია ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც თბილისში ადამიანთმცოდნეობის საფუძველზე დამყარებული განათლების ცენტრის შექმნის სურვილი არ ასვენებდა. ლევან ხელაია იხსენებს, რომ90-იან წლებში, როცა თბილისში ტრანსპორტი არ დადიოდა, სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო და შენობებში ისევე ციოდა, როგორც ქუჩაში, ადამიანთა ჯგუფს გაუჩნდა სურვილი სკოლა გაეხსნათ:

ლევან ხელაია

ლევან ხელაია

„მაშინ შეიძლება ასე არ გვქონდა გააზრებული, მაგრამ ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლას ორი სხვადასხვა მხარე აქვს: ერთია პოლიტიკური ბრძოლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას თვალწინ ხდება, და მეორე - ბრძოლა თავისუფლებისთვის და ადამიანობის შენარჩუნებისთვის, რაც კულტურას და განათლებას ეხება. თუ შენ საბავშვო ბაღით არ დაიწყე და სკოლით არ გააგრძელე, პოლიტიკა რაც არ უნდა სწორი იყოს, ვერაფერს იზამს“.

ვალდორფის სკოლის მიზანია აღზარდოს ადამიანი, რომელიც ცვლილებებისთვის იქნება მზად, ამბობს თავისუფალი ვალდორფის სკოლის სასწავლო პროცესის კოორდინატორი მანანა ჯავაშვილი:

„შენ ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ნებისყოფიანი, უნარიანი, რაღაცის შეცვლის სურვილის მქონე ადამიანების არსებობა ქვეყანაში. გარეთ როცა იყურები, ხვდები, რომ სწორედ შეცვლის უნარის ქონაა დეფიციტი. სულ ვამბობთ, რომ აქ რაღაც არ მოგვწონს, მაგრამ რამდენად ვცვლით? რამდენად ქმედითები ვართ? სწორედ ამაზეა ლაპარაკი და ჩვენ ამას ვცდილობთ, რომ ადამიანები იყვნენ ქმედითები, თავდაჯერებულები და ჩვენს კურსდამთავრებულებს რაც გამოარჩევთ სხვებისგან, ეს არის თავდაჯერებულობა, საკუთარი ძალების რწმენა და პირდაპირ საქმის კეთების დაწყება“.

პედაგოგიკა, რომელიც 100 წელს ითვლის, აქტუალურია დღესაც, აქტუალურია თავისი შინაარსით და ბავშვის საჭიროებების შეგრძნებით, განაგრძობს მანანა ჯავაშვილი:

მანანა ჯავაშვილი

მანანა ჯავაშვილი

„ადამიანის განვითარების საფეხურები, პრინციპში, იგივეა, რაც იყო 100 წლის წინ. რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისადმი მშობლის და მასწავლებლის მიმართება და სწორი მიდგომა, რას ნიშნავს ბავშვისთვის ის, თუ როგორ ზრუნავს მასზე უფროსი და ზრუნავს თუ არა, საერთოდ, ეს იგივეა, რაც იყო 100 წლის წინ. არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები, რაც არ იცვლება და არც შეიცვლება 100 წლის შემდეგაც, ამას ვინარჩუნებთ, მაგრამ საზოგადოება რომ ვითარდება, ამას, ცხადია, ვითვალისწინებთ. 1010 წლის წინ სკოლის პროგრამაში საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვა იყო, ახლა გვაქვს კომპიუტერის საათები, თუმცა არ გვაქვს პირველ კლასში, როგორც ეს ჩვეულებრივ საჯარო სკოლებშია“.

ვალდორფის სკოლაში ბევრი რამ არ არის ისე, როგორც სხვა საჯარო სკოლებშია.იუბილეს ფარგლებში გამართული გამოფენაც ამას მოწმობს. საითაც გაიხედავ, ყველგან ხელნაკეთი ნივთებია,ხელნაკეთი წიგნები, ხელნაკეთი ინსტრუმენტები, საყოფაცხოვრებო ნივთები. საკუთარი ხელით კეთება აყალიბებს რწმენას, რომ „შენ შეგიძლია“, ამბობს მეთორმეტეკლასელიმოსწავლე ანა ლელაძე. მისი თქმით,ბევრი რამ გამოტოვა იმ ბავშვმა, რომელიც არ ყოფილა ვალდორფში:

„ჩვენ სკოლაში სახელმძღვანელოებით არ ვსწავლობთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენით ვაკეთებთ ამ სახელმძღანელოებს. თავიდან ვიწყებთ ფორმების ხატვით. სულ პირველი ფორმა არის რკალი და ხაზი. 12 წლის წინ იყო, მაგრამ ახლაც მახსოვს ეს დღე. როდესაც ასოების სწავლას ვიწყებთ, ნახატებით ვსწავლობთ, ანუ წიგნები მე-9 კლასამდე არ გვაქვს. მანამდე ჩვენით ვაკეთებთ წიგნებს. ვალდორფის პედაგოგიკა არ ცდილობს ფრაგმენტული ან ფაქტობრივი ცოდნა ჩატენოს ბავშვების ტვინში. საბოლოოდ, ჩვენ არავისზე ნაკლები ცოდნა არ გვაქვს ბოლო კლასებში და თან კრიტიკული აზროვნება, ადამიანის თვითშემეცნება ბევრად უფრო მაღალ დონეზეა. ჩვენ აღგვიქვამენ ნამდვილ ინდივიდებად. პირველ კლასში რომ შემოვდივართ, მასწავლებელი ხელს გვართმევს“.

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ვალდორფის სკოლას განათლების სამინისტროს ავტორიზაცია მიღებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას უნდა მიჰყვებოდეს, სკოლამაინც ინარჩუნებს ალტერნატიული განათლების მეთოდოლოგიას.

კითხვაზე, რატომ უნდა აირჩიოს მშობელმა თავისუფალი ვალდორფის სკოლა შვილისთვის განათლების მისაცემად, მშობელი გიორგი ბუჯიაშვილი გვეუბნება:

„რაღაც დონეზე ბრმად უნდა ენდო ან პედაგოგიკას, ან ვიღაცის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინო. ჩვენთვის ჯერჯერობით უცნაურ მეთოდებს, უბრალოდ, უნდა ენდო და შედეგი, მერწმუნეთ, ნამდვილად დადგება, იმიტომ რომ აქ თეორიულად და პრაქტიკულად უმყარებენ ბავშვებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ შემდგომ, ცხოვრების განმავლობაში, მიწაზე ორი ფეხით მყარად დგომის საშუალებას აძლევს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG