Accessibility links

logo-print
გასულ ორშაბათს, ყველასათვის მოულოდნელად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორთვე-ნახევრით ადრე, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. გარკვეული ვარაუდები მისი უეცარი გადაწყვეტილების თაობაზე იმ დღესვე გამოითქვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც საკუთარი მოსაზრების შესახებ ისაუბრა, „არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორი კახი კახიშვილი იყო:
“მიუხედავად იმისა, რა მიზეზები იქნება დასახელებული, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - ნაწილობრივ, არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობით. ახლა, შესაძლებელია, მან თავისი თავი პრეზიდენტობის კანდიდატადაც კი დაასახელოს და თქვას, რომ ამიტომ გადავდექიო, მაგრამ ეს, გარკვეულწილად, ამ არჩევნების დისკრედიტაციის საკითხია. ხარატიშვილი რომ გადადგა, კანონის შესაბამისად, ახლა უნდა იქნეს შერჩეული ახალი თავმჯდომარე“.

პოლიტიკურმა ექსპერტმა მიხეილ თავხელიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზურაბ ხარატიშვილის მიერ არჩევნების დისკრედიტაციის განზრახვა გამორიცხა და მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზების საკუთარ ვერსიაზე ისაუბრა:

“პირველი, რაც თავში მომდის, ეტყობა, მასზე რაღაც ზეწოლა იყო, იმიტომ რომ სავსებით შემიძლია წარმოვიდგინო, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ცესკოს თავმჯდომარე იყოს მათთვის უფრო მისაღები და ლოიალური ადამიანი“.
ზურაბ ხარატიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობის პოსტის დატოვების მიზეზი საზოგადოებას რამდენიმე დღის შემდეგ, 15 აგვისტოს, სპეციალურად დაგეგმილ ბრიფინგზე გაანდო. ის აარსებს ახალ ცენტრისტულ პოლიტიკურ გაერთიანებას. ჯგუფის პროგრამას კი ოფიციალურად 20 აგვისტოს გამოაცხადებს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის შესაძლოა საპრეზიდენტო მარათონში ჩაებას, ჟურნალისტებთან საუბარში მან ამ ინფორმაციას ნაადრევი უწოდა და იქვე დასძინა, რომ მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

გასულ კვირაში საქალაქო სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის არგუმენტაცია ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩადენილი დანაშაულის თაობაზე. საქმე შეეხება 2012 წლის აგვისტოში მომხდარ ეპიზოდს, კერძოდ, ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს 7 თანამშრომლის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

მოსამართლეს თავად ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამაც მიმართა და განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები მართალი რომ იყოს, ის ამ ბრალს აღიარებდა, მაგრამ, მისი თქმით, სცენარი, თითქოს 7 ადამიანი აწამეს, პროკურატურაში დაიწერა.

დაახლოებით იგივე გაიმეორა ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა, რომეო საჯაიამ. მან პროკურორ შაქრო ზაალიშვილსაც მიმართა და უთხრა, რომ უკანონოდ სამართალში ადამიანის მიცემისთვის ის თავად აგებს პასუხს:
„ორგანიზებულად, განზრახ უკანონოდ პასუხისგებაში მიცემა უდანაშაულო პირების, ასევე გამომძიებლების ხელშეწყობით... თქვენ გააყალბეთ ჩვენებები, თქვენ დაემუქრეთ, გამოძალვის, შანტაჟის გზით მიიღეთ და შექმენით ეს მტკიცებულებები გამომძიებლებთან ერთად, თქვენ განზრახ უკანონოდ მიეცით პასუხისგებაში, თქვენ განზრახ უკანონოდ დააპატიმრეთ ადამიანები და ეს იქნება ის ბრალის დადგენილება, რომელსაც თქვენ წაგიყენებენ აუცილებლად, მერწმუნეთ ამაში“.

სასამართლომ დაასრულა არსებითი განხილვა საქმისა, რომელიც ბაჩო ახალაიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. ბრალდების მხარის მტკიცებით, 2012 წლის ზაფხულში, ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო არაადამიანურად მოეპყრნენ 7 სპეცრაზმელს, რომლებსაც იალღუჯის საწვრთნელ ბაზაზე სცემეს, უწოდებდნენ მოღალატეებს, გახადეს ტანსაცმელი, ჩააწვინეს ორმოში და ზემოდან დააყარეს მიწა. შემდეგ კი ეს ადამიანები, რეაბილიტაციის მიზნით, თურქეთში გაიგზავნენ.

პროკურორ შაქრო ზაალიშვილის სიტყვებით, რეინჯერის კურსები, რომელიც თითქოს ამ 7 პირს გაატარეს, თავიდანვე მოგონილი იყო ბაჩო ახალაიას მიერ იმისათვის, რომ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გაემართლებინათ, ხოლო დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები სხვა არაფერია, თუ არა დემაგოგია.
13 აგვისტოს სხდომით დასრულდა ბაჩო ახალაიას მიმართ წარდგენილი მეორე ბრალდების არსებითი განხილვა. მოსამართლემ განაჩენის გამოსაცხადებლად რამდენიმე დღე ითხოვა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ბაჩო ახალაია პირველ აგვისტოს ცნობილი იქნა უდანაშაულოდ ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელიც თავდაცვის მინისტრობის პერიოდს შეეხებოდა. ამჯერად რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს მოსამართლემ, ახალაია კვლავ წინასწარ პატიმრობაში დარჩება კიდევ ერთ საქმესთან - კერძოდ, ციხის ბუნტის საქმესთან -დაკავშირებით.
საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიზიტმა აზერბაიჯანში. მას ბაქოში საკმაოდ თბილი დახვედრა მოუწყვეს, რამაც, ბუნებრივია, გააჩინა კითხვები, თუ რის მანიშნებელია ორი ქვეყნის ურთიერთობათა განმტკიცების დემონსტრირება რეგიონისთვის და რა შეიძლება მოუტანოს ამ ყველაფერმა საქართველოს.

ვლადიმირ პუტინის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრეზიდენტები მეგობრობის გაღრმავებისა და გაძლიერების დემონსტრირებას ცდილობდნენ, ხოლო ოფიციალური ვახშმის შემდეგ, დღის ბოლოს, ილჰამ ალიევმა ვლადიმირ პუტინი არაოფიციალურ გარემოში სასაუბროდ საკუთარ სახლშიც დაპატიჟა. პუტინის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსეთი და აზერბაიჯანი არაერთ საკითხზე შეთანხმდნენ, ასე მაგალითად: ააგონ ხიდი სასაზღვრო ზონაში, მდინარე სამურზე, უკეთ ითანამშრომლონ საგანგებო სიტუაციათა მართვის ჭრილში და გააღრმაონ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რაც ბაქოს მიერ კიდევ უფრო მეტი რუსული სამხედრო ტექნიკის შესყიდვის მიზანსაც მოიცავს. ამასთან, გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”როსნეფტსა”და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ”სოკარს” შორის, რასაც ანალიტიკოსების ერთი ნაწილი განიხილავს დამატებით ბერკეტად, რეგიონში რუსეთის ზეგავლენის გაძლიერების კუთხით.

გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე გამორიცხავს, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დემონსტრირების გზაზე აზერბაიჯანმა რაიმენაირად უგულებელყოს თბილისის ინტერესები, რადგანაც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ სამხრეთკავკასიელ მეზობლებს მსგავსი მიზნები ამოძრავებთ.

უსიამოვნო სიურპრიზებს არც საქართველოს ხელისუფლებაში მოელიან. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აზერბაიჯანი და საქართველო „ერთიან გეოპოლიტიკურ კვანძს” წარმოადგენენ და მათი გზები ვერ გაიყოფა:
”ფუნქცია გლობალურ - როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ - პროცესებში ჩვენ ერთიანი გვაქვს. აქედან გამომდინარე, აქ რაიმე ტიპის გართულებები - რუსეთთან ე.წ. ალიანსში შესვლა საქართველოს საწინააღმდეგოდ - გამორიცხულია. ეს თეორიულადაც კი შეუძლებელია. რაც შეეხება საკუთრივ რუსეთ-აზერბაიჯანის დამოკიდებულებას, კი ბატონო, გასაგებია, აქ არის პოლიტიკური პრაგმატიკა. ალიევი არ გახლავთ უგუნური სააკაშვილი, რომელიც მუდმივად ოპონირების რეჟიმიდან ცდილობდა დივიდენდების მოპოვებას. ასე არ ხდება რეალურ პოლიტიკაში”.

„საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე მაინც ხედავს თეორიულ ვარიანტს, რუსეთმა მიზანს მიაღწიოს და აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების გაუარესება შეძლოს:

”არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ისევ შესთავაზოს აზერბაიჯანს მის ტერიტორიაზე და, მათ შორის, შახდენიზის საბადოზე მოპოვებული ბუნებრივი აირის მთლიანად შესყიდვა და ამის სანაცვლოდ დაეხმაროს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება პრობლემები შეიქმნას აზერბაიჯანიდან საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ბუნებრივი აირის იმპორტირების თვალსაზრისით”.

15 აგვისტოსთვის დაგეგმილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის განადგურება კვლავაც გადაიდო. ამჯერად მიზეზად დასახელდა შს მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საგანგებო კომისიის სრული შემადგენლობის ვერშეკრება და ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სხვა მხრივ ფაილების გასანადგურებლად ყველაფერი მზად არის. ინფორმაცია ამის შესახებ მედიას თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა. პირადი ცხოვრების ამსახველი 100-მდე ფაილის განადგურება რომ გადაიდო, ასევე 15 აგვისტოს შეიტყვეს შს მინისტრის თავმჯდომარეობით მოქმედი ფარული ჩანაწერების საკითხზე მომუშავე საგანგებო კომისიის წევრებმა, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ სწორედ 15 აგვისტოს დაესმებოდა, ბოლოს და ბოლოს, წერტილი თვეების მანძილზე გაჭიანურებულ პროცესს. მიზეზში, რომელიც შს მინისტრმა ამჯერად დაასახელა, ეჭვის შეტანის საფუძველი არა აქვს, მაგრამ ხსენებული საგანგებო კომისიის წევრი, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ჩვენთან საუბარში მაინც გამოთქვამს წუხილს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა აქამდე გაჭიანურდა:

”მერამდენედ ხდება, სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების გადადება... რა ვიცი, საერთოდ, რთული საკითხია და ასე რაღაცნაირად, რთულად მივიწევთ წინ. დღეს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა დებულება, რაც მნიშვნელოვანია... მე ვიცი, რომ შსს განაგრძობს წინასწარი სამუშაოების შესრულებას. რამდენიმე დღეც გავა და დავინახავთ... მე მგონია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს”.

16 აგვისტოს ახალი რექტორი აირჩია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს პოსტი ვლადიმერ პაპავამ დაიკავა - საბჭოს 12 წევრიდან ათი ხმა სწორედ მას ერგო. რექტორის არჩევნებს უნივერსიტეტში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. ერთ-ერთი მათგანის - „ახალგაზრდა ადვოკატების“ - ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ მედიასთან რექტორის არჩევნები შეაფასა როგორც გამჭვირვალე და ობიექტური.

უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებსა და არჩევნების შედეგებზე კომენტარი თავად ლადო პაპავამაც გააკეთა, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით 28-ე რექტორი გახდა:

"შესაცვლელი ბევრი რამეა, თუმცა, პირველ რიგში, უნივერსიტეტმა სტუდენტს საერთაშორისო დონის ადეკვატური ცოდნა უნდა მისცეს. სწორედ ამ მიმართულებითაა ნაბიჯები გადასადგმელი. კიდევ ცალკე მიმართულებაა, რომ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევა გაძლიერდეს და ამაში სტუდენტებიც ჩაერთონ. ასევე მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის რაციონალურად გამოსაყენებელი, ისე, რომ უნივერსიტეტის ყველა პროფესორს ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება. ასევე დამატებითაც მოსაძიებელია სახსრები, რაც მათ დამატებით ანაზღაურებას მისცემს".

არჩევნების პარალელურად უნივერსიტეტის ბაღში სტუდენტების ერთი ნაწილი აქციას მართავდა. მისი ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ლორთქიფანიძის თქმით, ამ აქციით ისინი შეახსენებდნენ აკადემიურ საბჭოს, რომ რექტორის არჩევა მხოლოდ 12 ადამიანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და იქვე მოუწოდებდნენ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურების სასარგებლოდ არჩევანი არ გაეკეთებინათ.
XS
SM
MD
LG