Accessibility links

logo-print

გასული კვირა - ევროპარლამენტიდან აგრარულ უნივერსიტეტამდე


აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო დემონსტრაცია თბილისში 2013 წლის 11 მარტს.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების საპროტესტო დემონსტრაცია თბილისში 2013 წლის 11 მარტს.

17 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის პასუხი ევროპის სახალხო პარტიის 14 მარტის დეკლარაციაზე. საქართველოს მთავრობის აღნიშნული პასუხი წარმოადგენს ვრცელ განმარტებებს იმ კრიტიკაზე, რომელიც ევროპელმა პარლამენტარებმა ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების დაცვის, სამართლიანი სასამართლოსა და მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასებისას გამოხატეს. საქართველოს მთავრობა არ იზიარებს ევროპის სახალხო პარტიის შენიშვნებს და 17 მარტის წერილით ცდილობს დაამტკიცოს, რომ ხელისუფლება კანონის უზენაესობის ერთგული რჩება და პოლიტიკურ ოპონენტებს არ ავიწროებს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ევროპის სახალხო პარტიის წევრების მიმოწერა გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო.

კვირის პოლიტიკური აქტივობა ევროპის სახალხო პარტიის 6 მარტის წერილზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პასუხით დაიწყო. ევროპარლამენტის 23-მა წევრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელ მიმართვას პრეზიდენტ სააკაშვილისადმი მუქარა უწოდა და ყურადღება გაამახვილა საფრთხეზე, რომ საქართველო შესაძლოა ევროპას დაშორდეს. ”დაგვიწესეთ უმაღლესი ევროპული სტანდარტები და განგვსაჯეთ ამ სტანდარტების მიხედვით, - ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება პოსტკომუნიზმისაგან თავის დასაღწევად, - მაგრამ ამ სტანდარტების მეტრად სააკაშვილს და მის რეჟიმს ნუ დაგვისახავთ. ეს ევროპის შეურაცხყოფაა”, - აღნიშნა, თავის მხრივ, ევროპარლამენტარების ამ ჯგუფისადმი გაგზავნილ წერილში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისი წერილის შინაარსი საზოგადოებისათვის 11 მარტს გახდა ცნობილი, რამდენიმე დღეში კი - კერძოდ, 14 მარტს - ევროპის სახალხო პარტიას უფრო ვრცელი წერილით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა. წერილში საქართველოში არსებული ვითარება ძველი და ახალი ხელისუფლების პირობებში შედარებულია ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საკუთრების უფლება, ბიზნესის თავისუფლება, პოლიტიკური ზეგავლენა, მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. წერილში ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ, ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ახალი ხელისუფლება მტკიცედ ადგას დემოკრატიული განვითარების გზას და ამაში დასარწმუნებლად წერილის ადრესატებს იგი საქართველოში იწვევს.

”მსგავსი მისიით ევროკავშირმა უკვე მოავლინა ბატონი ჰამარბერგი. ხორციელდება სასამართლო პროცესების მონიტორინგი, მათ შორის, ODIHR-ის მიერ. ვინაიდან კითხვები გიჩნდებათ მიმდინარე მოვლენების მიმართ, თქვენც მოგიწოდებთ, სანამ ”ევროპის კარის დახურვის” შორსმიმავალ დასკვნებს გააკეთებთ, მოავლინოთ ხანგრძლივი დამკვირვებლები და თავად დარწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა დემოკრატიული მმართველობა. ჩვენი მისიაა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უპირობო, განუხრელი და ცალსახა ერთგულება”.

ესაა ნაწყვეტი ბიძინა ივანიშვილის წერილიდან. ევროპის სახალხო პარტიის წევრებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ეპისტოლარული კამათი გასულ სამუშაო კვირაში ევროპის სახალხო პარტიის სამპუნქტიანი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაცია დამტკიცდა სამიტზე, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. დეკლარაციის რეკომენდაციების თანახმად, პოლიტიკურმა უმრავლესობამ პატივი უნდა სცეს საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის საკონსტიტუციო უფლებებს, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას. დეკლარაციის მეორე პუნქტი შეეხება სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას, ხოლო მესამე პუნქტი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.

”დღეს გამოვაქვეყნეთ მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საგანგებოდ შეეხება სამ ასპექტს. ესენია დემოკრატიის ფუნქციონირება, სამართლიანი სასამართლო და ღია პოლიტიკა მედიასთან დაკავშირებით. ეს არის დოკუმენტის სამი მთავარი ასპექტი. ეს არის ერთგვარი გზამკვლევი. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პასუხი ასეთი რაციონალურია, თუ არ ჩავთვლით თავდასხმას პრეზიდენტ სააკაშვილზე”.

ასე გამოეხმაურა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის 14 მარტის წერილს ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ვილფრედ მარტენსი. თავად ბიძინა ივანიშვილმა კი გასულ სამუშაო კვირაში თითქმის სამი საათი დაუთმო რეგიონალურ ჟურნალისტებთან საუბარს. ამ საუბარში, ცხადია, მან პრეზიდენტი სააკაშვილიც არაერთხელ ახსენა, მათ შორის, მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში. კერძოდ, მან განაცხადა, რომ თუკი საკონსტიტუციო ცვლილება ვერ შედგება, „ნაციონალური მოძრაობა“ და საქართველოს პრეზიდენტი თავს გაინადგურებენ:

”პრეზიდენტს საერთოდ დაეკარგება იმიჯი და გარეთ არ გაესვლება არც მას და არც ”ნაციონალური მოძრაობის” იმ წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ დიქტატორული კანონის შენარჩუნებას. გარწმუნებთ, რომ ეს თემა, უკაცრავად და, აყროლდება იმ დონეზე, რომ თავი არ აეწევა არავის”.

14 მარტსვე გავრცელდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაცია, რომელშიც მინიშნებულია, რომ თუკი საქართველო რეკომენდაციებს არ შეასრულებს, შესაძლოა მას ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნას.

აღნიშნულზე პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმის რეალიზებას საფრთხე არ ემუქრება. ტექსტის 85 პროცენტი შეთანხმებულია, ვილნიუსის სამიტისთვის კი ხელშეკრულებებზე მუშაობა საბოლოოდ დასრულდება.

ასეთივე ოპტიმისტური მესიჯები, ამჯერად უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, გასულ სამუშაო კვირაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ამერიკიდან გაავრცელა. სწორედ ამ კვირაში შედგა მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში, სადაც, მთლიანობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, პენტაგონსა და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებში 50-მდე შეხვედრა გამართა. როგორც დავით უსუფაშვილმა მედიასთან განმარტა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო პარტნიორების იმაში დარწმუნება, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელი რჩება:

”არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, არამედ ნატოსთან მიმართებაში, ევროკავშირთან, სხვა ევროპულ სტრუქტურებთან. ჩვენ აგრეთვე ჩვენს კოლეგებს ძალიან დეტალურად ვესაუბრებით იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოს პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების თაობაზე. რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ხარჯზე და ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში შევეცდებით იმ გზების გამოძებნას, რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობას ქვეყნებს შორის, ურთიერთობას ხალხებს შორის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ამაზე შორს წასვლას მანამ, სანამ პრობლემებია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით”.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე - ისევე, როგორც სხვა არაერთ პოლიტიკურ საკითხზე - საზოგადოების შეხედულებები გასულ სამუშაო კვირაში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის - IRI-ის - კვლევის შედეგებით გახდა ცნობილი. კვლევა თებერვალში ჩატარდა და მასში პირდაპირი წესით 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ახალი კვლევის შედეგებით, რომლის ცდომილება, გავრცელებული ცნობით, 2,5 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, საქართველოს ინსტიტუციების მიმართ ნდობის რეიტინგში 95 პროცენტით კვლავაც ეკლესია ლიდერობს, მას 91 პროცენტით მოჰყვება ჯარი, ხოლო 89 პროცენტით - პოლიცია. პოლიტიკური ლიდერების პირველ სამეულში არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი - 88 პროცენტით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი - 84 პროცენტით და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია - 83 პროცენტით.

რაც შეეხება რეფორმებს, გამოკითხულთა უმრავლესობის - 35 პროცენტის - შეფასებით, რეფორმა, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკაში უნდა გატარდეს, 27 პროცენტის აზრით კი, მთავრობის პრიორიტეტი ჯანდაცვის სექტორი უნდა გახდეს. რეფორმების გატარების დაჩქარების მიმართულებით მეოთხე ადგილზე - 10 პროცენტით - აღმოჩნდა განათლების სამინისტრო, რომლის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აქტივობა გასულ კვირაში სტუდენტთა საპროტესტო აქციებითაც კი გამოიხატა. მიიღო თუ არა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტისა და მისი ხელმძღვანელის, კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ? - ეს იყო, თავის მხრივ, გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვა. საქმე კი ეხება აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას, რომელიც, ოფიციალური განმარტებით, განპირობებული იყო ისეთი დარღვევებით, როგორიცაა აკადემიური პერსონალის შერჩევა და დანიშვნა, სავალდებულო ლიტერატურის უქონლობა, ხარვეზები უნივერსიტეტის ვებგვერდზე სასწავლო პროგრამის შესახებ სავალდებულო ინფორმაციის დატანასთან დაკავშირებით და სხვ.

- „დღეს ჩვენ ჩვენი უნივერსიტეტი გვტკივა. მთავარია, რომ ჩვენს უნივერსიტეტს დაუბრუნდეს ავტორიზაცია და, კიდევ ერთი, მაინტერესებს, აკრედიტაციის საბჭო მიუკერძოებელი იყო?”

- ”აკრედიტაციის საბჭო რომ მიუკერძოებელი იყო და ის, რომ დარღვევები იყო, ამაზე უარს არავინ ამბობს. თქვენ, უბრალოდ, ამბობთ, რომ იყო მხოლოდ მცირე დარღვევები”.

ეს დიალოგი სტუდენტსა და განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს შორის 12 მარტს შედგა. დარღვევები, უფრო ზუსტად კი, აგრარული უნივერსიტეტის წესდება, გიორგი მარგველაშვილის თქმით, სამინისტროში შესული დოკუმენტაციის თანახმად, 15 მარტისთვის გამოსწორდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ორშაბათიდან, 18 მარტიდან, პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG