Accessibility links

ციხეში წამების ფაქტებს ათი უფლებადამცველი ორგანიზაცია შეისწავლის


ეყრდნობოდა თუ არა სისხლის სამართლის სისტემა საქართველოში წამების პრაქტიკას, გამოიყენებოდა თუ არა წამება აღიარებითი ჩვენების მისაღებად, როგორ აწამებდნენ პატიმრებს ციხეში და რა იყო ამის წინაპირობა, როგორ იქცა წამება სისტემურ დანაშაულად - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეეცდება. მასშტაბური კვლევა უკვე დაიწყო - ციხეებში წამების კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ ციხის შიგნით და მის გარეთ 1200 მსჯავრდებული გამოიკითხება. მიღებული სურათის ანალიზის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები კი საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნება.

„ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი განმარტავს, რომ სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულ ფართომასშტაბიან კვლევაში ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე ათამდე ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთვება. ქეთევან ხუციშვილს მიაჩნია, რომ სისტემური ცვლილებების გარეშე საპატიმროებში შესაძლოა ისევ განმეორდეს პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. სწორედ ეს არის ამ კვლევის მთავარი მიზანიც:

„ჩვენი მიზანია, რომ სიღრმისეულად შევისწავლოთ, თუ რა იყო წამების როლი საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში, რამ გამოიწვია ასეთი პრაქტიკის შექმნა, რა მიზანს ემსახურებოდა ეს პრაქტიკა და რა დონის სახელმწიფო მოხელეები იყვნენ ჩართული მასში. ასევე სამომავალოდ უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს საქართველოში“.

ფონდის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორი ნიკა ჯეირანაშვილი ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების მიმოხილვისას ყურადღებას რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს. მისი თქმით, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ, რომლის მიზანიც ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლა იყო, მნიშვნელოვნად შეამცირა დანაშაულის სტატისტიკა, თუმცა საქართველო გახდა მსოფლიოში მეექვსე, ხოლო ევროპაში პირველი ქვეყანა ასი ათას მოსახლეზე დაპატიმრების მაჩვენებლით. ამას ისიც დაემატა, რომ 2010-2011 წლების სტატისტიკის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის საერთო რაოდენობა იყო 0,001 %, რაც ნიშნავს ერთ გამართლებულ ადამიანს ათი ათასიდან. ის, რაც ახლა არასამთავრობო სექტორმა უნდა გამოიკვლიოს, არის წამების როლის განსაზღვრა საქართველოს სისხლის მართლმსაჯულების სისტემაში: ხომ არ იყო სწორედ წამება ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ასე ხშირად ფორმდებოდა საპროცესო გარიგებები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ციხეებში და მის გარეთ 1200 მსჯავრდებული გამოიკითხება - მათ შორის, 600 ყოფილი პატიმარი. ციხეებში შევლენ უფლებადამცველები შემდეგი ორგანიზაციებიდან: „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“, „საზოგადოებრივი დამცველი“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“. ციხის გარეთ კი კვლევის მონაწილეებთან, სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის მეთაურობით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ იმუშავებს.

ჩემი აზრით, შეცდომები დაუშვა როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, ისე ხელისუფლებამ და საქართველოს საზოგადოებამაც, რამაც იქამდე მიგვიყვანა, სადამდეც მივედით. ამ კვლევამ ყველა მათგანის როლი უნდა გააანალიზოს...
ამ კვლევის მნიშვნელობა არ ფასდება მხოლოდ ციხეებში არსებული ვითარების მაქსიმალურად სრულყოფილი სურათის შექმნით, არამედ იმითაც, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მსგავსი პრაქტიკა საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს, ფიქრობს გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩის” უფროსი მკვლევარი გიორგი გოგია:

„ჩემი აზრით, შეცდომები დაუშვა როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, ისე ხელისუფლებამ და საქართველოს საზოგადოებამაც, რამაც იქამდე მიგვიყვანა, სადამდეც მივედით. ამ კვლევამ ყველა მათგანის როლი უნდა გააანალიზოს, რომ იგივე აღარ მოხდეს, და, ცხადია, ამ კვლევას ექნება პრეტენზია, რომ ის შეძლებს ძალიან სრულყოფილი რეკომენდაციების მომზადებას. აი, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება დღეს მუშაობს სამოქმედო გეგმაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და გვგონია, რომ ეს გამოკვლევა შეიძლება გახდეს ამ სამოქმედო გეგმის ნაწილი, რაც, თავის მხრივ, წამების პრევენციას მოემსახურება“.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო ერთი წელია პატიმრების წამება დასრულდა და ციხეებში სისტემური ძალადობის გარეშე ცხოვრება გრძელდება, თუმცა ამ ძალადობის კვალი დღემდე არ გამქრალა. ათასობით ადამიანს სჭირდება ფსიქიატრიული დახმარება. ამ სისტემური დანაშაულის შეფასებას და გააზრებას, არჩილ თალაკვაძის აზრით, მხოლოდ სახელმწიფო საკუთარი ძალებით თავს ვერ გაართმევს. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაგეგმილ კვლევას დროულ ინიციატივად მიიჩნევს, პროცესს კი ასე ხედავს:

„ერთი მხარე ამ პროექტის ისაა, რომ პროფესიონალ ორგანიზაციებს, ვისაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ვუხსნით კარს და ვუშვებთ სისტემაში, რომ დახმარება გაუწიონ მსხვერპლს, რომელიც ჯერ კიდევ სასჯელს იხდის, და მეორე, ორგანიზაციები ასევე გეგმავენ გათავისუფლებულ მსჯავრდებულებთან მუშაობას, რათა გამოიკვლიონ, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ის საშინელება, რაც მთელმა საქართველომ ნახა“.

მე ასე ვხედავ, რომ ეს კვლევა უპასუხებს კითხვას, თუ როგორ უნდა წარიმართოს ჯანსაღი მეთოდებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ისე, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოირიცხოს...
არჩილ თალაკვაძე ასევე აცხადებს, რომ რთულია ციხეებში ძალადობის ცალკეული შემთხვევების თავიდან არიდება, თუმცა სახელმწიფოს ნებაა, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში შემჩნეულ ჩინოვნიკებს ხელი აღარ დააფაროს:

„არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის ფაქტები ყველა სისტემაშია. ეს არ არის იდეალური სისტემა, ეს არ არის სკოლა ან ბაღი. აქ ხდება იზოლირებული ფაქტები. მთავარი ის არის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ არსებობდეს. ნოემბრიდან მოყოლებული, ჯერ ხუთი და შემდეგ შვიდი მაღალჩინოსანი მიეცა პასუხისგებაში ჩვენს სისტემაში პატიმრის გარდაცვალების და ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებთან გარიგების გამო. ასეთი ფაქტები, ვფიქრობ, აჩვენებს, რომ სახელმწიფო ხელს არ დააფარებს მოძალადე ხალხს“.

თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მასშტაბური გამოკვლევა შეიძლება საქართველოს ხელისუფლებისათვის ამ პროცესში ხელმოსაჭიდი გზამკვლევი აღმოჩნდეს.

„მე ასე ვხედავ, რომ ეს კვლევა უპასუხებს კითხვას, თუ როგორ უნდა წარიმართოს ჯანსაღი მეთოდებით სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ისე, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოირიცხოს. მე კი ვეცდები, რომ ყველა რაციონალური რეკომენდაცია და ასპექტი ამ კვლევისა აისახოს იმ სამოქმედო გეგმაში, რომელზეც ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე მის მომზადებას მოვასწრებთ. და ცხადია, ეს იქნება შესასრულებელი ვალდებულება, რომელსაც თავის თავზე აიღებს საქართველოს ხელისუფლება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი.

კვლევის შედეგებს საზოგადოება 2014 წლის პირველ ნახევარში გაეცნობა. მასში, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებულ ცვლილებებზეც გამახვილდება ყურადღება.
XS
SM
MD
LG