Accessibility links

logo-print
გასული სამუშაო კვირა 15 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში საზოგადოების განწყობის 2013 წლის მარტში ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებით დაიწყო. კვლევის მიხედვით, მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ისევ დასაქმება რჩება. მეორე-მესამე ადგილზე ამ მიმართულებით ტერიტორიული მთლიანობისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხებია, მოსახლეობის 25 პროცენტისთვის კი მთავარ პრობლემას სიღარიბე წარმოადგენს.

თუმცა ზოგადად ამ რიგის პრობლემების სიმწვავის მიუხედავად, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე საჯარო მსჯელობა გასულ კვირაში ხმაურიანი პოლიტიკური თემებით გადაიფარა. NDI-ის კვლევის გამოქვეყნების დღესვე, 15 აპრილს, სოციალურ ქსელ ”ფეისბუკში” კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, მოგვიანებით კი თავდაცვის მინისტრის მოადგილის დათა ახალაიას სახელით გავრცელდა წერილი, რომელშიც იგი ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს არაერთ მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს. კერძოდ, 15 აპრილის წერილში ასახული ბრალდებები უკავშირდება პატიმართა წამების სკანდალური კადრების გადაღებისა და საზღვარგარეთ გატანის ორგანიზებას, ლაფანყურის შეტაკების პროვოცირებას, ჯარისკაცებზე ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობას იაღლუჯის პოლიგონზე და სხვა. დათა ახალაიას თანახმად, ვანო მერაბიშვილმა ეს ყველაფერი მისი ძმის, ბაჩო ახალაიას, დასაღუპად ჩაიფიქრა და, საბოლოო ჯამში, სწორედ მისი ქმედებების გამო დამარცხდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ბრალდებების სიმძიმის მიუხედავად, დათა ახალაიას საქართველოში ჩამოსვლამდე პროკურატურა საქმის გამოძიებას ვერ იწყებს. განმარტება კი ამ საკითხზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გააკეთა:

„სანამ ჩვენთვის არ არის დანამდვილებით ცნობილი, მას ეკუთვნის თუ არა ეს განცხადება და სანამ ეს ადამიანი, მოწმის სახით თუ სხვა სტატუსით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არ მისცემს ანალოგიურ ჩვენებას, მანამდე, ბუნებრივია, არანაირი გამოძიება ამ განცხადებასთან დაკავშირებით არ წარიმართება”.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ დათა ახალაიას წერილი მართლმსაჯულების ყურადღების საგანი ვერ გახდა, მასზე არაერთი კომენტარი გაკეთდა. წერილში მოყვანილ ბრალდებებს „ფეისბუკში“ გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილიც. მან დათა ახალაიას წერილს ჯერ აბსურდი და საფუძველს მოკლებული ბოდვა უწოდა, მოგვიანებით კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა ”პოზიციაში” განაცხადა:

„თავისთავად ის, რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ მე პირადი მეგობრობა მაკავშირებდა ამ ადამიანის მიმართ წლების განმავლობაში. ამაზე მეტი უკვე ვეღარ მოხდება და მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის სერიოზული პოლიტიკური პრობლემა. ეს იყო პერსონალური პრობლემა და ჩემი პერსონალური პრობლემა საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო”.

ვანო მერაბიშვილის ეგრეთ წოდებული „პერსონალური პრობლემა“ საზოგადოებისთვის მაინც ბოლომდე ამოუხსნელი და საინტერესო დარჩა, მათ შორის, იმ აქციის მზადების ფონზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა 2 თვით ადრე დააანონსა და რომელიც სწორედ გასული სამუშაო კვირის ბოლოს, 19 აპრილს, გაიმართა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ პირველ აქციაზე თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე, რომლის დევიზიც იყო ”ევროპული არჩევანი”, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ახალი ეროვნული მოძრაობის“ დაწყების შესახებ განაცხადი გაკეთდა. საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა:

”დღეიდან თითოეული ჩვენგანი, ყველა ჩვენ, ერთად ვიწყებთ ახალ ეროვნულ მოძრაობას. ეს არის ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი. ახალი ეროვნული მოძრაობა დაფუძნებულია სამ მნიშვნელოვან პრინციპზე. ეს არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, ეს არის პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და, რაც მთავარია, ეს არის გლობალურ სამყაროში საქართველოს ფუნქციის სრულიად ახლებური გააზრება. ეს არის ჩვენი შეკრების მიზანი დღევანდელ დღეს”.

”ნაციონალური მოძრაობის“ აქციას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ხმები ”ნაციონალური მოძრაობის” გარდაცვალების შესახებ ნაადრევია და პარტიის პოლიტიკური გუნდი, როგორც მოქმედი ხელისუფლების კონსტრუქციული ოპოზიცია, ბრძოლას მომავალშიც განაგრძობს:

”მთავარი თქვენი ბედი არის იმაში, რომ როდესაც ჩვენი მთავრობა იყო, ჩვენი ოპოზიცია იდგა მოღალატეობის პოზიციაზე, ჩვენი ოპოზიცია იღვიძებდა დილას იმითი, თუ როგორ მიყიდვოდა მტერს, როგორ წასულიყო კრემლში, როგორ ჩაებარებინა აღლუმი პუტინთან ერთად. და თქვენ გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა. ამიტომ, ვინაიდან თქვენ გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა, ვინც დილას იღვიძებს და აღამებს იმაში ფიქრით, როგორ გადაარჩინოს ქვეყანა, ჩვენ არ მოგცემთ, არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენ უღალატოთ ქვეყანას, თქვენ განუდგეთ ქვეყანას, თქვენ ჩააბაროთ ქვეყანა ქვეყნის მტერს”.

17 აპრილს კი პარლამენტის სხდომაზე გაიმართა დისკუსია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გამოძიების საკითხის დაყენების მიზანშეწონილობის ირგვლივ. მხარეები ძველ პოზიციებზე დარჩნენ: „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება და რუსეთის რეაბილიტაციას ემსახურება, მოქმედი ხელისუფლება კი სიმართლის დადგენას ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ ამოცანად მიიჩნევს.

ქვეყნის განვითარების ამოცანას ემსახურებოდა, თავის მხრივ, გასულ სამუშაო კვირაში ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტებიც. ჩეხეთის რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე არაერთგზის აღინიშნა, რომ ჩეხეთი ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს დაახლოებასა და ინტეგრაციას უჭერს მხარს და საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება ვილნიუსის სამიტზეც:

”დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობა საქართველოსა და ჩეხეთს შორის, საქართველოს პარლამენტსა და ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატებს შორის ძალიან დიდი პერსპექტივის მქონეა. ახალი იდეები გამოიკვეთა, აღმასრულებელი სტრუქტურები თავად მუშაობენ და აგრძელებენ ამ მიმართულებით კონტაქტებს. ასე რომ, ჩვენ ჩეხეთის სახით ამ შუაგულ ევროპაში გვყავს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი, მეგობარი ერი, თავისი ძალიან დიდი ისტორიით”.

ჩეხეთში ვიზიტის დაწყებამდე დავით უსუფაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო გერმანიაში მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მსგავსი ტიპის არაფორმალური შეხვედრები ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს:

”ეს იყო არაფორმალური შეხვედრა ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებთან. წარმოადგენდნენ პრეზიდენტებიც, საგარეო საქმეთა მინისტრებიც და სხვა რანგის თანამშრომლები ამერიკის და ევროპის სახელმწიფოების, რომლებიც განსაკუთრებულად მეგობრობენ საქართველოსთან და განსაკუთრებულად ეხმარებიან. ჩვენ ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. პირადად ინტერესი ჰქონდათ ჩემზეც და, მე მგონი, მოვახერხე დღეს, რომ მაქსიმალურად კარგად გავაცანი პირადად ჩემი თავიც და ჩვენი გეგმებიც, ჩვენი გუნდის. მე მგონი, რომ რაც შეიძლებოდა ამ შეხვედრიდან, მაქსიმალური მოვახერხეთ. მოვახერხეთ რეალურად, რეალურად ჩვენება ჩვენი სტრატეგიის, ჩვენი რეალური სახის, თუ გნებავთ, ჩვენი იდეოლოგიის”.

გასული სამუშაო კვირის დარად, ბიძინა ივანიშვილი მომავალ სამუშაო კვირასაც უცხოეთში ვიზიტით დაიწყებს. იგი სიტყვით გამოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, შემდეგ კი საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია სტრასბურგში 22 -26 აპრილს გაიმართება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG