Accessibility links

logo-print

უცხოური დელეგაციების ვიზიტებისა და სტუდენტური აქციების კვირა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია

გასული კვირა საქართველოში მაღალი რანგის უცხოელი მოხელეების ვიზიტებით იყო დატვირთული. ამერიკული და ევროპული დელეგაციები წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ეს კვირა აქტიური იყო სტუდენტური საპროტესტო აქციების თვალსაზრისითაც: სტუდენტები უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით ლექტორების დათხოვნას და, საერთოდ, უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ ვითარებას აპროტესტებდნენ.

10 სექტემბერს თბილისს ეწვია ამერიკის უწყებათაშორისი დელეგაცია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თომას მელიას ხელმძღვანელობით. სამი დღის განმავლობაში დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მელიასთან გამართული შეხვედრების შემდგომ ყველა მხარე აცხადებდა, რომ მსგავს ვიზიტებს წინასაარჩევნოდ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

”ასეთი დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში კიდევ ერთხელ გამოხატავს და ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად საყურადღებოა აშშ-ის პრეზიდენტისა და პირადად ქალბატონ ჰილარი კლინტონისათვის, რომ მოხერხდეს და საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. მათ იციან, თუ რა ვითარებაა საქათველოში და ჩვენ მხოლოდ დავეხმარეთ დამატებითი ფაქტებით. შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში ჩატარდეს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნები. ასეთივეა მათი პოზიცია. ისინი აქ ჩამოვიდნენ არა ვინმეს მხარდასაჭერად, არამედ საქართველოს ხალხის საგულშემატკივროდ”, განაცხადა ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გარემო ყველა პოლიტიკური ძალისათვის თანაბრად ხელშემწყობი იყოს. ბოლო თვეების განმავლობაში გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, აშკარაა, რომ კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიდის ...

ოპოზიციასთან გამართული შეხვედრების შემდგომ თომას მელია ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში გატარებული რეფორმები და, ზოგადად, მიმდინარე პროცესები იყო.

თავად თომას მელიამ 12 სექტემბერს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და ის ხუთი პრინციპი დაასახელა, რომელთა დაცვა წინასაარჩევნოდ მოეთხოვება როგორც ხელისუფლებას, ისე მის ოპონენტებს:

”მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური გარემო ყველა პოლიტიკური ძალისათვის თანაბრად ხელშემწყობი იყოს. ბოლო თვეების განმავლობაში გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, აშკარაა, რომ კონკურენტული საარჩევნო კამპანია მიდის. პოლიტიკური პარტიების სიებში გაზრდილია ქალთა მონაწილეობაც, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების უფრო ფართო ფენების ჩართულობას ამ პროცესში.”

პოლიტიკურ არენაზე თანაბარი პირობების შექმნის გარდა, დანარჩენ ჩამოთვლილ პრინციპებს შორისაა კანონის უზენაესობა და სამართლიანი მართლმსაჯულებაა, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატიცისცემა, მედიაზე ხელმისაწვდომობა და კონსტრუქციული ჩართულობა.
ამ კვირაში გაირკვა, რომ ტელეკომპანია ”მაესტროს” სატელიტურ ანტენებს ყადაღა მოეხსნება, ოღონდ მათ დარიგებასა და დამონტაჟებას ”საქართველოს ფოსტა” უზრუნველყოფს. ეს ამბავი ცნობილი გახდა იმ შეხვედრის შემდეგ, რომელიც უწყებათაშორისი კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ”მედიის ადვოკატირებისთვის” წარმომადგენლებს შორის გაიმართა. გამოითქვა ასევე აზრი, რომ ანტენები სოციალურად დაუცველ პირებს დაურიგდეს.

ამ კვირაში ორმა ორგანიზაციამ, ”ადამიანის უფლებების ცენტრმა” და ”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ”, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.
გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სოციალური რეკლამები, რომელსაც ჰქონდა ფარული რეკლამის ნიშნები, შემცირდა ...

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 30 ივლისიდან 26 აგვისტომდე ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და პროსახელისუფლებოდ მიჩნეულ დანარჩენ არხებზე შემცირდა სამთავრობო უწყებათა მიღწევების ან მათი მომსახურების ამსახველი სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

”გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სოციალური რეკლამები, რომელსაც ჰქონდა ფარული რეკლამის ნიშნები, შემცირდა“, გვითხრა ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ვებპორტალის მთავარმა რედაქტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა. მისივე განმარტებით, საანგარიშო პერიოდის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ სარეკლამო ჭრებში ბალანსი ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდაა დარღვეული, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური რეკლამები თითქმის ყველა არხზე, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით, გაცილებით მეტი სიხშირით გადის და, შესაბამისად, მეტი საეთერო დროც ეთმობა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორინგის შედეგების თანახმად, ყველაზე მეტი სიხშირით შუქდება კოალიცია ”ქართული ოცნება”, თუმცა პროსახელისუფლებო არხებზე 80-90 პროცენტი - უარყოფითი ტონით. გამონაკლისი ამავე მიმართულებით, „ქართული ოცნების“ გარდა, აღმოჩნდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საუბარია მის უარყოფითად გაშუქებაზე ლეიბორისტული პარტიის მიერ.

”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და ”მემო 98”-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მაჩვენებელი ”კარგ ხარისხს” უახლოვდება, თუმცა ამ ტელევიზიებს დაბალი მაჩვენებელი აქვთ ისეთ კომპონენტში, როგორიცაა ბალანსი. „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ საქმიანობის ხარისხი ასევე კარგ კრიტერიუმს უახლოვდება, თუმცა არხების მიუკერძოებლობის ხარისხს, ანგარიშის თანახმად, საგრძნობლად აამაღლებს პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანების მიერ შეკითხვების მიუკერძოებლად დასმა. „რეალ-ტივი“ ყველაზე დაბალი შეფასებით გამოირჩევა და ”სუსტ ხარისხს” ვერ სცდება ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა ფაქტებისა და შეფასებების გამიჯვნა, გაშუქების ტონი, ბალანსი. რაც შეეხება „კავკასიას“, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ამბობს, რომ იგი დაბალანსების მაღალი ხარისხით გამოირჩევა:

ამ კვირაში ცნობილი გახდა ასევე, რ ომ თბილისელები მუნიციპალურ ტრანსპორტში ახალი ფასდაკლების სისტემით ისარგებლებენ. ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების ელექტრონული ბარათით გადახდისას "მეტრომანით" სარგებლობს, შესაძლებლობა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხადოს და საათ-ნახევრის განმავლობაში მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას, უფასოდ იმგზავროს. თუმცა, ამასთანავე, ირკვევა, რომ უქმდება აქამდე არსებული ფასდაკლების სისტემა, რომლის მიხედვითაც, პირველი მგზავრობის საფასურის - 50 თეთრის - გადახდის შემდეგ, ყოველი შემდგომი მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით 30 თეთრი ჯდებოდა. ახლა მოქალაქეებს რეალურად უფრო მეტის გადახდა მოუწევთ.
გადადგეს ანდრო ბარნოვი, ხელისუფლების ჩინოვნიკი უნივერსიტეტში! გაგვიხსენით ბაზები და აგვარჩევინეთ ის საგნები, რაც გვინდა! ....

გასულ კვირაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ორი სტუდენტური აქცია გაიმართა. ”არა ბოლშევიზმს”, ”განათლება პოლიტიკის გარეშე” - ამ ლოზუნგების თანხლებით გამართა ”დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ” საპროტესტო აქცია 11 სექტემბერს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ, სადაც ისინი პოლიტიკური ნიშნით ლექტორების გათავისუფლებას აპროტესტებდნენ:

პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ ათობით ლექტორს ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიდან. ჩვენ, სტუდენტები, არ შევეგუებით ამ უსამართლობას”...

14 სექტემბერს სტუდენტთა უფრო მასშტაბური აქცია - ამჯერად „ლაბორატორია 1918“-ის ორგანიზებით - უნივერსიტეტისადმი კონკრეტული ულტიმატუმის წაყენებით დასრულდა:

”გადადგეს ანდრო ბარნოვი, ხელისუფლების ჩინოვნიკი უნივერსიტეტში! გაგვიხსენით ბაზები და აგვარჩევინეთ ის საგნები, რაც გვინდა! დაიშალოს რეგენტთა საბჭო! ავტონომია უნივერსიტეტს!”

სტუდენტების მობილიზება მომდევნო საპროტესტო აქციისათვის სოციალურ ქსელ ”ფეისბუქზე” დღესაც გრძელდება.
XS
SM
MD
LG