Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნიუ–იორკსა და სტრასბურგში


მიმდინარე კვირაში ყურადღება მიმართული იყო ნიუ-იორკისკენ, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესია იმართებოდა და რომლის მონაწილეებსაც 1 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. საქართველოს მიღწევებისა და წინსვლის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა რუსეთის აგრესიაზე, დაგმო ოკუპაცია და მცოცავი აგრესია და აღნიშნა ისიც, რომ საქართველო არ აპირებს თავისი ინტერესების დავიწყებას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესში:

“ნება მიბოძეთ მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენი ურყევი ნებაა ეს კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე“.

გაეროს გენასამბლეის ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში საგანგებო აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რაც გულისხმობს, მაგალითად, გადაადგილების თავისუფლებასა თუ საკუთრების უფლებას. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ ისტორიას ვერავინ გადაწერს, რომ წარუმატებელი იქნება საქართველოში მცხოვრები ერების დაშორების ყველა მცდელობა და რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში მცხოვრები ადამიანებიც მალე მიიღებენ სარგებელს, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ასევე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში.

პრემიერის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე განსაკუთრებული ინტერესით მოელოდა ანალიტიკოსების ის ნაწილი, რომელიც მანამდე გაწბილებული დატოვა ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლების შინაარსმა გენასამბლეის ფარგლებში გამართულ სამიტებზე. ანალიტიკოსთა ეს ნაწილი თვლიდა, რომ პრემიერ-მინისტრს შეეძლო გამოეყენებინა, მაგალითად, მდგრადი განვითარებისთვისა თუ გაეროს სამშვიდობო მისიებისთვის მიძღვნილი სამიტებიც და ელაპარაკა პრობლემებზე, რომლებიც საქართველოს რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად წარმოეშვა. მართალია, უკეთესობა დაინახეს, მაგრამ ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ბოლომდე კმაყოფილი ვერც გენერალურ დებატებზე წარმოთქმულმა სიტყვამ დატოვა. „დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის გიორგი რუხაძის შთაბეჭდილებით, მართალია, პრემიერის ეს გამოსვლა საუკეთესო იყო საერთაშორისო ტრიბუნებზე მის სხვა გამოსვლებს შორის, რადგანაც მან რუსეთის მიმართ შედარებით თამამი განცხადებები გააკეთა და არ ილაპარაკა სააკაშვილის „სისხლიანი რეჟიმის“ მმართველობაზე, მაგრამ რუხაძე მაინც თვლის, რომ მოხსენება, მთლიანობაში, სუსტი იყო, რამდენიმე სერიოზული ნაკლის გამო:

“როდესაც რუსულ აგრესიაზე საუბრობდა პრემიერი, მას არ უთქვამს, თუ რატომ ხდება ეს, ანუ რას ებრძვის ამით რუსეთი. ასევე არ უთქვამს, თუ რას ელის საქართველო მსოფლიო ლიდერებისგან. არ უხსენებია ვლადიმირ პუტინი, როგორც პრობლემების წყარო. ქართული პრობლემატიკა კვლავაც არ დააკავშირა იმ პრობლემებთან, რომლებიც დღეს მსოფლიო ლიდერთა დღის წესრიგში დგას -მაგალითად, აგრესია უკრაინაში, რუსეთის სამხედრო ჩართულობა სირიაში“.

თუმცა პრემიერის გამოსვლის შინაარსმა კმაყოფილი დატოვა პრეზიდენტი. „მივესალმები გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოში ევროატლანტიკური კურსის, დემოკრატიული ღირებულებების, ეკონომიკური თავისუფლებისა და მმართველობითი ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერას“, – ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან დამოუკიდებლად, სხვა დელეგაციის თანხლებითა და ასევე დატვირთული განრიგით, მიმდინარე კვირაში შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტიც იმყოფებოდა. მათ შორის, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშიც და ნიუ-იორკში, მონაწილეობდა ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, სახელწოდებით „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება". შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში – და, კერძოდ, 29 სექტემბერს – პრეზიდენტი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა ასევე საგარეო ურთიერთობათა საბჭოში. შეხვედრას ამერიკელი ანალიტიკოსი ტომას გრემი მოდერატორობდა და სწორედ მან აღნიშნა შესავალ სიტყვაში, რომ ბოლო წლებში ამერიკული მედიის ყურადღება თითქმის აღარ ეთმობა საქართველოს, მაშინ როცა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის როლი რეგიონში.

საქართველო მეტ-ნაკლებად მართლაც რომ გაქრა რადარებიდან შეერთებულ შტატებში, – ამ აზრს საქართველოს პრეზიდენტიც იზიარებს და, მეტიც, თუკი საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მისი გამოსვლის შინაარსით ვიმსჯელებთ, ის ამ ტენდენციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხედავს და, კერძოდ, მათ პოლიტიკაში, ვისაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს პრობლემად მიაჩნია. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს დავიწყება შექმნის წინაპირობას იმისათვის, რომ მომავალში დავიწყებულ იქნეს უკრაინის პრობლემებიც და რუსეთს ყველაფერი ეპატიოს. ეს კი სახიფათოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის:

„საქართველოს დატოვება გლობალური დისკუსიების მიღმა და მისი, ჯერ ისევ გადაუჭრელი, პრობლემის არგანხილვა აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას საერთაშორისო ურთიერთობებზე მთელ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, არჩევანის თავისუფლებისა და განვითარების თვალსაზრისით, რუსეთის მეზობელი უამრავი ქვეყნისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს საკითხის განხილვა და არდავიწყება არ წარმოადგენს მხოლოდ სამართლიანობის საკითხს ,რასაც ასე მოითხოვს ჩემი ქვეყანა, არამედ ეს არის სტაბილური საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნების საკითხი. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა რეგიონისთვის“.

შეერთებული შტატების რადარებიდან გაქრობის თემაზე საქართველოში ლაპარაკი პრეზიდენტ მარგველაშვილის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო და, კერძოდ, მას შემდეგ, რაც საქართველო საერთოდ არ ახსენა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 28 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას, როცა ის უკრაინის პრობლემატიკასა და რუსეთის აგრესიაზე ლაპარაკობდა. ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ პოლიტიკას – რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობას - დააბრალა. მათი ლოგიკა მარტივია:როცა ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად გააღიზიანოს რუსეთი, არ კეთდება მწვავე განცხადებები მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებით; შესაბამისად, საქართველოს პრობლემატიკაც თანდათან ფერმკრთალდება საერთაშორისო დღის წესრიგში.

მიმდინარე კვირაში ყურადღების ცენტრში იყო ასევე სტრასბურგი, სადაც ხუთშაბათს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის სხდომაზე, საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია დაამტკიცეს. 89 მომხრე, 10 წინააღმდეგი – კენჭისყრის ასეთი შედეგით დამტკიცდა რეზოლუცია, სახელწოდებით „წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ქვეყნებში“, რომელსაც ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის პედრო აგრამუნტის ანგარიში უდევს საფუძვლად. დოკუმენტი მომზადდა საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში ვიზიტების შედეგად და საქართველოს შემთხვევაში დაგმობილია წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

რეზოლუციის ტექსტმა დაპირისპირება გამოიწვია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის – როგორც უშუალოდ სხდომაზე, ასევე სხდომის შემდეგ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ლიდერის პედრო აგრამუნტის ანგარიშს მიკერძოებული უწოდეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ისინი ევროპის სახალხო პარტიას კვლავაც თავისი პარტნიორი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ - მიკერძოვებულ მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ. მანანა კობახიძემ ამის შესახებ სხდომაზეც ილაპარაკა:

„დოკუმენტის ტექსტი მიკერძოებულია და ავლენს სიმპათიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით. ამასთან, რეზოლუციაში არსებული ცალკეული ელემენტები აჩვენებს საქართველოს სასამართლო სისტემის უპატივცემლობასა და მის საქმიანობაში ჩარევის წყურვილს. შესაბამისად, რეზოლუცია ახდენს ძირითადი ევროპული ფასეულობების დისკრედიტაციას. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ანგარიშში ნახსენები მაღალჩინოსნები ამჟამად ცნობილი არიან დამნაშავედ არაერთი სერიოზული ბრალდების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. გამორიცხულია რაიმე სახის პოლიტიკური მართლმსაჯულება და შესაძლებლობა, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებულ იქნეს ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის“.

მონდომებული მცდელობების მიუხედავად, – „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, – „ქართული ოცნების“ მიერ მოთხოვნილი ცვლილებებიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არც ერთი არ გაიზიარა. პოლიტიკური ოპონენტების დაპირისპირება სხდომის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდა და, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, ძალების მობილიზების დროს „ქართულმა ოცნებამ“ გადაამლაშა და მწარე მარცხიც იგემა:

„იუსტიციის მინისტრისა და მისი მოადგილის ჰიპერაქტიურმა ვიზიტმა აქ და ზეწოლის მცდელობამ დეპუტატებზე ზოგიერთი დეპუტატი გააღიზიანა და, როგორც მოსალოდნელი იყო, უკუეფექტი გამოიღო. სწორედ ამას ასახავს კენჭისყრის შედეგები – ეს არის პრაქტიკულად პოლიტიკური განაჩენი ევროპაში „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის“.

თეა წულუკიანი მართლაც იმყოფებოდა ევროსაბჭოში და 30 სექტემბერს, როდესაც სტრასბურგში უმაღლეს პირებთან შეხვედრებს მართავდა, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოს შესახებ მართებული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს და რეზოლუციების თემაში ჩარევას არ აპირებს. „ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ არავის მივცე საშუალება გააკრიტიკოს ქართველი მოსამართლე ევროპულ დონეზე, გააკრიტიკოს ქართული მართლმსაჯულება, უსაფუძვლოდ გააკრიტიკოს ის რეფორმები, რაც ჩვენს მთავრობას მიჰყავს სამართლებრივ სფეროში. მთავარი მიზანია, რომ ევროსაბჭოს ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია“, – განაცხადა წულუკიანმა, რომლის აზრითაც, „საქართველოზე ობიექტური წარმოდგენა დღეს მხოლოდ კარგ წარმოდგენას ნიშნავს“.

მიმდინარე კვირაში გამოიკვეთა კიდევ ერთი პრობლემური და ხმაურიანი საკითხი, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მომავალს უკავშირდება. 2 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა გამართა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის 3 შუამდგომლობა: მოსამზადებელი სხდომის გადადების, მოსამართლის აცილებისა და სარჩელის მოსამართლეთა კოლეგიის მიერ განხილვის თაობაზე. პარალელურად, დასაშვებად იქნა მიჩნეული შუამდგომლობა, რომ სასამართლოზე დაიკითხოს ექსპერტი, რომელმაც ტელეკომპანიის 2012-14 წლების ფინანსური დასკვნა გააკეთა.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლომ, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, დააყადაღა „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ პარტნიორების, ძმები ყარამანიშვილების, წილებიც. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განმარტებით, ეს პროცესი მას შემდეგ წამოიწყეს, რაც საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებსაიტის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ ძმები ყარამანიშვილები აპირებდნენ „ტელეკომპანია საქართველოში“ თავიანთი წილების მიყიდვას თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლისძმისთვის – დიმიტრი ჩიქოვანისთვის.

ეს ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ გზით მოსაპოვებელი 6 მილიონდოლარიანი ინვესტიცია ერთადერთი საშველი იყო დაყადაღებული „რუსთავი 2“-ის გადასარჩენად, მაგრამ ხელისუფლებამ ეს გზაც გადაკეტა და ტელეკომპანიას ამით პრაქტიკულად დახურვის განაჩენი გამოუტანა:

„დღეს ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. „რუსთავი 2“ არის რეპრესიული მექანიზმის მსხვერპლი. ის, რომ ვიღაც არ შემოვარდნილა ჩვენს ეთერში და კაბელი არ გადაუჭრია, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გვხურავს“.

„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელის ბრალდებებს აბსურდად მიიჩნევენ ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ტელეკომპანიის მფლობელობის საკითხს ორ სუბიექტს შორის დავას უწოდებენ და თვლიან, რომ ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. თუმცა მიმდინარე პროცესებში სახიფათო ნიშნებს ხედავენ მედიაექსპერტები. მაგალითად, როგორც გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აღნიშნავს, საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს, ჩნდება შეკითხვები და ამ სიტუაციაში ხელისუფლება აუცილებლად უნდა მოერიდოს „მანიპულირებასა და გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენებას“. „ჩვენ უნდა ავიტანოთ ნებისმიერი ტიპის მედია, რომელიც არის შიდა ბაზარზე“, – აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG