Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის სხვა სახე - იმედის მარცვალი


ხათუნა ფილიევა გორის ლიტერატურულ კაფეში საათზე მეტხანს ჩუმად იჯდა და და ახალი წიგნის შესახებ გამართულ დისკუსიას ყურადღებით უსმენდა. ბოლოს კი ემოცია ვეღარ დაფარა და, თვალცრემლიანმა, მოკრძალებით სიტყვა ითხოვა.

„იმდენად ბედნიერი ვარ, რომ არ ითქვა ერთმანეთის, ოსების და ქართველების მიმართ სალანძღავი სიტყვები... აქ ხომ არავინ იცოდა, რომ ჩემი სახით ოსი იჯდა“, – თქვა ხათუნამ და წიგნის ავტორებს მადლობა გადაუხადა.

ხათუნას გარდა, ლიტერატურულ კაფეში ცხინვალიდან დევნილები, ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგის ფორმატში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. დარბაზი მალე შეივსო და მაგიდაზე გაშლილი წიგნებიც სწრაფად გათავდა.

ეს არის ერთობლივი წიგნი, სადაც არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ არის გაკეთებული და, პირიქით, აქცენტი იქით არის მიმართული, რომ ომი სხვა კუთხით დაგვენახა ...
მეგი ბიბილური
„ომის სხვა სახე“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც ქართულ-ოსური თანადგომის ისტორიები დაიბეჭდა. ქართული მხრიდან ისტორიების შეგროვებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ წარმომადგენლები მუშაობდნენ, ოსურ მხარეს კი თანადგომის ისტორიებს გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხურბათი და მისი ჟურნალისტები აგროვებდნენ. წიგნი ქართულად, რუსულად და ინგლისურად ცალ-ცალკე დაიბეჭდა. თითოეული ვარიანტის ტირაჟი 300 ცალია. წიგნის პირველი პრეზენტაცია ერევანში გაიმართა, საიდანაც რუსული ვარიანტი ოსმა ჟურნალისტებმა ცხინვალში წაიღეს. „ქართლოსის“ ხელმძღვანელის მეგი ბიბილურის თქმით, წიგნში საბოლოოდ 40 ისტორია მოხვდა. მოთხრობების გმირების ვინაობა რიგ შემთხვევაში, მათი უსაფრთხოების მიზნით, შეცვლილია, მაგრამ ყველა ისტორია რეალურ ფაქტებზეა აგებული. მისი განცხადებით, ოსურ მხარესთან დეტალების შეთანხმება წინასწარ ხდებოდა, ამიტომ უკვე გამოცემული წიგნი მათ მიერ პოზიტიურად შეფასდა.

„ეს არის ერთობლივი წიგნი, სადაც არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ არის გაკეთებული და, პირიქით, აქცენტი იქით არის მიმართული, რომ ომი სხვა კუთხით დაგვენახა. აქედან გამომდინარე, მათი პირველი შეფასებები დადებითი იყო“, – ამბობს მეგი ბიბილური.

გორში გამართული პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია მოეწყო. ჟურნალისტ გელა კაპანაძის განცხადებით, ადამიანურ სიკეთეს და სიყვარულს სიძულვილის დაძლევა შეუძლია და ომის დროსაც კი ადამიანური ღირსების შენარჩუნება ცალკეულმა ადამიანებმა შეძლეს, ეს კი ნდობის აღდგენის იმედს აძლიერებს.

„ეს წიგნი თითოეულ მათგანს და ჩვენგანს არწმუნებს, რომ სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი. რაც მეტი იქნება ასეთი ისტორიები, შეხვედრები და ადამიანური ურთიერთობები, მით უკეთესი. მე ვფიქრობ, რომ დიპლომატებს კიდევ კარგა ხანი დასჭირდებათ და შეიძლება ვერ მოილაპარაკონ პოლიტიკური პროცესების მომენტები, მაგრამ ეს ადამიანური ისტორიები გადაასწრებენ ამ დიპლომატიურ და პოლიტიკურ პროცესებს და ამ ადამიანურ ურთიერთობებზე უნდა დაიწყოს პროცესის დალაგება“, აცხადებს გელა კაპანაძე.

ქართული მხრიდან ისტორიების შეგროვებაზე ჟურნალისტი ეკა ლომიძე მუშაობდა. იგი საკუთარ თავს იმედის მარცვლების მაძიებელს უწოდებს და ყველას ურჩევს, რომ ეს წიგნი წაიკითხოს.

ჩემი აზრით, წიგნის ანალიზი მკითხველს აძლევს საშუალებას, რომ გაიგოს რამდენად საშინელია ნებისმიერი ომი ...
მარია პლიევა
„მე არ ვიყავი ჟურნალისტი ამ პროცესში, მე ვიყავი მაძიებელი, რომელიც იმედის მარცვლებს ეძებდა, რომ მერე აეკინძა და დაენახვებინა სხვა ადამიანებისთვის, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, რომ მივიდნენ იმ ხალხთან და ესაუბრონ, ვისგანაც ეს ისტორიები მე მოვისმინე. ჩვენ არ უნდა ველოდოთ არავის, თითოეულ ადამიანს საოცარი ძალა აქვს. ამაში დამარწმუნა ამ წიგნზე მუშაობის პროცესმაც, რომ როდესაც ერთი ცდილობდა მეორის გადარჩენას, ოსი ქართველის თუ ქართველი ოსის, ის არ ფიქრობდა იმაზე, ახლა მე რომ არ გადავარჩინო, სხვა მოვა და გადაარჩენს თუ არაო, ან სხვამ გააკეთოს ესო“, –ამბობს ეკა ლომიძე.

ოსურ მხარეს სიკეთის ისტორიებს მარია პლიევა აგროვებდა. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი პოზიტიურია და თანადგომის მაგალითებს გვიჩვენებს, ანალიზი ცხადყოფს, რომ ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს, სიძულვილის საბოლოოდ დამარცხება კი სიკეთით უნდა მოხერხდეს:

„ ჩემი აზრით, წიგნის ანალიზი მკითხველს აძლევს საშუალებას, რომ გაიგოს რამდენად საშინელია ნებისმიერი ომი და მას არანაირი მიზნით გამართლება არა აქვს. ეს აღარ უნდა განმეორდეს და წიგნის მთავარი გზავნილიც ესაა.“

გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხურბათი ამ პროექტზე მუშაობას მომავლის იმედით დასთანხმდა. მისი აზრით, საზოგადოებაში მტრის ხატის სტერეოტიპი ღრმადაა გამჯდარი და ამ სტერეოტიპების დამსხვრევაა საჭირო.
ამ ომშიც აღმოჩნდა ადგილი ჰუმანიზმისა და კეთილი საქმეებისთვის. ისტორიები თავისი შინაარსით მრავალფეროვანი გამოვიდა ...

„ჩვენს საზოგადოებაში, ოსურშიც და ქართულშიც, ქართულში უფრო ნაკლებად, მაგრამ ოსურ საზოგადოებაში აშენებულია სტერეოტიპი ქართველის მტრის ხატისა, რომელსაც ყველანაირ იარლიყს ჰკიდებენ, რომ ის ცუდია. მეც ვფიქრობ, რომ ქართული პოლიტიკა ბევრ რამეში ოსების წინაშე დამნაშავეა, მაგრამ კონკრეტული ქართველები ამაზე არ არიან პასუხისმგებელნი. ამიტომ საჭიროა, ამ ნეგატივის საპირისპიროდ, დავამსხვრიოთ ეს ქართველი მტრის სტერეოტიპი და ვაჩვენოთ, რომ ომშიც კი იყვნენ ადამიანები, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად კეთილ საქმეებს აკეთებდნენ, ეს ადამიანები კი პატივისცემას იმსახურებენ“, – აცხადებს თემურ ცხოვრებოვი.

აქვს თუ არა ომს სხვა სახე, გარდა სიკვდილის, ნგრევის, სისასტიკის და ათასი უბედურებისა? წიგნის ავტორების აზრით, დიახ, ომს სხვა სახეც აქვს. წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:

„ომშიც კი შესაძლებელია ადამიანური ფასეულობების შენარჩუნება. ამ ომშიც აღმოჩნდა ადგილი ჰუმანიზმისა და კეთილი საქმეებისთვის. ისტორიები თავისი შინაარსით მრავალფეროვანი გამოვიდა. ისინი ძირითადად ეხება მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც ერთ წამში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, მაგრამ ყველა ისტორიას ერთი მთავარი მომენტი აერთიანებს. ჩვენ გვახსოვს სიკეთე, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში გვინახავს.“

აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია COBERM-ის მიერ, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ადმინისტრირებას კი გაეროს განვითარების პროგრამა უწევს.
XS
SM
MD
LG