Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სემინარიდან ფარულ კადრებამდე


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე "როუზ-როსის" სემინარზე თბილისში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე "როუზ-როსის" სემინარზე თბილისში
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული სემინარით დაწყებული, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებით დამთავრებული - თემატურად დატვირთული გამოდგა გასული კვირა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დასაქმებულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი მსვლელობა სტუდენტთა დაკავებით დასრულდა, სოფლის მეურნეობის მინისტრი კი თანამდებობიდან გადადგა.

გასული კვირა თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული ”როუზ-როსის” სემინარით დაიწყო. „სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები“ - ასეთი იყო მთავარი თემა 83-ე სემინარისა, რომელმაც სამ დღეს გასტანა და სადაც ბევრი ითქვა იმაზე, თუ რა ეტაპზეა საქართველო ალიანსისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სემინარზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს უცვლელ და მტკიცე სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და საგანგებოდ გამოკვეთა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი:

”ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა 10 წლის წინ, 2003 წელს, საყოველთაო გამოკითხვით დაადასტურა და ქართველი ხალხის ამ ნებას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უგულებელყოფს, ვერ გადაუხვევს ამ გზიდან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება, ეს არის დიდი პოლიტიკური და ღირებულებითი ერთობის მატარებელი ალიანსი და სწორედ ამიტომ არის ნატო ჩვენი კარგად გაცნობიერებული არჩევანი”.

დღემდე პასუხგაუცემელი შეკითხვა, თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში, ”როუზ-როსის სემინარზე” არაერთხელ დაისვა, თუმცა კონკრეტული პასუხები, ცხადია, ვერც ამჯერად გამოიკვეთა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეს საკითხი ერთგვარი ევოლუციის კონტექსტში განიხილა და საქართველოს მოლოდინს რიტორიკული შეკითხვის სახე მისცა:

”პრეზიდენტმა შევარდნაძემ დააკაკუნა ნატოს კარზე, 5 წლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს უთხრეს, ეს კარები ღიააო და ახლა პრემიერ-მინისტრმა და მე ვიკითხეთ, შეგვიძლია თუ არა ამ კარებში შემოსვლა. პასუხი მივიღეთ, რომ შეგვიძლია შესვლა, მაგრამ სიჩქარე არ იქნება სწორი. მუდმივად წინ უნდა ვიაროთ და ეს სემინარიც და სხვა ღონისძიებებიც, რომლებიც იგეგმება, ამის ნათელი მაგალითია”.

შეკითხვაზე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უშუალოდ სემინარზეც დასვა და ოდნავ მოგვიანებით ერთობლივ პრესკონფერენციაზეც გაიმეორა, პასუხის გაცემა იმავე პრესკონფერენციაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმ სცადა:

”კარი, ცხადია, თითქმის უკვე ღიაა და ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო შეუერთდება ნატოს. გზად არის კიდევ დარჩენილი საკითხები, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს. გვსურს, რომ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობასთან ერთად უზრუნველყოფილ იქნეს ამ გზის ბოლომდე გავლა”.

სემინარზე პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმასაც, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა საქართველოს დასავლური ორიენტაციის შეცვლის ხარჯზე არაა განზრახული. სხვათა შორის, სწორედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხი იყო მსჯელობის მთავარი საგანი სემინარის მეორე დღეს, 30 აპრილს.

სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისას სემინარის მონაწილეებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ეს ჟურნალისტებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმაც განუცხადა, თუმცა ანალიტიკოსების არცთუ მცირე ნაწილი საპირისპირო აზრზეა. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის რეალურ გაუმჯობესებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუკი საქართველო უარს იტყვის ნატოზე.

რაც შეეხება ამ ფონზე ორი ქვეყნის ურთიერთობას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა საქართველოს არანაირად არ წარმოუდგენია მანამ, სანამ არ დაუბრუნდება რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის ერთიანი სტრატეგია არ გააჩნია. მისი შთაბეჭდილებით, თბილისს აქვს სურვილები, რასთან დაკავშირებითაც სკეპტიკურად არის განწყობილი საერთაშორისო თანამეგობრობის ”გამოცდილი ნაწილი”:

”როგორც რუსეთის წარმომადგენელმა აქ თქვა, რუსეთისთვის მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება საქართველოს სწრაფვა ნატოში. ჰოდა, ახლა, აი, ამ დილემიდან ბორჯომით და ვაშლებით და მსხლებით როგორ უნდა გამოვიდეს ახალი ხელისუფლება, მე ვერ წარმომიდგენია. თუ უარს იტყვის ნატოზე, რისი ეჭვებიც გვაქვს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რა საპარლამენტო დეკლარაციას მივიღებთ, მაშინ ეს ისეთი ფასი იქნება, რომ არაფერს ფასი აღარ აქვს მერე - არც ვაშლს და არც მსხალს. წავა ამაზე ახალი ხელისუფლება?”

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბოლო პერიოდის კიდევ ერთი მწვავე საკამათო თემა, რაც საქართველოს „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტს უკავშირდება. აქვე ვთქვათ, რომ „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა“ თავდაცვის მიმართულების განვითარების პროცესში მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტია, სადაც გაწერილია საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი მიმართულებები 2017 წლამდე.

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა მტკიცებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ დოკუმენტში, რომლისთვისაც ჯერჯერობით პრეზიდენტს ხელი არ მოუწერია, რუსეთი აღარ არის მოხსენიებული საფრთხედ საქართველოსთვის. ასეთ რადიკალურ ცვლილებას უარყოფს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მან ეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე გამოსვლისასაც თქვა და ცალკე ჟურნალისტებსაც განუმარტა, რომ დოკუმენტში, რომელზე მუშაობაც ძველმა ხელისუფლებამ დაიწყო და ახალმა დაამთავრა, მხოლოდ ბოლო პერიოდის პროცესი აისახა:

”აქ დაემატა პატარა პოსტულატი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ გაჩენილი ახალი რეალობა და მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან - სავაჭრო, ჰუმანიტარულ თემებზე - აჩენს იმედს, რომ მომავალში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივა არსებობს. მეტი არაფერი არ დამატებია ამ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საფრთხეების შეფასება არის იგივე, რაც ადრე იყო”.

გასულ კვირის ერთ-ერთ ხმაურიან თემად იქცა სახალხო დამცველის ანგარიშის ნაწილი ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ. სახალხო დამცველის განცხადებით, 2012 წლის აგვისტოში ლოპოტის ხეობაში მომხდარის ოფიციალური ვერსია არაერთ კითხვას ბადებს. სწორედ ამიტომ, უჩა ნანუაშვილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, პროკურატურას კი მიმართავს რეკომენდაციით დაიწყოს გამოძიება, საქართველოს შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩეჩენ მებრძოლთა გამოყენებით, 2012 წელს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის შესაძლო ფაქტის თაობაზე.

ოპოზოციის კრიტიკა გამოიწვია ანგარიშის იმ ნაწილმა, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით ( და ის ამ შემთხვევაში გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა), ქართველი ძალოვანები ჩეჩენ მებრძოლებთან თანამშრომლობდნენ.

საპარლამენტო უმცირესობაში ომბუდსმენის ანგარიშის ამ ნაწილს აბსურდს უწოდებენ. სწორედ ასე შეაფასა სახალხო დამცველის გამოსვლის ეს ნაწილი აკაკი მინაშვილმა:

”გარდა იმისა, რომ აბსურდული რამეები გიწერიათ, ამ ანგარიშში არის რამდენიმე ძალიან სერიოზული ლაფსუსი, მაგალითად, როდესაც წერთ, რომ ბატონ მარგოშვილს ჰქონდა საქართველოში რეგისტრირებული იარაღი და ეს არის იმის დასტური, რომ შსს მათ ეხმარებოდა ტერორიზმში, ეს იმდენად არალოგიკურია, რომ არგუმენტების მოყვანაც კი არ სჭირდება. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჰქონდეს დარეგისტრირებული იარაღი მისი შენახვის უფლებით. თუ ის დაიწყებს ამ იარაღის ტარებას, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება. აქ მთავარი ის არის, რომ ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია საქართველოს დასავლურ განვითარებასთან, ნატოში ინტეგრაციასთან, თქვენ კი, ყოველგვარი დამადასტურებელი ფაქტების გარეშე მოგყავთ ანგარიშში რაღაც ნარატივი, რომლითაც საქართველოს ადანაშაულებთ ტერორისტების მომზადებაში”.

ლაფანყურის ოპერაციის გარშემო გაჩენილ კითხვებს 29 აპრილს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე "როუზ-როსის" რიგით 83-ე სემინარზე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც შეეხო. მან თქვა, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავს შეიკავებს.

გავაგრძელოთ კვირის მიმოხილვა ოთხშაბათი დღით. ალბათ, არავინ ელოდა, რომ პირველ მაისს დასაქმებულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა მშვიდობიანი მსვლელობა რამდენიმე ათეული სტუდენტის დაკავებით დასრულდებოდა. ისინი დაკავებიდან რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო სასამართლო პროცესი იმის თაობაზე, თუ რა ტიპის ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრებათ მათ, მომავალი კვირისთვის დაიგეგმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, სამართალდამცავებმა სტუდენტები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. როგორც განცხადებაში იყო მითითებული, მსვლელობის დროს სტუდენტებმა დააზიანეს მოქალაქისა და საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე მანქანა.

სტუდენტებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მშვიდობიანი მსვლელობის დროს, რომელშიც 300-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას, სამანქანო გზა გადაიკეტა, შენობებზე კი აქციის მონაწილეებმა შრომითი უფლებების დაცვის შინაარსის შემცველი წარწერები შავი საღებავით გააკეთეს.

ანა-მარია ბრაგვაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა და აქციის მონაწილემ, ჩვენთან საუბარში თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე მას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ:

”რუსთაველის გამზირზე რომ ამოვედით, უკან მოგვყვებოდა პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი და გვერდით მოგვყვებოდნენ ქვეითი პოლიციელები. უცებ დავინახე, რომ ჩოჩქოლი ატყდა. ჩემს ერთ მეგობარს, „ლაბორატორია 1918-ის“ წევრს სანდრო ცაგარელს, ექაჩებოდნენ მანქანაში, ურტყამდნენ. მეც იქ მივედი. ამ დროს უკნიდან თმაზე მომწვდა პოლიციელი, მომითრია, დამაგდო და ზურგი და ხელი დავარტყი”.

აქციის მონაწილეთა დაკავების კადრების ყურების შემდეგ, ვახუშტი მენაბდე, იურისტი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას, რამაც გამოიწვია შეკრება- მანიფესტაციების უფლების დარღვევა. იგივე განაცხადა გასულ კვირაში სხვა არაერთმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ.

”როდესაც სავალი ნაწილის დაკავება ხდება, უნდა მოხდეს წინასწარი გაფრთხილება. ჩემთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ეს გაფრთხილება იყო თუ არა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ იყო იმის საჭიროება, რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ თუნდაც მაშინ, რომ ახალგაზრდებს დაერღვიათ მანიფესტაციების კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები. პოლიციელების მოქმედებები აშკარად იყო ძალის გადამეტება”, თქვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვახუშტი მენაბდემ.

პირველ მაისსვე დააკავეს, თუმცა სტუდენტებისაგან განსხვავებით ხელწერილის საფუძველზე არ გაუთავისუფლებიათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი. მათ ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ედებათ. მათი დაკავებიდან რამდენიმე საათში კი, 2 მაისს, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ. როგორც მან განაცხადა, ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და გამოძიების დასრულებამდე თანამდებობას ტოვებს:

”გუშინ მომხდარი ფაქტი, მინდა გითხრათ, არის ძალიან ცუდი: დაკავებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაქვემდებარებული სტრუქტურების 5-ზე მეტი ადამიანი. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა არის ძალიან წესიერი ადამიანი, ვიცნობ კარგად მათ აბსოლუტურ უმრავლესობას, ბევრი მათგანი ჩემი პირადი მეგობარია, მათ შორის, ჩემი მასწავლებელიც. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მალე გაირკვევა, დასრულდება ეს ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა, რომ დასრულდეს. ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მთავრობას ვთხოვ, რომ უფლებამოსილება შემიჩერონ, ანუ გადავდგე მანამ, სანამ არ გაირკვევა სიმართლე და არ დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა”.

შსს-ს ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა, ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი 54 მილიონი ლარიდან ორ-ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას კითხვები ჰქონდა ერთ-ერთ მინისტრთან და ამ მინისტრის შესაძლო დათხოვნაზეც თქვა რამდენიმე სიტყვა. როგორც პრემიერის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრს გულისხმობდა, რადგან მას, ალბათ, ექნებოდა საგამოძიებო ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია. გია ხუხაშვილის სიტყვებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მენეჯმენტის პრობლემები შეიქმნა, რადგან კორუფციული სქემის განხორციელება გახდა შესაძლებელი.

თუკი საუბარს სპორტის თემით გავაგრძელებთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს გასულ კვირაში სპორტული საზოგადოების მიერ გაკეთებული ერთი მნიშვნელოვანი არჩევანი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, ქართველი სპორტსმენები სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ. როგორც ოლიმპიური კომიტეტის თავკაცები აცხადებენ, ისინი სავსებით აცნობიერებენ ქართული საზოგადოების წუხილსა და გულისტკივილს იმის გამო, რომ ოლიმპიადა რუსეთში, იმ ქვეყანაში ტარდება, რომელმაც 2008 წელს საქართველოს მიმართ აგრესია განახორციელა, რის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია. მაგრამ ისინი იმასაც ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა, აუცილებელია საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართველი სპორტსმენებისა და ოლიმპიური მოძრაობის ინტერესები დაიცვას. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი აცხადებს, რომ ოლიმპიადისათვის ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არაერთ სანქციას აამოქმედებდა:

”დაიბლოკება ყველა პროგრამა, მათ შორის, გრძელვადიანი სტიპენდიები სპორტსმენებს, მწვრთნელებს, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა. ბოიკოტი ნეგატიურად იმოქმედებს ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის განვითარებაზე, მის საერთაშორისო იმიჯზე. დაუმსახურებლად შეილახება იმ სპორტსმენების ინტერესები, რომლებიც ოლიმპიური ციკლის პერიოდში მიზანმიმართულად ემზადებოდნენ ოლიმპიური თამაშებისათვის, რადგან სოჭის ასპარეზობას განიხილავენ როგორც საკუთარი სპორტული ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ფურცელს”.

ოლიმპიური კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, ხელისუფლებამ და, შესაბამისად, ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებამ რუსეთს მწვანე შუქი აუნთო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ქმედების განსახორციელებლად:

„პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც შეიქმნა არჩევნების შემდეგ. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს საქართველოს ინტერესებს, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, არამედ ის მთლიანად არის ორიენტირებული, რომ დაუბრკოლებლად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, შეასრულოს დამპყრობელი ქვეყნის მითითებები”.

დღესდღეობით საქართველოს სოჭის ოლიმპიადის ოთხი ლიცენზია აქვს მოპოვებული და ოთხივე სათხილამურო სპორტში. ქართველი სპორტსმენები კიდევ ოთხი ლიცენზიის მოპოვებას ცდილობენ. მათ შორის ორი ლიცენზიის მოპოვების იმედი ოლიმპიურ კომიტეტს ფიგურულ სრიალში აქვს.

კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვის ბოლოს გასული კვირის ორშაბათს, 29 აპრილს, უნდა დავუბრუნდეთ. სწორედ გასული კვირის დასაწყისში მოითხოვეს არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა იმ ათასობით ფარული აუდიო თუ ვიდეოჩანაწერის საჯაროდ განადგურება, რომელიც გასული ხელისუფლების პერიოდში, როგორც მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები, ისე დაგროვდა და რომელიც დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება. მათ ეს მოთხოვნა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს გააცნეს.

ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამ საკითხზე მიმდინარე გამოძიების დასრულებისთანავე უკანონო გზით მოპოვებული ყველა მასალა საჯაროდ განადგურდება.

თუმცა არასამთავრობო სექტორისა და ჟურნალისტების მხრიდან დაყენებული მოთხოვნიდან რამდენიმე დღეში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სამი პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც მითითებულია კადრებზე აღბეჭდილი ერთ-ერთი პირის ვინაობა. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, კადრები ფალსიფიცირებულია და ის ახალი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ანგარიშსწორების მიზნით გამოაქვეყნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, სისხლის სამართლის საქმე 157-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღიძრა, რაც "საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას" გულისხმობს.
XS
SM
MD
LG