Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის კვირა


საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების გათვალისწინებით, გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გამორჩეული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა. თამარ ჟვანიას, რომელიც წლების განმავლობაში გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტებს ხელმძღვანელობდა, მხარი დაუჭირა კომისიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ კვოტით დანიშნულმა ექვსივე წევრმა. ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არ აპირებს 27 ოქტომბრამდე საარჩევნო ადმინისტრაციაში რაიმე სახის მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას:

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის შეგრძნება. საარჩევნო ადმინისტრაცია იმუშავებს იმ რეჟიმით, რა რეჟიმშიც მუშაობდა, თუმცა აუცილებლად გადაიდგმება ნაბიჯები ვითარების გაუმჯობესებისკენ. შევხვდები ყველა საარჩევნო კომისიის წევრებს, რათა შევისწავლოთ, რამე ტიპის პრობლემა ხომ არ არის. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ამ ეტაპზე არ ვაპირებ გადაწყვეტილების მიღებას. როგორც მთავარმა ადმინისტრატორმა, ჯერ მე უნდა გავარკვიო, რომელი კადრი როგორ მუშაობს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“.

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას არჩევას მიესალმა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში პრეზიდენტის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნიშანდობლივია ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე ნდობით სარგებლობს როგორც პოლიტიკურ კლასში, ასევე არასამთავრობო სექტორში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ კორძაიას თქმითაც, არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების ყველა წინაპირობაა. შეკითხვას, რა საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ თამარ ჟვანია არ მოექცევა რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ, დეპუტატმა ასე უპასუხა:

„ჯერ ერთი, ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად არ ახდენს ზეწოლას. ეს არის მთავარი. მეორე კი, თამარ ჟვანიას პიროვნული თვისებები, რომლითაც გამორჩეულია და რის გამოც შეჩერდა მასზე არჩევანი. დღევანდელი ვითარება იმითაც განსხვავდება წინა წლების ვითარებისგან, რომ გადაწყვეტილებას არ იღებს ერთი პოლიტიკური ძალა. ყველას კარგად ესმის, რომ არა მართული ადამიანი, არამედ კანონის სწორად აღმსრულებელი არის სასარგებლო თითოეული პოლიტიკური ძალისათვის“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა მნიშვნელოვან
მოვლენად მიიჩნია თბილისში სტუმრად მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თომას მელიამ. ამერიკელი დიპლომატი შეხვდა როგორც ცესკოს თავმჯდომარეს, ასევე ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მელიას თქმით, ამჟამად საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო იმაზე მეტად თავისუფალი და კონკურენტულია, ვიდრე შარშან, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო:

„ყველა შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მოახლოებული არჩევნები ერთგვარი შესაძლებლობაა საქართველოსათვის წარმოაჩინოს, რომ ის განაგრძობს დემოკრატიულ განვითარებას და, შესაბამისად, განაგრძობს ევროატლანტიკური კურსით სვლას. თუკი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო კამპანიას, საარჩევნო გარემოს აღიქვამენ როგორც სამართლიანს, თუკი ისინი იტყვიან, რომ საქმე გვაქვს კანონის უზენაესობასთან, მედიის თავისუფლებასთან და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოსთან, მათი დასკვნა მოახდენს პირდაპირ გავლენას საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე“.

გასულ კვირაში საბოლოოდ გაირკვა, რომ 27 ოქტომბრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ცესკომ რეგისტრაციაზე უარი ორმაგი მოქალაქეობის გამო უთხრა. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ჯერ თბილისის საქალაქო, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლომ:

„ჩემი საქმე არის დასრულებული. მე აღარ ვიბრძვი ჩემი კანდიდატურის რეგისტრაციისთვის, ეს კი ნიშნავს ერთ რამეს: უხეშად და უკანონოდ ჩამომართვეს ის, რაც წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ უფლებას. პოლიტიკური სუბიექტისთვის ამაზე უარესი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი ციხეში ჩასმა“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა არა მარტო მას, არამედ მთელ ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას, რომელმაც სამშობლო იძულებით დატოვა 1921 წელს და რომელსაც ის წარმოადგენს.

გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება ასევე მიპყრობილი იყო სოხუმისკენ, სადაც 9 სექტემბერს, დილის 08:30 საათზე, აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის პირველი მდივანი, 36 წლის დმიტრი ვიშერნიოვი მოკლეს. საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, მკვლელობას აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურა იძიებს, თუმცა რუსი დიპლომატის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებულ ვერსიებზე გამოძიება ჯერჯერობით არაფერს ამბობს. თბილისში კი გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეს მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ პუტინის ზეწოლით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უცხოელებზე კერძო საკუთრების მიყიდვას დააკანონებს. ასე ფიქრობს ზურაბ შენგელია - ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

„ერთადერთი ვარაუდი, რომელიც მაქვს ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, ისაა, რომ შესაძლოა იყოს რაიმე კავშირი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე კერძო საკუთრების მიყიდვის დაშვებასთან, რასაც ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზები. არაოფიციალური ონფორმაციით კი, აფხაზეთში პუტინის ბოლო ვიზიტის დროს მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იყო, რომ უცხო ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიძინონ სახლები და, ზოგადად, ქონება აფხაზეთში. სამიოდე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსგავსი რამ შესაძლებელია“.

გასულ კვირაში რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთან - საზღვრის ხელშეკრულების მომზადება დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი, 12 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებით, რუსეთ-სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებასა და ხელშეკრულების ხელმოწერას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალებს. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, გამორიცხავს რა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების არსებობას, აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება ცხინვალსა და რუსეთს შორის ეგრეთ წოდებული საზღვრის შესახებ უბრალო ქაღალდი იქნება და მას მსოფლიოში არავინ აღიარებს:

“ჯერ ერთი, ეს პირველი ამ ტიპის გადაწყვეტილება არაა, როცა რუსეთი ახორციელებს, განაგრძობს თავის ოკუპაციას. და, ისევე როგორც სხვა, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო. არანაირი რუსეთ-სამხრეთოსეთური, თუ შეიძლება ასე ითქვას, საზღვარი არ არსებობს. ეს არის საქართველო-რუსეთის საზღვარი და სწორედ კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს შორის რადგან არსებობს, ვიდრე ეს კონფლიქტები არ მოგვარდება, ეს საკითხები იქნება ყოველთვის ჰაერში გამოკიდებული. ეს არის უკანონობა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა“.

კვირის მიწურულს ბათუმში, პოლიციასა და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსულ პირს შორის მომხდარი შეტაკების დროს, სამი ადამიანი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით, სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოქმედებდნენ:

„ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ის არალეგალურად იყო შემოსული საქართველოში. სამართალდამცავებმა შემოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა მან ხელჩანთიდან ამოიღო იარაღი და პოლიციელებს ესროლა რამდენჯერმე. სროლის შედეგად დაიჭრა პოლიციელი და ერთი მოქალაქე. პოლიციის მიერ გახსნილი საპასუხო ცეცხლით დაიჭრა თავდამსხმელიც, რომელიც ორ თანმხლებ პირთან ერთად იქნა დაკავებული. სამივე დაჭრილი გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG