Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარისკაცების დაღუპვის, ვაშინგტონის პოზიციისა და დემოკრატიაზე მსჯელობის კვირა


ამ კვირაში ავღანეთის ყველაზე ცხელ და სახიფათო რეგიონში - ჰელმანდის პროვინციაში - კიდევ სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს მიერ 22 თებერვალს გამოქვეყნებული მოკლე ცნობის მიხედვით, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალები - ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა - თალიბებთან შეტაკებისას საბრძოლო მანქანის აფეთქებამ იმსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში საქართველომ უკვე 15 სამხედრო დაკარგა, ხელისუფლება ერთი წამითაც არ აყენებს ეჭვქვეშ ნატოს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის (ISAF) ფარგლებში საქართველოს კონტინგენტის ავღანეთში ყოფნისა და მისი კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობას. როგორც ცნობილია, 2012 წელს ავღანეთში დამატებით გაიგზავნება კიდევ ერთი ბატალიონი, დაახლოებით 750 სამხედროს შემადგენლობით, და, შედეგად, საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრ სახელმწიფოს, ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში, სადაც ამჟამად დაახლოებით 950 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს.

ეს ის თემაა, რომელსაც უსაფრთხოების სფეროს ანალიტიკოსები პირდაპირ უკავშირებენ საქართველოს სამომავლო გაწევრიანებას ნატოში და ქვეყნის უსაფრთხო მომავალის პერსპექტივებს, რაც, თავის მხრივ, შეერთებული შტატებისგან მეტი მხარდაჭერის იმედზეა ორიენტირებული. სწორედ ეს აქცენტები გამოკვეთა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც, როცა ის 20 თებერვალს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველ სამხედროებს მიმართავდა. ”იმის გამო, რომ თქვენ აქ ხართ, ჩვენ მეტ დახმარებას გვიწევენ”, - უთხრა მთავარსარდალმა სამხედროებს:

”ახლახან ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაგვეხმარებიან ჩვენი საკუთარი თავის დაცვის გაძლიერებაში. არა უბრალოდ ოპერაციების წარმართვაში, როგორც ადრე იყო, არა უბრალოდ ანტიტერორისტულ საქმიანობაში ჩართვაში და კოორდინაციაში, (არამედ) ჩვენი საქართველოს ტერიტორიის დაცვაში მომავალში და ეს არის სრულიად ახალი დონე ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადების.”

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების განსახილველად თბილისს 22 თებერვალს რამდენიმე დღით ეწვია შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე სელესტე ვალანდერი, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დროს ვაშინგტონის სახელით გამოხატა ღრმა მწუხარება ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო ავღანეთში. ამავე შეხვედრაზე „აშშ-ის მთავრობის სრული შემადგელობის” სახელით ტრაგიკული შემთხვევის გამო სამძიმარი გამოთქვა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში. ”ჩვენ ამას ისევე განვიცდით, როგორც თქვენ. ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვას და განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას”, - განაცხადა 22 თებერვალს ჯონ ბასმა.

იმას, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს, სელესტე ვალანდერმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი და ასე იყო 22 თებერვალსაც გორში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ქართველი ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად რას გულისხმობს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რაც პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის 30 იანვარს ვაშინგტონში შეხვედრის დროს შეთანხმდა. შეერთებული შტატების თვდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ამბობს მხოლოდ იმას, რომ ”თანამშრომლობის ახალი სფეროების ათვისების” პერსპექტივა სულაც არ ნიშნავს შეერთებული შტატების მხრიდან იმ დახმარების შეწყვეტას, რაც ეფუძნება ”თავდაცვითი ინსტიტუციების მშენებლობას”.

სელესტე ვალანდერის აზრით, იმაზე მეტად ”ვერაფერი შეარყევს” საქართველოს ნატოსკენ სწრაფვისადმი მხარდაჭერას და ვერ გააძლიერებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი ისედაც სკეპტიკურად განწყობილებს, ”ვიდრე ისეთი საქციელი ან მოქმედებები, რაც არ შეესაბამება დემოკრატიულ, თანამედროვე ევროპულ ქვეყანას.“ ამ კონტექსტში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მომავალი არჩევნების საკითხსაც გამოყოფს:

„წელს და მომავალ წელს იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, მსოფლიო აკვირდება საქართველოს, რათა დაინახოს, შეუწყობს თუ არა ხელს თქვენი ამჟამინდელი რეფორმების ძალისხმევა კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას და არჩევნებს, რომლის შედეგიც იქნება ხელისუფლების თავისუფალი და სამართლიანი დემოკრატიული გადაცემა, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად.”

კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების თემამ მიმდინარე კვირაში აქტუალურობა ქვეყნის შიდა პოლიტიკური ცხოვრების სარბიელზეც შეინარჩუნა. 21 თებერვალს დაფუძნდა მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტად მიჩნეული პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება”, რომელიც პირობას დებს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

კოალიციაში თავს იყრის ოთხი პოლიტიკური გაერთიანება: ბიძინა ივანიშვილის სამომავლო პარტია - „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, დავით უსუფაშვილის ”რესპუბლიკური პარტია” და კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“. კონსერვატორები და „ხალხის პარტია“ კოალიციაში წარმოდგენილი არიან არა როგორც დამფუძნებლები, არამედ ლიდერების, ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის სახით.

21 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა კოალიციის სამოქმედო თეზისების 12–პუნქტიანი დეკლარაცია. მასში ნათქვამია, რომ კოალიცია, მაგალითად, დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას, დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას, გააძლიერებს ოპოზიციის როლს, დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს, უზრუნველყოფს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, არ დაუშვებს პოლიტიკური ნიშნით დევნას, დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას და პოლიტიკური ზეწოლისგან გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს; ასევე განავითარებს ლიბერალურ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონალური პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას; დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებსა და ოსებთან და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში.

კოალიცია ”ქართული ოცნების” მიზნებსა და ამოცანებზე ბიძინა ივანიშვილმა 24 თებერვალსაც ილაპარაკა, როცა ის პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. ივანიშვილმა თქვა, რომ კოალიციის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ”საქართველოში დღეს პრაქტიკულად არ არსებობს სასამართლო და სამართლიანობის განცდა”. ხოლო იმის გამო, რომ ”ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიული ინსტიტუტების განითარებაზე”, ივანიშვილის თქმით, ”რეალური ავტორიტარული რეჟიმი მივიღეთ.”

”შესაბამისად, ჩვენი კოალიციის მიზანია გავაგრძელოთ ის, რაც იყო დასაწყისში, ამ ხელისუფლების მოსვლის დროს - მხედველობაში მაქვს 2003 და იმის შემდგომი წელი - დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას, რომ შეიქმნას რეალური კლიმატი ეკონომიკის აღორძინებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნისათვის”, - უთხრა ივანიშვილმა უცხოელ დიპლომატებს 24 თებერვლის შეხვედრაზე. ამასთან, ”ქართული ოცნების” ლიდერმა გამოხატა უცხოელი დიპლომატების თანადგომის იმედი და პირობა დადო, რომ დღევანდელი ხელისუფლების ჩანაცვლება ”მხოლოდ კანონიერი არჩევნების” საშუალებით მოხდება.

მიმდინარე კვირაში კვლავაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დარჩა საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა 2011 წლის დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა. მესამე სექტორი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მოლოდინშია იმ ალტერნატიული წინადადებების განსახილველად, რომლებიც კანონპროექტის სახით 17 თებერვალს შეიტანეს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და კოალიციამ ”არჩევანის თავისუფლებისთვის”.

კანონპროექტს თან ახლდა პეტიცია, რომელიც მესამე სექტორის, მედიასაშუალებებისა თუ კერძო პირების სახით დაახლოებით 600 ხელმომწერს ითვლის. მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში, რომელიც, მესამე სექტორის თაოსნობით, მიმდინარე კვირაში, თბილისთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოედო.

პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის ავტორები ეწინააღმდეგებიან მიუღებელ საკანონმდებლო რეალობას, რაც დაამკვიდრა კანონში ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” და სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წლის მიწურულს შეტანილმა ცვლილებებმა. ისინი ლაპარაკობენ ”ფართო, დაუსაბუთებელ შეზღუდვებზე” და აუცილებლად მიიჩნევენ, რომ არ დაირღვეს გამოხატვის თავისუფლება, ამომრჩევლის უფლება და, ასევე, ”გონივრულ რეგულირებას” დაექვემდებარონ ”კანონის მოქმედების ქვეშ არსებული სუბიექტები სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.”

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის მიერ 23 თებერვალს გაკეთებული განცხადების საფუძველზე იმედოვნებს, რომ კანონის მოთხოვნათა გადახედვის პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომავალი კვირიდან დაიძვრება.

თავად ვეფხვაძემ კი უარი უკვე თქვა საკუთარ ალტერნატიულ კანონპროექტზე, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივად დარეგისტრირდა პარლამენტის ბიუროს 20 თებერვლის სხდომაზე. ასეთი გადაწყვეტილება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა ოთხშაბათს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, ხოლო 24 თებერვალს მან შესაბამისი წერილით პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა. მის ამ ნაბიჯს მეტად პოზიტიურად აფასებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც ლევან ვეფხვაძე განუმარტავს რადიო თავისუფლებას, არასამთავრობო სექტორის პროექტისთვის გზის დათმობა მან ხელისუფლების შესაძლო სვლების თავიდან ასაშორებლად გადაწყვიტა:

”...დავუშვათ, ადგნენ და ჩემი დოკუმენტი მიიღონ და მერე თქვან, რომ, აი, ხომ მივიღეთ ეს დოკუმენტი და მერე არასამთავრობოებს არ უთხრან, თქვენ რაღა გინდათო... იმისათვის, რომ ეს არ გახდეს ხელოვნური მანიპულაციების საგანი ხელისუფლების მხრიდან, სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.”

ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად მზად არის ხელისუფლება, რომ მესამე სექტორის ”ალტერნატიული წინადადება” საკანონმდებლო ინიციატივის სახით დაარეგისტრიროს. ჯერჯერობით უცნობია ისიც, თუ კონკრეტულად როდის და რა ფორმატში შეხვდება ხელისუფლება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. თუმცა კანონმდებლობის გარკვეული მოთხოვნების განმარტებაზე ზრუნვა და კანონპროექტის ინიციატორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ”უახლოეს მომავალში” შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ჯერ კიდევ 20 თებერვლის ბიუროს სხდომაზე დაავალა.

ხელისუფლების ამგვარ კომპრომისულ მიდგომებს ლევან ვეფხვაძე იმ ფაქტით ხსნის, რომ საშობაო არდადეგების დროს ნაჩქარევად მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე შეფასებები მოჰყვა და კანონის მოთხოვნათა საზოგადოებისთვის გასაგებად განმარტების აუცილებლობაზე შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმაც ილაპარაკა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG