Accessibility links

არდადეგებზე გასულმა პარლამენტმა 4 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე ნდობა გამოუცხადა ახალი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და ახალ სამთავრობო პროგრამას. 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ ახალ პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილი, ხოლო მის ძველ, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამტკიცდა; თავდაცვის მინისტრად გადაყვანილმა დიმიტრი შაშკინმა განათლების მინისტრის ადგილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძეს დაუთმო, ხოლო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კობა სუბელიანი ჩაანაცვლა დალი ხომერიკმა, რომელიც მანამდე აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად მუშაობდა. დასაქმების სახელმწიფო მინისტრის ახლად შექმნილი პოსტი კერძო სექტორიდან მოსულმა პაატა ტრაპაიძემ დაიკავა.

ჩამოთვლილი ცვლილებებიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე ხმაურიანი მოვლენა მაინც შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩო ახალაიას დამტკიცება აღმოჩნდა. ამ ასპექტის გათვალისწინებით, მალევე გაჩნდა შეკითხვა - გაძლიერება იყო თუ შესუსტება ვანო მერაბიშვილისთვის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, ანუ რა იყო სამთავრობო ცვლილებების მთავარი მიზანი - ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება თუ ბაჩო ახალაიას გადაყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე? შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი შეკითხვების გამომწვევი ეჭვები კიდევ უფრო გააქტიურდა ოდნავ მოგვიანებით, როცა ბაჩო ახალაიას ძმა - დათა ახალაია - თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

მაშინ როცა ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებას ცვლილებების მთავარ მიზნად და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებულ სვლად მიიჩნევს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია, პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის აზრით, სამთავრობო ცვლილელები სწორედ იმ მიზნით განხორციელდა, რომ ბაჩო ახალაია ”უნდა გადაეყვანათ შინაგან საქმეთა მინისტრად”. ”ძლიერ ხელად” წოდებული ბაჩო ახალაიას დანიშვნა შინაგან საქმეთა მინისტრად არჩევნების წინ, სხვათა მსგავსად, გარკვეულ ეჭვებს აღუძრავს ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერს, მანანა ნაჭყებიასაც:

”ამით ხელისუფლებამ, მე მგონი, გააკეთა დეკლარირება იმისა, რომ ის აპირებს პოლიციის წნეხისა და გავლენის ქვეშ ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია და არ აპირებს ფეხი აიღოს იმ პედალირებიდან, რაც ამ პერიოდში მასობრივად ხდება და ხედავს მთელი საქართველო, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური წნეხის განხორციელება ამომრჩეველზეც, პოლიტიკურ პარტიებზეც და ასე შემდეგ.”

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის დამტკიცებას, ამ სვლას გამართლებულ სვლად მიიჩნევენ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის გარკვეული ნაწილი. ოპონენტების აზრით, იმისთვის, რომ წინასაარჩევნო დაპირებებისთვის მეტი დამაჯერებლობა მიენიჭებინა, ნაციონალურ მოძრაობას აუცილებლად ესაჭიროებოდა ახალი ფიგურა და სწორედ ამ ფიგურად იქნა შერჩეული ზედმიწევნით წარმატებულ მინისტრად ცნობილი - ვანო მერაბიშვილი.

თუმცა ამ დრომდე კამათის საგნად რჩება, თუ რამდენად დამაჯერებელია ამომრჩევლისთვის ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ შემუშავებული ახალი სამთავრობო პროგრამა - ”მეტი სარგებელი ხალხს”, რომელიც 4 წელიწადზეა გათვლილი. 4 ივლისს, როცა ეს პროგრამა დეპუტატებს წარუდგინა დასამტკიცებლად, ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტებს ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და, რაც მთავარია, დასაქმება წარმოადგენს:

”თითოეული მინისტრის, თითოეული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თითოეული დანაყოფის ხელმძღვანელის ყოველდღიური საქმიანობის მთავარი ამოცანა იქნება საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე ზრუნვა.თითოეული პროექტის, თითოეული მოზიდული ინვესტიციის, თითოეული ინოვაციის შეფასების მთავარი კრიტერიუმი იქნება ის, თუ რამდენ ადამიანს დაასაქმებს.”

ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, უახლოეს წლებში საქართველოში სულ ცოტა 273 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ტურისტების რაოდენობა 7 მილიონს გაუტოლდება, 5 ათასი კილომეტრი სიგრძის გზის დაგების პროცესი დაიწყება და 24 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესი გაგრძელდება.

განახლებული მთავრობა 4 წლის მანძილზე, პენსიების დაფინანსების მიზნით, 6 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სოციალური დახმარების მიზნებისთვის 3-3 მილიარდი ლარი დაიხარჯება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, 4 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი და ასევე 4 მილიარდი ლარი გამოიყოფა განათლების სისტემის დაფინანსებისთვის.

მეტ სარგებელში, რაც ხალხმა მერაბიშვილის ახალი სამთავრობო პროგრამის მიხედვით უნდა მიიღოს, თითოეული ოჯახისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამიზნული 4-წლიანი 1000-ლარიანი ვაუჩერიც იგულისხმება. თუმცა ამ ფულის დახარჯვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარკვეული მიზმებისთვის, მაგალითად - მედიკამენტების, სახელმძღვანელოებისა თუ შხამქიმიკატების შესაძენად.

განახლებული მთავრობის მრავალმილიარდიან დაპირებებს საეჭვოდ მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც 4 ივლისის სხდომაზე საკმაოდ მწვავე შეფასებებით გამოირჩეოდა. თუმცა ოპოზიციის კრიტიკულ და სკეპტიკურ მიდგომას ყოვლად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თვლის საპარლამენტო უმრავლესობა.

ასეა თუ ისე, მერაბიშვილის მთავრობის არაერთმილიარდიან დაპირებებს ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა ”სოციალისტური” უწოდა და, სხვათა შორის, ამ კვირაში საკმაოდ ბევრმა აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის დაპირებები, მართალია, გაზრდილ მასტაბებში, მაგრამ ზუსტად იმეორებდა ბიძინა ივანიშვილის მიერ მანამდე გახმაურებულ დაპირებებს.

ხელისუფლებასა და ”ქართულ ოცნებას” შორის არაპირდაპირი, მაგრამ მწვავე დაპირისპირება და კამათი მიმდინარე კვირაში ევროპარლამენტის დებატებმაც გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ოპოზიციურმა კოალიციამ სულ ტყუილად იზრუნა ამ დებატების გამართვისთვის, რადგანაც, საბოლოო ჯამში, საპირისპირო შედეგი მიიღო და, ასე ვთქვათ, ”კატა გამოთხარა”.

საქმე ის არის, რომ 4 ივლისს სტრასბურგში გამართულ დებატებში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენლებმა, რომლის პარტნიორიც ”მეთვალყურის სტატუსით” ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” გახლავთ, ბიძინა ივანიშვილი და მისი მომხრეები კრემლთან და რუსულ ფულთან კავშირში დაადანაშაულეს.

მმართველი პარტიის პარტნიორებისგან იმ შეფასებების მოსმენა, რასაც ისედაც ხშირად ისმენს თბილისში, არ გაჰკვირვებია დავით უსუფაშვილს, კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერსა და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას 5 ივლისს, სტრასბურგიდან სატელეფონო საუბრისას, 4 ივლისის დებატები ”საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას” წარმოადგენს:

”მთავარი ის არის, რომ ამ მოსმენის გამართვა ევროპარლამენტში არ უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ეს მოხდა - საქართველოს საკითხი, საქართველოს თემა კიდევ ერთხელ იქნა წინ წამოწეული და ევროპარლამენტმა მიმართა სათანადო ორგანოებს, უკვე აღმასრულებელ სტრუქტურებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით იყვნენ მეტი ყურადღებით. ასე რომ, მიზანი მიღწეულია.”

საქართველოში არსებული მდგომარეობის ურთიერთგანსხვავებული შეფასებები ევროკავშირისთვის შეშფოთების საფუძველს რომ წარმოადგენს, ეს ევროპარლამენტის 4 ივლისის სხდომაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კეთრინ ეშტონის განცხადებაშიც გამოჩნდა. მართალია, თავად კეთრინ ეშტონი არ ესწრებოდა დებატებს, მაგრამ მისი სახელით ორჯერ გააკეთა განცხადება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - კვიპროსის - ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეას მავროიანისმა.

„შეშფოთებით აღვნიშნეთ არსებული აღქმა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციონერი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის შეფერხებას, რომ მის წინააღმდეგ მიმართულია რესურსები და რომ კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ ცალმხრივად გამოიყენება. ჩვენ დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ, რომ კანონები სწორად და გამჭირვალედ იქნეს გამოყენებული, რათა არ დარჩეს არანაირი ეჭვი პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ასევე არსებობს აღქმა, რომ ბატონი ივანიშვილი თავის არათანაბარ ფინანსურ შესაძლებლობებს იყენებს საარჩევნო სარგებლისთვის და ეს კანონიერი წუხილია. კიდევ ერთხელ, ჩვენ დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ, რომ იყოს თანაბარი პირობები დემოკრატიული შეჯიბრისთვის და რომ შეუძლებელი იყოს ხმების ყიდვა“, - განაცხადა მავროიანისმა დებატების დაწყებამდე.

ხოლო დებატების დასრულების შემდეგ კეთრინ ეშტონის სახელით გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ”არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მისაღწევად“ მნიშვნელოვანი იქნება სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა:

„ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ პოლიტიკურად მოტივირებული პირდაპირი ან არაპირდაპირი დევნა ან შერჩევითი სამართლის გამოყენება პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ არ შეესაბამება დემოკრატიულ ფასეულობებს.“

ეშტონის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ, ყურადღებით მეთვალყურეობასთან ერთად, ევროკავშირი ეძებს დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს დასახმარებლად - საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის დახმარების მასშტაბი რომ გატარებული რეფორმების პირდაპირპროპორციული იქნება, ეს უკვე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ აღნიშნა 4 ივლისს, თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, საქართველომ „შესანიშნავ პროგრესს” მიაღწია რეფორმების განხორციელების კუთხით და რომ ის „მაგალითს წარმოადგენს ბევრისთვის”, მაგრამ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები რეფორმების გზაზე მიღწეული პროგრესის „გადამწყვეტი მაჩვენებელი” იქნება.

ჰერმან ვან რუმპე საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სომხეთიდან ჩამოვიდა, ხოლო 5 ივლისს აზერბაიჯანში გაემგზავრა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG