Accessibility links

logo-print

შაბათს, 9 აგვისტოს, სრულდება 40 წელი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტიდან რიჩარდ ნიქსონის გადადგომიდან. ნიქსონის პოლიტიკური კარიერა "უოტერგეიტის" სკანდალად ცნობილ მოვლენებს შეეწირა.

შეგახსენებთ, 1972 წლის ივნისში რესპუბლიკური პარტიის აქტივისტები ვაშინგტონში, "უოტერგეიტის" სასტუმრო კომპლექსში შეიპარნენ, რათა იქ განთავსებულ დემოკრატების სათაო ოფისში მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ. "უოტერგეიტმა" ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. ზოგიერთი რეფორმა, რომელიც ხსენებული სკანდალის შემდეგ გატარდა, დღესაც აქტუალურია.

დრამა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია, 1974 წლის 8 აგვისტოთი თარიღდება. პრეზიდენტმა ნიქსონმა ოვალურ კაბინეტში ტელეკამერების წინ განაცხადა, რომ მომდევნო დილას თანამდებობას ტოვებდა.

"არასდროს მოვქცეულვარ უპასუხისმგებლოდ. ვადის ამოწურვამდე თანამდებობის დატოვება ჩემთვის უჩვეულოა, მაგრამ, როგორც პრეზიდენტი, პირველ რიგში შეერთებული შტატების ინტერესებს ვითვალისწინებ," - განაცხადა ნიქსონმა.

თანამდებობიდან წასვლის დღეს თეთრი სახლის თანამშრომლებთან ემოციური შეხვედრისას, ნიქსონი თავისი პოლიტიკური მარცხის ერთ-ერთ მიზეზს შეეხო.

"ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ სხვებს შეიძლება სძულდე, თუმცა ადამიანები, რომელთაც ეზიზღები, ვერ გაიმარჯვებენ, სანამ შენ არ შეიძულებ მათ. მათი სიძულვილით კი საკუთარ კარიერას დაანგრევ," - თქვა ნიქსონმა.

ნიქსონის წასვლიდან მოკლე ხანში, პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი შეეცადა, გაენელებინა მღელვარება საზოგადოებაში, რომელიც შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად გახდა პრეზიდენტის გადადგომის მოწმე.

"ჩემო მეგობრებო, ხანგრძლივი კოშმარი დასრულებულია. ამერიკის კონსტიტუცია მოქმედებს. სახელმწიფოს მართავს მთავრობა, რომელსაც ხალხი ირჩევს," - განაცხადა ფორდმა.

"უოტერგეიტის" სკანდალის შემდეგ, ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით დააპატიმრეს ნიქსონის რამდენიმე მრჩეველი. თეთრმა სახლმა გაავრცელა აუდიოჩანაწერები, სადაც ნიქსონი თავის მომხრეებს ავალებდა, "უოტერგეიტის" გამოძიების ჩასაშლელად ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის მცდარი ინფორმაცია მიეწოდებინა.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა ფორდმა ნიქსონს ყველა დანაშაული შეუნდო. ეს ნაბიჯი ფორდს 1976 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ ჯიმი კარტერთან გამარჯვების ფასად დაუჯდა. ნიქსონის პრეზიდენტობისას, ფორდს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

"უოტერგეიტის" სკანდალმა ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში მნიშვნელოვანი გადატრიალება მოახდინაო, ამბობს ამერიკის უნივერსიტეტის საპრეზიდენტო ისტორიის მკვლევარი ალან ლიჰტმანი:

"'უოტერგეიტი' ამერიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად რჩება. 'უოტერგეიტი' პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ წასვლის ყველაზე აშკარა მცდელობა იყო."

"უოტერგეიტის" სკანდალი ორი წელიწადს გაგრძელდა. სკანდალის უმეტესი ნაწილი საზოგადოების სამჯავროზე "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტებმა ბობ ვუდვორდმა და კარლ ბერნსტაინმა გამოიტანეს.

ლიჰტმანი ამბობს, რომ ჟურნალისტების როლი "უოტერგეიტის" გამოძიების, აგრეთვე პრეზიდენტის დანაშაულის გამოაშკარავების საქმეში, გადამწყვეტი იყო.

"რომ არ ყოფილიყო წყარო, რომელმაც ვუდვორდსა და ბერნსტაინს ინფორმაცია მიაწოდა, ნიქსონი ამ საქმიდან, შეიძლება, სუფთად გამოსულიყო. ასე რომ, სისტემამ იმუშავა, თუმცა - შემთხვევის წყალობით. ნათლად დავინახეთ, რომ ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ," - ამბობს ისტორიკოსი.

"უოტერგეიტის" სკანდალი საფუძვლად დაედო საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეფორმას კონგრესში, თუმცა ზოგიერთი კანონი მხოლოდ უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების შემდეგ ამოქმედდა.

გარდა ამისა, "უოტერგეიტმა" საფუძველი ჩაუყარა ახალ, აზრთა სხვადასხვაობით გამორჩეულ პოლიტიკურ ხანას, რომელიც ბოლო წლებში უკიდურესად პოლარიზებული გახდა. ნორმან ორნსტაინი, რომელიც ვაშინგტონის „ამერიკულ წამოწყებათა“ ინსტიტუტის თანამშრომელია, ამბობს:

"ჩვენ ნელ-ნელა დავინახეთ, როგორ იმატა დაძაბულობამ, თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ახლაა. ამჟამად თვალშისაცემია საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა, არა უბრალოდ აზრთა პოლარიზაცია, არამედ ის, რაც შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის შემდეგ არ გვინახავს."

ამერიკელებს "უოტერგეიტის" სკანდალთან დაკავშირებით შეხედულებები შეეცვალათ. 1974 წელს, როდესაც პრეზიდენტმა ფორდმა რიჩარდ ნიქსონი შეიწყალა, გამოკითხულთა 59% მას არ დაეთანხმა. თუმცა 2002 წელს ტელეკომპანია ეი-ბი-სის მიერ ჩატარებულ მსგავს გამოკითხვაში 59%-მა ფორდის ნაბიჯი დადებითად შეაფასა და მისი გადაწყვეტილება ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკური სკანდალის შემდეგ, ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია.

XS
SM
MD
LG