Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წართმეული მოსავალი სობისში


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისის მიწის ნაკვეთში შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიიდან კომბაინი მოიყვანეს და ადგილობრივი ფერმერის, შალვა ჩილინდრიშვილის, ქერის მოსავლის აღება დაიწყეს, მიწის მესაკუთრეს კი განუცხადეს, რომ მისი სახნავ-სათესი ფართობი საქართველოს ტერიტორიაზე არ მდებარეობს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში შალვა ჩილინდრიშვილი აცხადებს, რომ ოდითგან ამ მიწის ფართს ამუშავებს და მოსავალი მოჰყავს. 12 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ქერი წელსაც დათესა. ხვნა-თესვის სამუშაოების დროს ის არავის შეუწუხებია, მაგრამ როგორც კი თესვა დაასრულა, მასთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მივიდნენ და ბოძებით ნაკვეთი შუაზე გაუყვეს, ახლა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ფართობზე ჩილინდიშვილის კუთვნილ მოსავალს იღებენ.

სობისში ჩავიდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოკუპაციო ძალები საერთაშორისო ნორმებსა და საკუთრების უფლებას არღვევენ. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს რეაქცია ამ ფაქტზე ადეკვატური იქნება და ეს ინციდენტი საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა ფორმატში განიხილება. ციხელაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაზარალებულებს მძიმე ყოფა შეუმსუბუქდეთ.

ჩილინდრიშვილის მიწის ნაკვეთიდან ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, დაახლოებით, 500 მეტრშია აღმართული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საოკუპაციო ძალები მაინც ცდილობენ ადგილობრივი ფერმერების მოსავალს დაეპატრონონ. სოფელში გამგებლის წარმომადგენელი დავით ცერცვაძე აცხადებს, რომ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების შემთხვევაში სობისი ძირითად სახნავ-სათეს ფართობებს დაკარგავს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა საქმის კურსში ჩააყენა როგორც სამართალდამცავი სტრუქტურები, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. დამკვირვებლები შემთხვევის ადგილზე უკვე მივიდნენ. მათი გამოჩენისას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კომბაინი სხვა ფართობში გადაიყვანეს.

სობისელი ფერმერი შალვა ჩილინდრიშვილი ამბობს, რომ ამ 12 ჰექტარი ფართობიდან, დაახლოებით, 20 ტონა მოსავალს ელოდა, მაგრამ ახლა ამის ნახევარსაც ვეღარ მიიღებს. ქართული მხარე აღნიშნულ ინციდენტს აგვისტოს ბოლოს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველად დააყენებს, მაგრამ საეჭვოა ჩილინდრიშვილს წართმეული მოსავალი დაუბრუნონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG