Accessibility links

წამება პროექტორზე


ზუგდიდში, ბულვარში მოეწყო ინტერნეტით გავრცელებული ადამიანის წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენება.

ზუგდიდში, ბულვარში მოეწყო ინტერნეტით გავრცელებული ადამიანის წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენება.

უკრაინულ ვიდეოპორტალზე გამოქვეყნებული წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრები 18 ოქტომბერს თბილისისა და ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში გაშლილ პროექტორებზე აჩვენეს. ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებები. რა შეიძლება ედოს საფუძვლად ამ კადრების საჯაროდ გავრცელებას? რას უკავშირებენ ამ პროცესს პოლიტოლოგები თუ საზოგადოებრივი აზრის მკვლევარნი?

17 ოქტომბერს ერთ-ერთ უკრაინულ ვიდეოპორტალზე გამოქვეყნებული ჩანაწერი, სადაც წინა ხელისუფლების დროს წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრებია აღბეჭდილი, მალევე გაქრა ინტერნეტსივრციდან. არ დაახანა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებამაც, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ კადრები, სადაც დაკავებულ პირს სასურველი ჩვენების მისაღებად აწამებენ და აუპატიურებენ, 18 ოქტომბერს, მზის ჩასვლის შემდეგ, ჯერ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაშლილ პროექტორზე, მოგვიანებით კი თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე არ ეჩვენებინათ. ზუგდიდში საჯარო ჩვენებას ქალაქის მერი ირაკლი გოგოხიაც დაესწრო და ასე თქვა:

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ავაშენოთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ უკვე ეს ყველაფერი“.

ეს სწორედ იმ კადრების ნაწილია, რომლებიც ორი წლის წინ, 2013 წელს, სამეგრელოში კასრებში გადამალული აღმოაჩინეს და რომლებიც იმავე წლის 5 სექტემბერს საჯაროდ, მედიის თანდასწრებით, გაანადგურეს. თუმცა, როგორც 18 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისევ ჟურნალისტებს განუმარტა, რაკი სოციალურ ქსელებში გავრცელებული და პროექტორებზე ნაჩვენები კადრები დანაშაულის შემცველი ჩანაწერები იყო, ხელისუფლებას არ ჰქონდა მათი განადგურების უფლება და ისინი პროკურატურაში, ერთ-ერთ საქმეში, ინახებოდა:

„ამ კადრების ძალიან ბევრი ასლი არსებობდა, ამიტომ მრავალი ვერსია შეიძლება განვიხილოთ იმისა, თუ როგორ გავრცელდა ეს კადრები. მაგრამ მთავარია ის, რომ წინა მთავრობა - ეს იყო სადისტური რეჟიმი. გამოდიან ე. წ. ექსპერტები და ვიღაცები და პირდაპირ ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს მე დავპირდი მათ ამ კადრების განადგურებას. მე ამის უფლება არ მაქვს. ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები. ეს კადრები ინახება საქმეში“.

იმას, რომ გავრცელებული კადრები დაცული მასალა იყო და ის კონკრეტულ დანაშაულზე მტკიცებულებას წარმოადგენდა, ადასტურებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც. თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ ეს კადრები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვედრილიყო უცხო პირთა ხელში:

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა ასლები არსებობდა, სად და ვის ჰქონდა ამ კადრებზე წვდომა“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მსგავსი ტიპის კადრების გავრცელება დაცლილი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ამ აზრს იზიარებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძეც და გამოთქვამს ვარაუდებს, თუ რატომ შეიძლებოდა გავრცელებულიყო ეს კადრები მაინცდამაინც ამ დღეებში, ანუ მაშინ, როდესაც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევაში აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსახლეობის მაჩვენებელი გაზრდილია. ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ამ კადრების გავრცელებით, საზოგადოების მეხსიერების გადატვირთვა მოხდა:

ეს კადრები გავრცელდა მას შემდეგ, რაც NDI-ის მონაცემები გამოქვეყნდა. ანუ ერთია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დანაშაულებები, მაგრამ მეორეა ამ კადრებით მანიპულირება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კარგად ჩანს საკმაოდ ღია პოლიტიკური პრაგმატიზმი ...

„ხელისუფლებამ დაინახა ერთგვარი პროცესი მომავალი ერთი წლის მანძილზე. NDI-ისა და IRI-ის ყოველი მომდევნო კვლევა დადებს იმავე შედეგს: „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზე ან ძალიან ახლოს ხელისუფლებასთან რეიტინგებით - ეს არის, როგორც ჩანს, ხელისუფლების ხედვა. მას შეეშინდა, რომ NDI-ის ეს რეიტინგი მომავალი ერთწლიანი პროცესის დაანონსება იქნებოდა, ეს ერთი, და, მეორე, თავისთავად „რუსთავი 2“-ის გარშემო დატრიალებული პროცესები. მოგეხსენებათ, „რუსთავი 2“ მჭიდროდ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ნაციონალური მოძრაობის“ უმძიმესი წარსულის გახსენებით, როგორც ჩანს, ვიღაცამ იფიქრა, რომ საზოგადოების მხარდაჭერას ჩამოაშორებდა „რუსთავი 2“-ს“.

„ამ კადრების გავლენა მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის“, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი და დასძენს, რომ მისი, როგორც რიგითი მოქალაქის, მოთხოვნაა სამართლიანობის დამკვიდრება, მაგრამ არა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობითა და „ვულგარული პოლიტიკური პრაგმატიზმით“. თუმცა, როგორც ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რიგ გარემოებათა თანხვედრა სწორედ არასათანადო პოლიტიკურ პრაგმატიზმზე მეტყველებს:

„ეს კადრები გავრცელდა მას შემდეგ, რაც NDI-ის მონაცემები გამოქვეყნდა. ანუ ერთია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა დანაშაულებები, მაგრამ მეორეა ამ კადრებით მანიპულირება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კარგად ჩანს საკმაოდ ღია პოლიტიკური პრაგმატიზმი. და დამიჯერეთ, რომ ეს არგუმენტი, ამ დანაშაულებათა სახით, შესაძლოა გაცვდეს ასეთი ტლანქი გამოყენების შედეგად“.

წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. ის გამოძიების უმოკლეს ვადებში დასრულებას მოითხოვს. მისივე თქმით, გამოძიების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს სახალხო დამცველის აპარატი.

"უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ, რომლის წევრი სახალხო დამცველიც იყო, ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილის განადგურებაზე უარი თქვა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარებულიყო და ყველა დამნაშავე პირს პასუხი ეგო. მუშაობის დასრულების შემდეგ, 2014 წლის 31 იანვარს, კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში და რეკომენდაცია მისცა შესაბამის ორგანოებს, ეფექტური გამოძიება ჩაეტარებინა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა დასჯის მიზნით. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, ერთი მხრივ, ყველა ზომა უნდა გაატარონ მსგავსი კადრების გავრცელების პრევენციისათვის, ხოლო გავრცელების შემთხვევაში, ისე როგორც ეს 17 ოქტომბერს მოხდა, ყველა დამნაშავე პირმა უმოკლეს დროში უნდა აგოს პასუხი", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG