Accessibility links

logo-print
აგვისტოს ომის მე-4 წლისთავისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიებები გორში დღეს გაიმართა. დილიდან გმირთა მემორიალთან გორი-სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრიამ დაღუპული მებრძოლების და სამოქალაქო პირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს დაღუპულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მიტროპოლიტის თქმით, საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ასეთი გმირების და მათი საქმეების მაგალითზეა შესაძლებელი:

„ყველა ადამიანი, ვინც შეეწირა სამშობლოს მთლიანობას, არის გმირი და მათი სახელი დაუვიწყარია. ასეთი ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, რომ არ იყვნენ და შემდგომში კიდევ თუ არ იქნებიან, საქართველო ვერ იარსებებს.“

ონისე დოიჯაშვილი ცხინვალთან ახლოს რუსეთის ავიაციის მიერ ქართული საჯარისო დანაყოფების დაბომბვის დროს დაიღუპა. მისი დედა ნუნუ გოგოლაძე ამბობს, რომ შვილის გარეშე ცხოვრება ძალიან უჭირს, მაგრამ, იმავდროულად, ამაყია, რომ მისი შვილი გმირულად დაეცა.

გორელები დღეს 4 წლის წინანდელ ამბებს იხსენებდნენ. თამარ კოშორიძე მაშინ სასულიერო პირებთან ერთად ქალაქის მოსახლეობას პურს ურიგებდა. იმ დროს ფრონტის ხაზიდან მიცვალებულების გამოტანა ეკლესიამ იტვირთა და ბერები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად კონფლიქტის ზონაში შედიოდნენ. თამარ კოშორიძე დღესაც თვალცრემლიანი ჰყვება აგვისტოს ომის საშინელ ამბებს:

„ქართველი ჯიშის და ჯილაგის გაწყვეტა მეცოდებოდა. უწმინდესმა რომ გამოასვენა მიცვალებულები და ამ ბავშვებს რომ ვუყურებდით, გახრწნილები იყვნენ და ზეწრები რომ გადახადეს, ხორცი და კანი სძვრებოდათ. უწმინდესი რომ დავინახე, მაშინ მივხვდი, რომ გვეშველა. რაღაცა იმედი შემოვიდა, მივხვდით, რომ მარტოები აღარ ვიყავით. მეუფეზე და მამებზე ხომ აღარ გვაქვს ლაპარაკი. ნებისმიერი მათგანი სიკვდილის ძაფზე გადიოდა. არავინ იცოდა, რომ გავიდოდნენ იქით რაიონში, ცოცხალი შემოვიდოდა რომელიმე თუ არა.“

დღის მეორე ნახევარში ღონისძიებები შინდისში გაგრძელდა, სადაც 17 დაღუპული მებრძოლის მემორიალია მოწყობილი. შინდისთან ბრძოლაში სენაკის ბრიგადის ამ მებრძოლებმა რუსული არმიის დანაყოფებს ბრძოლა გაუმართეს და გორისკენ მიმავალი არმია დიდი ხნით შეაჩერეს. ყველა მათგანი უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. დილიდან შინდისელები მემორიალთან ყვავილებით და სანთლებით მიდიოდნენ, იქ მივიდნენ პოლიტიკოსებიც. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე ერთი საათით ადრე მივიდნენ და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, თანამედროვეობის ყველაზე მძიმე ბრძოლას მომავალი თაობა არ დაივიწყებს. მისი აზრით, შინდისის ბრძოლის გმირების თავდადება სასკოლო სახელმძღვანელოებშიც უნდა შევიდეს.

ცოტა ხანში შინდისში გორის უნივერსიტეტის და ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. გორი-სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრიამ და ცხინვალი-ნიქოზის ეპისკოპოსმა ისაიამ 17 მებრძოლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. შიდა ქართლის გუბერნატორმა სულხან სიბაშვილმა აღნიშნა,რომ ამ ადგილზე მისვლა ერთდროულად ძალიან მძიმეცაა და საამაყოც.

დღის ბოლოს გორის ქუჩებში ადგილობრივი მცხოვრებლები სანთლებით გამოვლენ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კი სანთლებითვე გაკეთდება წარწერა - „ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტო.“ ეს აქცია უკვე მესამე წელია იმართება. აქამდე ახალგაზრდები ერთიანი საქართველოს რუკის კონტურს სანთლებით ანათებდნენ ხოლმე.
XS
SM
MD
LG