Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზიკა კონსტიტუციაში, ივანიშვილი - სასამართლოში


კვირა ნატოს კვირეულისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნით დაიწყო. კონფერენციაში, რომელიც ალიანსის საქმიანობის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ისახავდა მიზნად, მონაწილეობას იღებდა ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, რომელიც კონფერენციის გახსნამდე საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს შეხვდა.

გიორგი ბარამიძე: ”ჩვენ ვიმსჯელეთ იმ სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე და რეფორმებზე, რაც უნდა განახორციელოს ჩვენმა ქვეყანამ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე (ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება ერთ და ორ თვეში, მაგრამ რაც შეიძლება მალე) საქართველომ საბოლოოდ მიაღწიოს თავის სანუკვარ მიზანს და საბოლოოდ გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი.”

ჯეიმს აპატურაი: ”მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი ტესტია და დასამალი არ არის, რომ - ტესტია. ვიცი, რომ მთავრობა აღიარებს ამას და, ვფიქრობ, მეტად ბრძნული სვლა იყო - ამდენი საერთაშორისო გრძელვადიანი მეთვალყურის მოწვევა იმისათვის,რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი საერთაშორისო დონეზე და გამჭვირვალედ. ეჭვი არ მეპარება - მთავრობა მეტად აქტიურად მუშაობს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ამ არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარება.”

ჯეიმს აპატურაი ნატოს დღეების ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდა, თუმცა მათ შორის არ იყვნენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერები, რომლებმაც მათი პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორების გასაფანტად ჟურნალისტებს მეტეხის პლატოზე უხმეს.

შალვა ნათელაშვილი: ”ჩვენ სანამ არ დავიბრუნებთ აფხაზეთს, ცხინვალს; სანამ არ გავხსნით გზებს რუსეთისაკენ, რომ ის მიტოვებული ბაზარი დავიბრუნოთ; სანამ საქართველოს არ გადავაქცევთ ნეიტრალურ სახელმწიფოდ, რომელიც არ შეძვრება არც ნატოში და არც სხვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში; სანამ ადამიანებს აქ გარანტირებული სამსახური არ ექნებათ, ხოლო უმუშევრობაზე არ მიიღებენ კომპენსაციას; სანამ პენსიონერს არ ექნება იმდენი თანხა, რომ არა მარტო შვილიშვილებს აჩუქოს, არამედ სამოგზაუროდ წავიდეს; სანამ არ გაუქმდება დენზე მიბმული გადასახადები; სანამ სწავლა არ იქნება უფასო, საავადმყოფის მკურნალობა არ იქნება უფასო, ჩვენ არსად ფეხის მომცვლელები არ ვართ.”

შალვა ნათელაშვილმა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებაც ილაპარაკა, თუმცა ჯერჯერობით მხარეები ერთმანეთს მხოლოდ შუამავლების საშუალებითა და საერთაშორისო სასამართლოებში ხვდებიან. საქმე ის არის, რომ გასულ კვირაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაასრულა არსებითი განხილვა საქმისა ”საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, რაც 2006-2007 წლებში რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის ფედერაციას დაეკისრება პასუხისმგებლობა ქართველების ეთნიკური ნიშნით გამოძევებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამო, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბურჯალიანმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია, ისევე როგორც წინა პროცესების დროს, 13 ივნისსაც სრულიად უსუსურად გამოიყურებოდა:

”მათი მთავარი ამოსავალი ხაზი კვლავ არის ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროსაბჭო, მათ შორის - საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭოს სხვადასხვა კომიტეტი და ასევე თავიანთი სახალხო დამცველი, - ყველა, ვინც ინფორმაცია მოაგროვა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ტყუის და მათი ინფორმაცია არ არის სწორი. და, ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია უარს ეუბნება სასამართლოს ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენაზე.”

გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის - საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი ეიმონ გილმორი, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო როგორც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების დაცვისა და საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის გზების ძიებას, ასევე მოახლოებულ არჩევნებს საქართველოში:

”მე მივესალმები საქართველოს მთავრობის მიერ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შემფასებელთა მისიის მოწვევას არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. ჩემი ვიზიტის პარალელურად, საქართველოში იმყოფება ეუთოს საჭიროებათა შემფასებელი ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს, დამკვირვებელთა რა ფორმატისა და ხანგრძლივობის დელეგაცია გამოიგზავნება არჩევნებზე. ჩვენ ველით, რომ არჩევნები საქართველოში საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდება, პროცესი გამჭვირვალე, არჩევნების შედები კი ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების გამომხატველი იქნება.“

მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ფულადი ჯარიმის დაკისრება, რასაც ასევე გასულ კვირაში ჰქონდა ადგილი. უფრო სწორად, გასული კვირის მიწურულს სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანიების ”ბურჯის”, ”ელიტა ბურჯისა” და ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მფლობელის ბიძინა ივანიშვილის საჩივარი და სახსრების საარჩევნო მიზნების გამოყენების გამო დაკისრებული ჯარიმის ოდენობა - 149 მილიონი ლარი - ორჯერ მცირე თანხით - 74 მილიონით - შეცვალა. მოსამართლის გადაწყვეტილება ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა შეაფასა როგორც სამოქალაქო სექტორის აქტიურობისა და უცხოელების ზეწოლის შედეგი:

”განახევრებას რაც შეეხება, ეს შეღავათი არ არის და საკითხი მარტივადაა, ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში და უცხოელების ჩარევით, ათმაგი ოდენობის ჯარიმები ხუთმაგით შეიცვალა.”

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას დაუჭირა მხარი. კერძოდ, პირველი მოსმენით მიღებული იქნა ცვლილება ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი განმარტავს, შავი ზღვის პირას მშენებარე ქალაქის სტატუსი და უფლებამოსილება ორგანული კანონით განისაზღვრება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომა საგადასახადო კუთხით, თვითმმართველობის კუთხით, სხვადასხვა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ლაზიკა, რომელიც გეოგრაფიული კუთხით შეიძლება იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის, უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი იმით, რომ იქნება დამატებითი წამახალისებელი ნორმები, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ მარტივად შექმნას ახალი საწარმოები და მარტივად დაასაქმოს უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე“, უთხრა პავლე კუბლაშვილმა რადიო თავისუფლებას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ასევე მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში, რომლის დასრულების შემდეგ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს არასამთავრობოების ინიციატივას, დაავალდებულონ საკაბელო ოპერატორები განახორციელონ ქვეყანაში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი.

"ამ სივრცეში ახალი ვალდებულებების შემოღება საკაბელოებისთვის არასწორი იქნება და მსგავსი ჩარევა შეზღუდავს როგორც კონკურენციას, ისე რეალურად იმის საშუალებას, რომ ამ ბიზნესში მეტი ინვესტიციები ჩაიდოს", - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი კონკურენტუნარიან გარემოში უნდა გადაწყდეს და თითოეულმა საკაბელო მაუწყებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება მისი პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამ განცხადებით დადასტურდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არასამთავრობოთა საკანონმდებლო ინიციატივას კენჭისყრაზე არ გაიტანს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ფარ-ხმლის დაყრას აპირებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თქმით, კანონპროექტის ინიცირებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG